piątek, 3 kwietnia 2009

ნატალიას იავნანა ( ნაწილი I )

ერთი პატარა ეზოდან დაიწყო ყველაფერი,მერე მოედო ქალაქს,ქვეყანას და ბოლოს მთელ ოიკუმენეზე გავრცელდა.რა იყო მიზეზი?ძნელი სათქმელია,მაგრამ მოდით თანმიმდევრობით მივყვეთ.
ოიკუმენე და კაცთა სივრცე რაა,უცნაურობები ჯერ კიდევ რამოდენიმე წლით ადრე ვარსკვლავ სოლომონის სისტემის ცხრა პლანეტას შეეტყო.
განსაკუთრებით ღელავდა ყველაზე პატარა,სახელად იავანი.სწორედ მისი ღელვა გადაედო დანარჩენებს.
საქმე იმაშია,რომ იავანის გარშემო, მისი ორბიტის პარალელურად ,უცნაური ენერგეტიკული წარმონაქმნი გაჩნდა,რაღაც ნისლეულის მსგავსი,რომელიც გაურკვეველი და არასასიამოვნო ხმოვანებით, დისკომფორტს უქმნიდა პლანეტის ბინადართ.
ხმაურის ტალღები ნაფლეთ-ნაფლეთ,მაგრამ ერთი მიმართულებით ვრცელდებოდნენ.ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა ,თითქოს ვიღაც განგებ მარცვლავდა სათქმელს,რომ ეს შორეული გზავნილი,ექოთი ატაცებული, ვერ ახსნილიყო და დიდი წინააღმდეგობის მიზეზი გამხდარიყო.ვერავინ ხვდებოდა , საიდან და როგორ აღმოჩნდა ტალღათა ნაკადი იავანის გარშემო.

ხმა კი დანაწევრებული და მომაბეზრებელი არ ცხრებოდა.

გგგ აააა გგგ ააა გგგ აააა დდდ აააა დდდ ეეე ქქქ იიი ქიი ქიი ქიი
გგგ აააა გგგ ააა გგგ აააა დდდ აააა დდდ ეეე ქქქ იიი ქიი ქიი ქიი


იავანი კეთილხმოვან სულდგმულთა ქვეყანა იყო და გარედან შემოღწეული კაკაფონიურ ბგერათა ისტერიული ზეწოლა მათ მიერ ძალადობად აღიქმებოდა.
სივრცემ მოსვენება დაკარგეა,საფრთხის ქვეშ დადგა მათი ცხოვრების წესი, რომელიც უხსოვარი დროიდან თითოეული იავანელის დაძაბული სულიერი შრომით იყო მოპოვებული და ამ განზომილების არსობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა.
იავანში ომები არასოდეც ყოფილა,რადგან პლანეტა სულის კაცთა სივრცეს წარმოადგენდა,სადაც პაექრობა მხოლოდ ფილოსოფიურ რინგზე მიმდინარეობდა. ხმაურის ბადეში მომწყვდეულები გრძნობდნენ,რომ ნელნელა კარგავდნენ წონასწორობას,იმ ფუძეთა ფუძეს ,რომელზეც იყო განფენილი იავანელობა.
ფაქტია ეს მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.იავანელები იცნობდნენ ხმებს,წუთისოფლიდან მათ პლანეტამდე მოღწეულს,მაგრამ ეს არც ქმედებით და არც ხმოვანებით იმათ არ ჰგავდა.დუმდა იავანი, ბაგეშეკრული უსმენდა ბგერათა ამ გაურკვეველ ჭავლს,ერთი შეხედვით არაფრისმთქმელს,მაგრამ ცხადსა და ქმედითს.
იავანისაგან შორს,ქვემოთ, დედამიწაზე ,ქართველთა ქვეყანაში დიდი აურზაური იყო.ორი ათეული წლის განმავლობაში,მოდი-წადის ძახილით დაუღალავი ქართველთა სივრცე კრიახობდა და უკვე მესამე პრეზიდენტის შეცვლას მოითხოვდა.
ქართველები დიდი ნადირობისათვის ემზადებოდნენ.ყველა თავის მწევარ-მდევარს წრთვნიდა.ორ ბანაკად გაყოფილნი არჩევნებისთვის ილესავდნენ კლანჭებს.


ივერთა ტახტზე კი ბენ იაქინების მწვალებელთა ტომის, სააკის გვარის შვილი მი-ხე-ილი იჯდა,ხალხის მიერ მიშად წოდებული.ეს ის მიშა იყო გადადექი,გადადექის ძახილით უსისხლოდ რომ მოვიდა და მერე სისხლის გუბეები დააყენა.უზარმაზარი ჩილიმით ხელში მიშა აბოლებდა დიდს და პატარას.
-მიშა მაგარია!-ყვიროდნენ დაბოლილები.
-გრეჩიხა ჯიგარია!-გაყვიროდნენ ”საღ” ჭკუაზე მყოფნი.
მიშას მოწინააღმდეგე და გრეჩიხას მომხრე, 200 000 კაცის მიზანში გასარტყმელად, ჩახმახს მიკრული, დაძაბული თითი უცებ რომ მოდუნდა, ოპოზიციის სუსტი და უდღეური ფილტვებით გაბერილ,საარჩევნოდ ვითომ გასატკლეცად გამზადებულ, უზარმაზარ ბუშტს იდუმალმა ხელმა ყუნწის ძაფი რომ შეუხსნა , უხმოდ ჩაფუშა და მიწაზე ჩამოფლაშა, ესეც მაგარი მიშას ოინები იყო.
დააპროწიალებდა ოპოზიცია ხალხს ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში.
გამოუშვებდა მიშა ევროპის თვალის ასახვევად,ევროპულ ამუნიციაში დაზმანულ შავრაზმელებს რუსთაველზე , ევროპული დემოკრატიის სახელით,აზიელი ქაჯები დაერეოდნენ ქუჩაში გამოყრილ უკმაყოფილო საზოგადოებას და წავიდა.....
ჯერ ქიმიურად დაამუშავებდნენ და გათიშავდნენ გასათიშს, გადარჩენილებს შარკოს შხაპის დამბრედავი ჭავლით მოცელავდნენ.უსაშველოებს კი კომბლებით დასდევდნენ და სულ სათითაოდ უსწორდებოდნენ, პროპორციით ათი ერთზე.
თავისუფალი სიტყვის მებაირახტე, დემოკრატიული ქვეყნის,კიდევ უფრო დემოკრატიული ტელევიზიებიდან ხალხს მართალი სიტყვა არ დაუმალეს და სიტყვა სიტყვით აუწყეს მთავრობის განზრახულება-სულს ამოგხდით! დედას გიტირებთო!

ვინც ”მეამბოხეებს” უთანაგრძნობდა ,ანუ განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგა,ისე მოურღვიეს პლატფორმაც და სამაუწყებლო სივრცეც, რომ პანჩურ ამორტყმული ტელე და რადიო ჟურნალისტები ყველა ღიობიდან ”ოპტომ” ცვივოდნენ .
ოკუპირებულ სივრცეში მსხვრევა -ნგრევით გახალისებული მიშას ”გვარდია” ერთმანეთს ეშაირებოდა.
-ბადრის რა?-წამოიწყებდა ერთი.
-ამის კვრა!-პასუხობდა მეორე.
-ბადრის რა?
-ამის კვრა!
მაგრად იხალისეს.

შვიდ ნოემბერს ხალხი რომ დაიშალა, დაცარიელებულ რუსთაველზე ერთი დიდყბებიანი ,დინგიანი კაცი ,ქართველთა მტყეპავი დააბიჯებდა ამაყად.
მეკომბლეთა ”დრუჟინის” მეთაური უნდა ყოფილიყო.აღტავებას ვერ მალავდა ”მფრინავ კომბალთა” ოსტატობით აღფრთოვანებული .-ყოჩაღ!ყოჩაღო!-გაიძახოდა.
ქართული არ ესმოდა და ჩინურად ეჩვენებოდა და სწორედ ჩინეთში გააგზავნეს დესპანად.
ჭაჭებ ჩანგრეულებმა , დაოსებილებმა,მაგრამ სულით გაუტეხლებმა რიყეზე გადაინაცვლეს.ახლა იქ ატყდა შენი მოწონებული.

ოპოზიცია ისევ სათავეში მოექცა და შეუპოვრად განაგრძობდა ხალხის დაკვალიანებას.მერე.....მერე უფრო იღბლიანები სახლში აღმოჩნდნენ,ზოგმა საავადმყოფოში ამოყო თავი ზოგმაც ვირის აბანოში.
ერთი მიშა და მისი ”პასაჟირები”იყვნენ მოლხენით , ქვეყნის გადარჩენას და არჩამოშლას ზეიმობდნენ.
იცინის მიშა,იცინის და კვდება სიცილით
-როგორია მიშა?
-მიშა მაგარია!
-რაო, რაო?
-მიშა მა-გა-რი-აააა!
-რაო,რაო?
-მაგარია,მაგარი!
-ვინ,ვინ?
-მიშა! მიშა!
-გრიშა?-
-არა მიშააააა! მიშააააა!
-როგორი უნდა იყო პრეზიდენტი?
-მაგარი.
-ვინ არის მაგარი?
-მიშა!
-მიშა პრეზიდენტია!გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ!

ჰოდა ეს მაგარი მიშა საუკუნეებით ნაცად ციფრებისა და ყურის დამთრევთა მაგიურ ძალას იყენებდა.ხუთიანი იყო მისი ჯადოსნური ციფრი.მის გარშემო მყოფთაც შეაყვარა იგი.ამ ციფრს ისეთი ძალა აღმოაჩნდა,რომ მაშინ ბევრზე იმოქმედა საბედისწეროდ.თუ მთლად მგრძნობელობით ჯავშანში არ იყო ადამიანი ჩასმული და კამეჩის ტყავი არ ჰქ;ონდა გადაკრული,მიშა ითრევდა და ადამიანიც ხუთიანზე ჭედავდა.
ბევრ რამეს ამბოდა ხალხი,ისეთს უცებ რომ იჯერებდნენ და ისეთსაც ძნელად დასაჯერებელი რომ იყო.
იმ მატარებლის ”პასაჟირები”, ალღო რომ აღმოაჩნდათ ,ანუ მიშას თავიდან რომ დაიმგზავრნენ და აგერ უკვე მერამდენე წელია ერთ წრეზე ტრიალებენ იმასაც ამბობენ:
-მიშას გამოცხადება ჰქონდაო.
ალბათ ისეთი ,მაქსენციუსის წინააღმდეგ, Pons Mulvius-ზე ბრძოლის წინ, კონსტანტინე დიდს ჯვარი რომ გამოეცხადება . მიშას -ამ ციფრით გაიმარჯვებო!-ყურში ჩასჩურჩულა იდუმალმა ხმამ.იმის შემდეგ არ იშორებს თურმე ხუთიანს.

ახლა მიშას,რომ შეხედავ,არა ,არა ნატიფი და მგრძნობიარე ძველი ეგვიპტელივით, მიშას კი არა,მიშას ჩრდილს დააკვირდი.
-მიშას ჩრდილი სად დავინახოო?
-ყველგანაა,ყველგან,კაგად თუ გაახელ თვალს.
თუმცა არც დღისით , მზისით გავს მაინც და მაინც დიდ ეზოთერიკოსს და ნუმეროლოგს . ვერც ფერეკიდეობას დააბრალებ და არც იმის მიზეზი ჩანს, დავიჩემო გინდა თუ არა რეინკარნირებული პითაგორააო.
-აბა ხუთიანი ასე რამ შეაყვარაო?- შეიძლება იკითხოს კაცმა.
კაცობრიობის ისტორიამ ბევრი სხვებიც იცის ხუთიანის მოყვარული,სახელმწიფო სიბოლოდ რომ ჰქონდათ და სხვები, შენობაც კი ხუთქიმიანი რომ აქვთ,მაგრამ ამაზე მერე.
მით უმეტეს ძნელი დასაჯერებელია მიშას პითაგორელობა,თუ წარმოიდგენთ,
სპეციალურად მისთვის,გზებზე და გზაჯვარედინებზე,კახელი გლეხის ბოსტანში თუ სადმე პირველივე ფანჩატურში გაშლილ სახელდახელო სუფრაზე დიდი ქვაბით მირთმეულ ხორცეულს ,განსაკუთრებით მწვადს,მიშას მსუნაგობას ;მისი ხელის, ცხვირის ,მწვადის და პირის ურთიერთშეთანხმებულ მოძრაობას , უბრალოდ უნამუსობა იქნება,ეს სპეტაკი, ხორცისმჭამელი კი არა მინდვრის ბარდას სიცოცხლისათვის თავის გამწირავი პითაგორა ასეთი შედარებისათვის გაიმეტო.
მოკლედ დადიოდა მიშა .აქაც იყო ,იქაც .ყველგან იყო , მაგრამ მარტო არსად ყოფილა,დამკვრელებიც თან ახლდა მუდამ.

გახსნა მიშამ პანდორას ყუთი და......
ადამიანის სულის სიღრმეებში დაბუდებული, ყველა ქვენა გრძნობა გააღვიძა. რომ აკიმარებდნენ იმ ბნელი სურვილების უცებ გამოღვიძება აბა ვის გაუკვირდებოდა. ისეთები გამოფხიზლდნენ და ამოძვრნენ საუკუნეები რომ ეძინათ.
შიმშილისაგან მუცელგაბერი და სიცივისაგან ლოყებდამსკდარი აუდიტორია გამეტებით უკრავდა ტაშს იმ იმედით,რომ იქნებ სამსახური დაგვიფასდეს და ცოტა სული ჩვენც მოვითქვათო . თუმცა უნდა ვაღიაროთ ,რომ იყვნენ ისეთებიც რომლებიც გულწრფელნი იყვნენ თავიანთ იდიოტიზმში.

აი რაც შეეხება დოლ- გარმონზე დამკვრელებს,აქ უფრო რთულად იყო საქმე.
რაიონებში მიშა უფრო იოლად გადიოდა და ნაციონალური შესაძლებლობებით იფარგლებოდა,მაგრამ თბილისელი მატრაკვეცებისათვის, ევროპის ძველ კიდობნებში კარგად შენახულ , მაგრამ მოდიდან უკვე გამოსული ესტრადის ვარსკვლავების ჩამოყვანით, შეჭარმაგებული თანამემამულეების ბავშვობის ოცნების ახდენას ცდილობდა და სიბნელეში გაჩენილ -წამოჩიტული ახალგაზრდების დაშტერებას.თუმცა სიმღერის იმპორტთან ერთად იყო ექსპორტის შემთხვევებიც,როცა ჩვენი წვიმამედეგი და ქარიშხალშეუვალი ბიჭები მოძმე ქვეყნის პოლიტიკური სიმტკიცისათვის ,ატლანტებად იდგნენ მეიდანზე.

საგანგებოდ ორფეოსი ჩამოსულა მაშინ თრაკიიდან საქართველოში,კერძოდ სამეგრელოში,სირინოზების დასით.სირინოზებზე ვერაფერს გეტყვით,ეგ საქმე,ანუ ხალხის დასირი-ნოზება, ჯადოსნური სიტყვებით მიშას უკვე მოყომარებული ჰქონდა მაგრამ ორფეოსს ისე უმღერია, კალიოპეს ვაჟს ,ტიროდნენ თურმე მეგრელები.იმასაც თავზე ხელი აუღია და სულ მამისა და თეზევსის გვერდით იხსენიებდა მიშას, ჰერაკლეს ძე,თუმცა სამშობლოში მაინცდამაინს არ მოწონებიათ მისი საქციელი.სიმღერის ტექსტით აღელვებულ მიშას მაშინ უსწავლია ცალი თვალით ტირილი.
ბოლოს ორფეოსს ფული მოუთხოვია.
-როგორ,შენ ხომ ორფეოსი ხარო?-გაიკვირვეს მეგრელებმა.
-თქვენ მე ფული გადამიხადეთ და თუ გინდათ ჯვებე დამიძახეთო.-და თან დაამატა: -აქ ისეთები ვიკადრე, შეიძლება სამშობლოში ვეღარც დავბრუნდე და სულაც გასაქცევად გამიხდეს საქმე,მაგისთვის მინდა ეგ ფულიო.

ამ დროს თბილისში ერთი უცნაური კაცი დადიოდა სახელად ზუმბ-ვავა ,დადიოდა და ყველას აშინებდა.ვარდისფერი იყო,ღაჟღაჟა ლოყებით,ჯვრებით გაწყობილი სამოსი ეცვა.მთელ ტანზე მრავალნაირი საჟღარუნოები , სხვადასხვა ზომის ტამტამები და დიპლიპიტოები ჰქონდა ჩამოკიდებული.თავზე რომ მრგვალი ქუდი ეხურა,ისიც რასაკვირველია ჯვრებით მოქარგული,უცნაური ავგაროზით იყო დამშვენებული,მიმინოს თუ ძერას გამხმარ თავს ჰგავდა.დადიოდა ზუმბ-ვავა და ჟღარუნობდა. ხელში დიდი საცერი ეჭირა და გაიძახოდა:-თექელ,თექელ-ყველას გაგცრითო,-უფარსინ,უფარსინ-ჩენჩოსავით მოგისვრითო,მერე ძალიან გაბრაზებული, წითელი ლაქებით იფარებოდა და ხმამაღლა გაჰყვიროდა -ყუტ-ყუტ,ყუტ-ყუტიო-რაც ქართულად ნიშნავდა -ყველამ ხუთიანი შემოხაზეთ,თორემ დედა გეტირებათო.

ეგ რა არის,ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში უნდა გენახათ რა ხდებოდა.რაღაც მანამდე არგაგონილი პრეპარატით,რომელიც რომელიღაც სამედიცინო თვალსაზრისით უგზო-უკვლოდ განვითარებული ქვეყნიდან ,სპეციალურად საარჩევნოდ ჩამოიტანეს,დაამუშავეს პაციენტები.რამოდენიმე დღის შემდეგ ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილები ,მხოლოდ ქაღალდზე გამოსახული ხუთიანის დანახვაზე ამჟღავნებდნენ სიცოცხლის ნიშნებს და დიდხანს ყურების შემდეგ ხალისობდნენ კიდეც.
საკმარისი იყო ხუთიანის დამალვა , იმავ წუთს უდროობაში იძირებოდნენ და შტერებოდნენ.რასაკვირველია ეს სამედიცინო ექსპერიმენტი გიჟების გახალისებას არ ისახავდა მიზნად.მეორე ეტაპზე ,გამოცდილი სპეციალისტი მათ სიხარულის განცდის დაჭერას ასწავლიდა.დიდი სიხარული,ხუთიანის დანახვით გამოწვეული,რომ არ გაქცეულიყო ის წრეში უნდა მოეთავსებინათ.ავადმყოფებს ჯეროდათ,რომ წრეში მოქცეული,ანუ მარადისობაში გამომწყვდეული ხუთიანი ვერსად წავიდოდა და ისინიც მარადიულად მხიარულები და ბედნიერები იქნებოდნენ.საავადმყოფო, ძაფზე მძივად აცმული ხუთიანების გირლიანდებით დამშვენდა.ყველა ავადმყოფს სასთუმალთან, კედელზე, დიდი წითელი ხუთიანი ეკიდა,რომელიც როგორც თილისმა იცავდა თითოეულს საბედისწერო გადაცდომისაგან .გაიღვიძებდნენ თუ არა შეხედავდნენ ხუთიანს და მერე კიდევ უფრო დიდი სიამოვნების მისაღებად, ხაზავდნენ და ხაზავდნენ,ხუთიანის გარშემო წრეს და იყვნენ გალაღებულები.საკმარისი იყო ,”2” ან”4”,ან ნებისმიერი სხვა ციფრი გეჩვენებინათ და უმალ ითიშებოდნენ.იქ იმ შეურაცხადთა სივრცეში სჯეროდათ,რომ ხუთიანია მათი სიხარულის წყარო,და თუ იგი წრით შემოიხაზებოდა, არაადექვათური განცდის ფსიქო სივრცეში საქართველო უეჭველად გაბრწყინდებოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო დიდი მზადება იყო.მიდიოდა, ძველ მანუსკრიპტებში ამოკითხული,წარმართული შელოცვებით,თუ უკვე გაბრწყინებულ ქვეყნებში აპრობირებული, თანამედროვე წვრთვნის სისტემებით,მწევარისა და განსაკუთრებით მდევარის დაგეშვა.

ეს ყველაფერი შეიძლება კაცმა გაიგოს,რა არ მომხდარა ცოცხალთა ქვეყანაში ,მაგრამ მიცვალებულთა ქცევა ნამდვილად გაოცებას იწვევდა.
საქმე ის არის,რომ საარჩევნოდ სულთა განსასვენებლიდან, ცოცხალთა ქვეყანაში მიცვალებულთა არნახული გადაადგილება შეიმჩნეოდა.მოდიოდნენ გუნდებად ცალცალკე,ისეთმა ხალხმა გადმოკვეთა ყოფნა-არყოფნის საზღვარი,ცოცხალი რომ იყო ,მაშინ რო უჭირდა სიარული და იმდენი ხნის გარდაცვლილი იყო ჭირისუფალსაც აღარ ახსოვდა მათი სახელი.
ახალ გარდაცვლილებზე და საფლავში რომ ჩაყვათ ქვეყანაზე ფიქრი და დარდი იმათზე ვინ ამბობს,მაგათ რა მოასვენებთ ,რაც აქ ნახეს იმის შემდეგ,მაგრამ კერენსკი, ბარონი ვრანგელი , დენიკინი და ”Бело воиско” , მახნოს ტაჩანკა და მისი დევიზი -Бей белых пока не покраснеют! Бей красных пока не побелеют! რომ ახსოვდათ იმ ხალხს რა დაემართა მაინცდამაინც არ იყო მთლად ადვილი გასაგები.
მოკლედ ასე იყო თუ ისე საარჩევნო სიებში ხშირად ნახავდით დიდი ხნის წინ ამ ქვეყნიდან უზენაესის მიერ დეპორტირებულებს,რომელსაც მიშამ ახალი ხვრელი გაუხსნა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსასვლელად , არჩევნებში მონაწილეობის გზით საშუალება მისცა ამ ფიცხელ ომში საკუთარი სახელის ძალით ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხისაგან ეხსნათ.
მაგრამ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებში, კედლებთან სადაც სიები იყო გამოკრული?

გაოცებული ჭირისუფლები ჯერ დაიბნენ, მერე სიხარულის ცრემლებს ღვრიდნენ და ისე უხაროდათ თითქოს მართლა გაუცოცხლა მიშამ მიცვალებული.მერე კედლებთან ყვავილების მიტანა და სანთლების დანთება დაიწყეს. ბოლოს სუფრაც გაიშალა.
იყო საუბარი სასწაულზე ,შესვეს სადღეგრძელო იმ მაგიური ძალისა, რომელმაც ნიკანდროს , ელიჩქას,სოსიკოს ,ერმილეს, ლიზიკოს და ბევრ სხვა დიდ ბებიებს და ბაბუებს რომლებიც ”ცხრაას ხუთში” გარდაიცვალნენ და ვერ მოესწრნენ საქართველოს ვერც პირველ და მით უმეტეს მეორე რესპუბლიკას, მისცა საშუალება თავი დაეღწიათ რუსეთის ცარიზმის კლანჭებიდან და დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად ეგრძნოთ თავი, უპირველესი მონაპოვარით -თავისუფალ არჩევანებში მონაწილეობის უფლებით.

-აი ბატონო მამულიშვილი.არც წყალს ითხოვს,არც მიწას, არც აფხაზეთში ან კიდევ სხვა მიუვალ ადგილებში უნდა დაბრუნება-ფიქრობდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი.
- არც პენსია და მით უმეტეს სადაზღვეო პოლისი უნდა-აღტაცებაში მოდიოდა ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა.
- მაგრამ თუ დაგვჭირდა,ერთ დაძახებაზე რამდენსაც ინატრებ იმდენი გაჩნდება-ოცნებობდა თავდაცვა.
-აი ეს არის იდეალური მოქალაქე-აღფრთოვანებას ვერ მალავდა პრეზიდენტი.

მოკლედ საარჩევნოდ ქვესკნელ -ზესკნელი მიშაზე მუშაობდა.ცოცხლები, დაბეჩავებულნი და უსახსრობით წელში გამწყდარნი ხომ მისი იყო და მისი, ხოლო მას შემდეგ რაც მიცვალებულების გაცოცხლება დაიწყო მის ბედს ძაღლიც არ დაჰყეფთა.
და დაიძრა ცოცხალ-მკვდრების და შეურაცხადთა მთელი არმია საარჩევნო უბნებისაკენ ხუთიანის წრეში ჩასასმელად.შეიქნა ყუთების შეტანა და გამოტანა. გზაზე ცუდად გაჩხერილების და სუნთქვაში ხელის შემშლელების ცემა-ტყეპა, ქაღალდების შრიალი,ზოგის ჩაყრა,ზოგის გადაყრა .ვიღაცას კბენდნენ,ვიღაც ყვიროდა.სადღაც კიოდნენ,სადღაც ჩიოდნენ,მერე ჩხუბობდნენ,ბოლოს ჩაწყნარდნენ და ყველა მიყუჩდა.
ერთი ჯადო კაცი ,მთვლელად მიჩენილი ,ბიულეტენებს საბედისწეროდ აშრიალებდა. მოხდა ის ,რაც უნდა მომხდარიყო.
მიშას მწევრებმაც და განსაკუთრებით მდევრებმა, როგორც შეურაცხადებმა ისე ჯანზე მყოფებმა,ცოცხლებმაც და მკვდრებმაც ველზე მუშაობის სასწაული აჩვენეს.დაიდო ნანადირევი და აღმოჩნდა,რომ მიშას ყველაზე მეტი მოუნადირებია.
მართალია მეორე მხარე აპროტესტებდა-მიშას ამ კალიბრის ტყვიები არ ჰქონდა და ამათ როგორ მოინადირებდაო,ესენი ჩვენი ნასროლით არიან გაფართხალებულიო, -მაგრამ ამაოდ.მიშას მიტანილი ხმები აიწონა საგანგებოდ შერჩეული მთვლელების მიერ, მძიმე გამოდგა, ოპოზიციისა მჩატე.დიდ ნადირობაში გამარჯვება ნაციონელებმა იზეიმეს.

მიშა ევროპულ სტრატეგიას აზიურ-მტარვალური ტაქტიკით ცხოველყოფდა,
ოპოზიციას კი ვერა და ვერ გადაელახა საკუთარ ცნობიერებაში ტრადიციონალიზმი და ბიზანტიურ ფსიქო სივრცეში ჩარჩენილი ,საპროტესტოდ ,იპოდრომზე შეკრებისაკენ მოუწოდებდა მშრალზე დარჩნილ თავის მომხრეებს.
მიშა ემელიანესავით სულ წითელ ლენტებში იყო ჩასმული, ოპოზიცია იპოდრომზე სისპეტაკესა და თეთრ მოძრაობას განასახიერებდა,ყელზე ,ხელზე შებმული თეთრი სახვევებით.
ვინც დაიგეშა,დაიგეშა და ვინც დანებდა დანებდა ,ვინც არა, თავის ალღოსა და ოპოზიციის პოლიტიკურ გამჭრიახობას მინდობილი ქუჩაში გამოცვივდა, შეურაცხყოფილი და აღშფოთებული.
ზოგმა მოიშუშა ნახეთქი და ნაჟეჟი ორგანოები ,დამტვრეული კიდურები,ზოგმაც ვერა,მაგრად მაინც ,მიუხედავად სიცივისა,ხალხი მოდიოდა და მოდოიდა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის სისხლისმღვრელი ბრძოლების 2500 წლიან ისტორიას არ ახსოვს ,ბრძოლის ველზე, 200 000 ქართველის ერთად და ერთი დროშის ქვეშ დგომა,მაშინაც კი, როცა ქართველთა რიცხვი სამჯერ და ოთხჯერ აჭარბებდა დღევანდელს.

სახალხო ლაშქარს წინ ხალხის რჩეულები მიუძღოდნენ.როგორც ზემოთ მოგახსენეთ თეთრი ყელსახვევებითა და ხელსახვევებით.
დავითნი და დავითაშვილი,ლევანი,გიორგი,ზვიადი,გუბაზი,კონსტანტინე,
კახაბერი და სხვანნი მრავალნი.ლიდერობის მსურველთა ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობოდა.
არა, არა,არც ერთი დავითი არ იყო აღმაშენებელი,არც ახალციხელი იყო შალვა.შალვა ახალციხელი კი არა ნათელაშვილიც არ იყო იქ. მაშინ შალიკოს უშიშროებამ ისეთი რამე დააბრალა მისი რუსულით ძნელად რომ წარმოიდგენს კაცი.
შეიქმნა ფილმი,რომლის დამდგმელ რეჟისორს პატარა და პირზე ძლივს შესამჩნევი ტუჩები ჰქონდა.ტუჩები კი იყო პატარა და შეუმჩნეველი,მაგრამ ტყუილი იყო დიდი და თვალშისაცემი.
ენერგიულად ცმაცუნებდნენ ტუჩები და საზოგადოებას აუწყებდნენ ბატონი შალიკოს ძირგამომთხრელ საქმიანობაზე. აი საბუთიც,რომლის მოპოვებისათვის ბევრს თუ არა ,ერთს მაინც დაუგრძელდებოდა ჩასაფრებული ყური.ამ ორი მოსაუბრიდან ერთი , ერის ”გამყიდველი” შალვაა, მეორე რუსეთის საელჩოს თანამშრომლის სახელს ამოფარებული რეზიდენტი ,ვინმე ნიკოლაი ივანოვიჩი.

ნათელაშვილი-ზდრასტვუიტე ნიკოლაი ივანოვიჩ!
ნიკოლაი ივანოვიჩი-Здравствуйте,здравствуйте!
ნათელაშვილი-პოჩემუ ნე პრიხოდიტე კ ნას?მი ბილი კ ვას.ვამ ნებილო დომოი . ნიკოლაი ივანოვიჩი-Ну, я завтра уезжаю , так что прощайте Шалва Михаилович.
ნათელაშვილი-დოსვიდანიე,დოსვიდანიე.
მორჩა კინო.

კინო კი მორჩა ,მაგრამ ლეიბორისტების ლიდერს, მოუწია დროებით ფუღუროში შეძრომა.მერე ვერც იქ მოუსვენია . სთხოვდა თურმე სააკაშვილს- გამომიშვი თუ კაცი ხარ ,ეგენი ვერაფერს ვერ მოახერხებენ, მე ვარ მხოლოდ შენი პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავნიო,მე უნდა დაგასამაროო,პოლიტიკურად.მარა თუ გაწყრა ღმერთი და მაგათმა შენი გადაგდება უჩემოდ მოახერხეს,რას მიშვები მერე, ამდენი შრომა ხომ ჩამეყარა წყალშიო. რაც მე და ჩემს პარტიას ოფლი გვაქვს დაღვრილი ტარიფებთან და სხვადასხვა მოდელის ამომრტყმელ თუ ჩამრტყმელ საკასო თუ აირის მრიცხველ- აღმრიცხველებთან ბრძოლაში ,ამის ღირსი ნამდვილად არა ვარო.ისე კაცმა რომ თქვას ერთი გეიგერის მრიცხველის მუშაობაში არ ჩარეულა შალიკო თორემ ,ნაციონალებს სკინტლის მიხედვით ფრთა ფრინველის დათვლა და მასზე გადასახადის შემოღება რომ მოუნდათ,კარგად მახსოვს მაშინ, ინდაურების გვერდზეც მხოლოდ შრომის პარტია იდგა.

მიშა ხომ უშიშია ვითარცა უხორცო და არც მამალ მგელს უფრთხის . შეუთვალა ნათელაშვილს.
-კარგი ჰო გამოდი,ნუ ტირი!არაფერს გიზამო.-ეს მიშას სიტყვებია.
ხომ კარგად ჩანს რა ”სამადლოდ” გამოუშვია ნათელაშვილი.მაგრამ არ მინდა შემეშალოს,მგონი მიშას ინფორმაციით შალიკო ფუღუროში კი არა ჩირგვში იჯდა.ისე ვერ დავიჩემებ,რაც მართალი მართალია, ჩირგვის და ჩირგვში რომ ზის იმის ამბავი, მიშამ უკეთ იცის, ვერავინ შეეცილება და მისი ნათქვამი მგონი უფერო სარწმუნო უნდა იყოს.

მაგრამ ეს ყველაფერი მერე იყო.ბატონი შალვა,რომელიც , არ არის ახალციხელი,
საბრძოლო მოქმედებების თეატრის სცენაზე სწორედ ამ საპატიო მიზეზით არ ჩანდა.ისე სულით და გულით მშრომელ ხალხთან იყო შრომის პარტიის ბელადი.
კიდევ უფრო საპატიო მიზეზით არ იყო გუბაზ მეფე ,მის მაგივრად იყო დიდი გუბაზი.მეფე გიორგის, ბრწყივალედ წოდებულს პადოშა შეენაცვლა(გიორგი თორთლაძე)
ეს ის პადოშაა სააკაშვილს ადრე კილიმანჯაროს დასაპყრობად რომ ეპატიჟებოდა. მერე ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა-არა მთლად ერთ თოკზე მაგასთან ერთად ვერ ჩავებმებიო -და სიმაღლეს მეორე მხრიდან მოუარა.
კონსტენტინე -კოკომ შეცვალა,ზვიადიც არსად ჩანდა ქართველთა სპასალარი,მაგრამ იყო ძიძიგური,ჩოხაში და მიმინოთი ხელში.ისე იყო დარწმუნებული,რომ მიშას და მის ხროვას სახლში გააბუნძულებდა,როგორც იმაში,რომ თავად კონსერვატორია.
ლაშქარს გრეჩიხა მხედართმთავრობდა ჯიგრულად,მას გვერდს უმშვენებდა აწ ნაცნობი-უცნობი დამკვრელებით და თეთრი ყელსახვევით.

იყო კუკავა,გუგავა,ჯონდი,ტყლაშაძე და ბესელია, მაია წყნეთელისა და თამარ ვაშლოვნელის მაგივრად , მრავალნი სხვანნი და ერთი ფრანკი ჯვაროსანი.
შავ-თეთრ ზოლებიანი,მოფრიალე ”ბოსეანის”ფონზე წინ წამოწეული ყველას აგულიანებდა -”ნუ გეშინიათუ,ევროპა,ბერნარ კლერვონელი, დიდი მაგისტრი ჰუგო პეინი,სრულიად წმინდა მხედრობა და ტამპლიერები თქვენთან ვართუ! ყველა ჯოჯოს და ქაჯს გავყრითუ! თქვენ ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ,ქაჯები კი არ მოდიან ,ქაჯები მიდიანუ.”
ხალხი წყალუხვ მდინარესავით მოედინებოდა .
უბანში რა ხდებოდა ის უნდა გენახათ.დაირაზმნენ და ყველანი იპოდრომისაკენ დაიძვრნენ.
გრეჩიხას გვერდით მაშინ ჩემი უბნიდანაც წავიდნენ ბიჭები .აი ისინიც:
ბარანა,ბუალა,ქლირო, ფაცუილა,შავი ბაბო, , გიალო,მიხუილა, ,გუგულა და ხათუნას თამაზი.სულ რჩეულები.იმ უბნის ნაღები საზოგადოება ,ტოტალიზატორის ლომები. ლარზე მეტს რომ ვერ დებენ ერთ დადებაზე .ასის მოგება რომ უნდათ და რომ ვერ იგებენ ლარში -ასს,მაგრად რო უტყდებათ. რაზმს ბარანა ყოჩობდა.ბიჭებს აეკიდნენ კუკუ და კარდანა,უბნის ძაღლები,ამათზე მერე მოვყვები,სხვა რამე არ იფიქროთ,ესენი მართლა ძაღლები არიან.
ბიჭებს აივნიდან, მიტინგზე სხვადასხვა მიზეზით ვერ მიმავალი, საზოგადოება აცილებდა და აგულიანებდა.

-ფაცუილა! ბიჭო ფაცკუნა! გამოიხედე აქეთ!-მონარქია მოითხოვე იცოდე! არ მინდა მე პრეზიდენტი და რესპუბლიკა.-ჭკუას არიგებდა შვილიშვილს დიდი ფაცკუ, ფარნაოზ ორბრლიანი.
-რატომ?მერე ,რომ თქვენ დახოცოთ ერთმანეთი?არ მინდა !მე მინდა რესპუბლიკა,
საპარლამენტო!-დააზუსტა ქვეყნის კონსტიტუციური წყობა ფაცკუნამ.
-ფუი!რა უნდა გელაპარაკო? უჯიშო ხარ,უჯიშო.
-ნუ გეშინია ფაცუ ბაბუა მონარქია მე მინდა.
-რომელი ხარ ბიჭო შენ?-ზემოდან ვერ დაინახა მოხუცმა.
-ბუალა ვარ, ბარბაქაძეების ბუალა.
-ყოჩაღ შენ ბუალა.ნამდვილი სახელი რა გქვია შენ?
-ყარამანი.
-რა?ყარამანი?ჰი,ჰი,ჰი-არ ვიცოდი.ისე რა ყარამანი შენ ხარ მარა..ბიჭო ვინ დაგარქვა შენ ყარამანი ,მამაშენმა რაჟდენამ?
-არა ბაბუაჩემმა ყარამანმა.
-მერე ისიც მოკლე იყო?
-არა დიდი იყო ძალიან დიდი.
-კი მარა ,ბუალა რატომღა ხარ?ვის უნდა ებუალო შენ?...
ბუალას არაფერი უთქვამს.
-ჰო კარგი,თვინიერი ბუნებისა ხარ გეტყობა,პოლიტიკური ხედვაც სწორი გაქვს და შენ, რომც იბუალო ამაში ცუდი არაფერია.იმას არაფერი შველის.ფარნაოზ ორბელიანია,მეტი რა მექნა კაცო.-სინანულით გახედა ფარნაოზმა შვილიშვილს.-ან რესპუბლიკა რა იცი შენ და ან მონარქია -ხელი ჩაიქნია მოხუცმა და აივნის კარებს მიეფარა.
ვაჟკაცებს არც დედაკაცები ჩამორჩნენ.
ქალებს წინ ძუძუ დეიდა მიუძღვოდა,მას დიდი ძუძუები აქვს და ტაქტიკური მოსაზრებით , უბნის მომიტინგეებმა, წინა პლანზე განთესეს.
უკან მოდიოდნენ ციალა,ლიზიკო,ცეტკინა,ეს კლარა არ არის სახელი აქვს ასეთი, მერი,ცისანა და ამურის მარიკო .
შემდეგი პოზიცია ლტოლვილებს ეკავათ მოგელი შელიას ხელმძღვანელობით.
მას რაღაც საგანგებოდ დახვეული ეჭირა ხელში და არავის აჩვენებდა.
-იქ რომ გავშლი ყველა დაინახავს და მათ შორის თქვენცო.
ყველაზე ბოლოს რაზმს ტრაბახით,გულზე სტალინის სურათით, მრავალი მედლით და შიგადაშიგ კუებით ნელ-ნელა მოყვებოდნენ ოთხმოცდაათ წელს მიტანებული პაპაშა მამრაძე და აკას ბაბუა აპა,ორივე ”ფრონტავიკი” და ეგორის პარტიის წევრი.ამ შემადგენლობას აკლდა ესიკო სიხარულიძე,სოსოიას ბაბუა,რომელმაც მოუბოდიშა პაპაშას და აპას;
-ვერ მოვდივარ . სოსოიამ გუშინ ბორში რომ მაჭამა იმის მერე დეიკარგა,არ მინახავს, მარგალიტა მორიგეა დღეს და სახლს მარტო ვერ დავტოვებო.

აპა ბაბუა ესიკოზეც გაბრაზდა და საერთოდ არავინ არ მოსწონდა,არც მთავრობა და არც საკუთარი შვილიშვილი.მთავრობა იმიტომ,რომ გენერალური კურსიდან იყო გადამცდარი.
შვილიშვილზე კი მაგრად იყო გაბრაზებული მას შემდეგ,რაც მისი ”ვოლგა”, ჩალისფასად მიყიდა მეზობელ თხუნელას,თხუნელაც კაცია სხვა რამ არ გეგონოთ,მერე კიდევ ფული დაამატა და მერსედესი იყიდა.
-ამისთვის ვიბრძოდი მე ფრონტზე?-ჯერ პერვი ბელარუსკიზე და მერე ვტაროი უკრაინსკიზეო?-ეგ ფაშისტების გაკეთებული და თან მაგათი ნახმარი მანქანა,რომ გეყიდაო?თუ მაინც და მაინც სამამულო და შენი არ გინდა,”რენო” ან ”სიტროენი” მოგეყვანა,რაც არ უნდა იყოს სოიუზნიკების გაკეთებულიაო .

იპოდრომი ხალხით აივსო,იქ ვერ დაეტია,მიმდებარე ფერდებს შეეფინა ,შესასვლელ-გასასვლელი ჩახერგა და ტრასაზე გაიშალა. მიტინგი დაიწყო.

მიტინგის ყველა მონაწილე ერთსულოვანი იყო შეფასებაში,რომ სახელმწიფოს მმართვის სადავეები მტარვალს , ქვეყნის ორგულს და დამაქცევას უპყრია ხელთ და თანაც მაგრად არის ჩაბღაუჭებული.მომავლის საკეთებელში ეჭედებოდათ თორემ,
სააკაშვილი რომ უნდა დაემხოთ და თანაც კონსტიტუციურად ამას წყალი არ გაუვიდოდა.

-კარგი ბატონო მაგრამ რომ არ მიდის?-მიტინგის ერთმა დაბნეულმა მონაწილე ქალბატონმა შესჩივლა გვერდით მდგომ მამაკაცს ,რომელსაც ტანზე ”დუბლიონკა” ეცვა, წინდებამოცმული ფეხები კი შავი ლაკის ცხვირწაჭრილ ფეხსაცმელში ჰქონდა შეყოფილი.
-რას ქვია არ მიდის?!-მაგას ვინ ეკითხება?-გაბრაზდა დუბლიონკიანი და ლაკის ”ბასანოშკიანი” ფეხი წინ წამოწია,მრისხანების დასაფიქსირებლად.
-არ მიდის ბატონო და....-დაბნეულმა ქალბატონმა ახლა შეამჩნია ბასანოშკები და კიდევ უფრო შესცივდა.-არ გცივათ?
-არა ,ფეხები მიხურს. წავა!თუ არ წავა სად წავა?!.-კაცი ქალს საერთოდ არასამიტინგო განწყობით და სრულიად არაპოლიტიკური მიზნით მიაშტერდა.
-მერე როდის?-ქალმა ისე უსაშველოდ დასვა კითხვა კაცს ულაყობის სურვილი გადაუვარდა და ისევ საქვეყნო საქმეს დაუბრუნდა.
-მომისმინე,ეგერ ე,იმან იცის ყველაფერი.ეგ ისეთი პარტიაა ,სააკაშვილი როდის წავა კი არა ,მეორედ მოსვლის ამბები იცის ზეპირად.სასძლო კაცია,სიძემ დაიგვიანა ქვია.მძლეველი ხომ გაგიგია? აი ეგ არის.ვინ გადარჩება,დანარჩენები რა დღეში ჩაეყრებიან,ყველაფერი იცის.აი,ე,იმან,ჭრელი კაშნე რომ აქვს შემოხვეული-სიძემ დაიგვიანა.მიდი!

-ოჰ,მაგას ვიცნობ,შარშან უნდა დაქცეულიყო ქვეყანა თუ სააკაშვილი არ გადადგებოდა.
-მერე?
-არ დაიქცა.ეგ არა, მე ისეთი ადამიანი მინდა, რომ დამიმტკიცოს,დამისაბუთოს,
სააკაშვილის გადაყენება რომ რეალურად შესაძლებელია.მაშინ დავწყნარდები.
-თუ ვერ დაგიმტკიცეს,ვერ დაწყნარდებით?
-ვერა იცით ღამე არ მძინავს.
-რამე სხვა ხერხი რომ ვცადოთ?-ისევ მყვირალობაში გადავარდა კაცი.
ქალმა კიდევ ერთხელ დახედა კაცს ფეხებზე,ლაკის ” ბასანოშკები” ერთმანეთს მიკროდა და თითქოს ეხმარებოდნენ მთლიან სხეულს უანგარო მზადყოფნის გაცხადებაში.

ხალხი დიქტატორის ჩამოგდებას და ტახტზე გრეჩიხას დასმას ითხოვდა,რომელიც თავისი მხრივ ფიცს სდებდა,რომ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ , თავისი ხელით დალეწავდა პრეზიდენტის სავარძელს,თავისი ნებით იტყოდა უარს ხელმწიფობაზე,ქართველებს დაუტოვებდა გადასარევ კანონებს,დაავალდებულებდა მათ შესრულებას.ფიცოქროთი დაამტკიცებდა და დაგინებით განამტკიცებდა პირობას,რომ მის ჩამოსვლამდე, ამ კანონთა აღმსრულებლები იქნებოდნენ ქართველები. შემდგომ ამისა თავად გადაიხვეწებოდა ევროპის ან მსოფლიოს რომელიმე აყვავებულ ქვეყანაში და მანამ არ დაბრუნდებოდა,სანამ საქართველო ,მის მიერ შექმნილ კანონთა მორჩილი, არ გაბრწყინდებოდა.

ააღელვა ხალხი წინამძღოლის ესოდენ თავგანწირვამ.ვერ მიხვდა ბევრი,თორემ ლიკურგე იდგა მათ წინ ,რეინკარნირებული და იპოდრომზე გამოცხადებული.
ცაში აწვდილი 200000 მუშტი,ზოგიც 300000 -იო ამბობს, საბედისწეროდ ირხეოდა და ერთხმად გაიძახოდა:
მიშა წა-დი! წა-დი! წა-დი!

მიტინგის მსვლელობისას ორი ძირითადი ფაზა გამოიყო.
პირველი ნაწილი,რომლის ხანგრძლივობა და ემოციური ტონი ცალსახად ექვივალენტური იყო მიშას სახელმწიფოებრივი ხედვის ”ორიგინალობისა” და ქმედებების ”ექსცენტრიულობისა”, ხალხს გამწარებით აბღავლებდა -წადი! წადიო!

ლიდერები ყურებს არ უჯერებდნენ და თვალებს ხშირხშირად ქაჩავდნენ,ეს შვიდ ნოემბერს ნაბეგვი ხალხი როგორ დგებოდა ყალყზე და როგორ იწევდა ისევ პარლამენტის შენობისკენ.თვალი და ყური, და რაც მთავარია გული ვერ ძღებოდა მტარვალისა და ხალხის დამარბევალის ლანძღვითა და გინებით.

წინამძღოლები ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და მალმალე ახსენებდნენ ხელისუფლების მიერ ჩადენილ არა მარტო ანტიკონსტიტუციურ ,არამედ ჰუმანურობის, ადამიანურობის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებს.
მოჰყავდათ კონკრეტული კრიმინალური ფაქტები,მკვლელობის ,სახელმწიფო რეკეტის,მიშას ქუსლს ქვეშ შეყუჟული სასამართლოს უსამართლობის,
კეთილსინდისიერ ბიზნესმენთა დაყაჩაღების.

ქათმის,”ბულკის” და ცალი კალოშის მომპარავთა მიმართ გამოჩენილმა არგაგონილმა სისასტიკემ თავად გამომსვლელები აატირა,განსაკუთრებით ერთი სათვალებიანი ახალგაზრდა ოპოზიციონერი იღვრებოდა ცრემლად.

სააკაშვილის მთავრობის უცილობელი განადგურებით იმუქრებოდნენ საკანონმდებლო წესთა და კანონთა კრებულის პუნქტები,ქვეპუნქტები , მათზე ზედდართული შესწორებები, მერე ამ შესწორებებზე დართული დანართნი და ჩანართნი.მოკლედ იდგა იურიდიულ ტერმინთა ჭახა-ჭუხი .

მაგრამ ამ გაურკვეველობის ვაკხანალიაში, სადაც ყველაზე ხშირად და დიდი პათეთიკით გაისმოდა- კონსტიტუცია ,საპარლამენტო რესპუბლიკა,დამოუკიდებელი სასამართო,თავისუფალი მედია,ადამიანთა უფლებები და სხვა ამგვარი ხურმის სახელები,ნელ-ნელა ირკვეოდა ერთი რამ,რომ მაინც და მაინც არც ოპოზიცია უნდა იყვეს გარკვეული და ისიც ხელის ცეცებით მიიკვლევს გზას ბნელეთში.
ექვსივე ბრუნვაში ნაბრუნები და ყოველ მათგანში გათახსირებული პრეზიდენტის სახელის, წოდებით ბრუნვაში ჩაყენებამ ,სულ გადარია საზოგადოება და ხალხით გაჭედილმა სივრცემ კიდევ ერთად იხუვლა-მიშავ წადიიიიიი!წადიიიიიი!
-მზად ხართ!-დაბერა კისრის ძარღვები წინამძღოლმა და ყვირილისაგან ჩახლეჩილ ხმას ხრინწი გაეპარა.
-მზად ვართ!-გაისმა ექოდ.
-დავამხოთ ეს მთავრობა?
-დავამხოთ,დავამხოთ!
-ოღონდ კონსტიტუციურად?!-უკვე მერამდენე,საკონტროლო გასროლას აკეთებდა მხედართმთავარი.
-დავამხოთ,დავამხოთ!
ეს მიტინგის აპოგეა იყო.
ძალიან ბევრი იყო ხალხი.იმაზე მეტი მთავრობის დამხობას რომ უნდოდა კონსტიტუციურ სივრვიდან გამოუსვლელად.
-ვართ მზად სიცოცხლე შევწიროთ სამშობლოს,თუ ამას საქმე მოითხოვს?სისხლი დავღვაროთ!მზად ხართ?
-ვართ.ვართ.
სისხლის გაგონებაზე გუგულამ იგრძნო,რომ ვერ არის რაღაც კარგად და ჰაერიც არ ყოფნის.
-ბოჭო გიუშ ვერ ვარ კარგად.
-ვერ ხარ კარგად?
-კარგად,რომ ვიყო აქ რა მინდა ტო?-დაამშვიდა მეგობარი ფაცქიამ.მოკლედ ნუ გეშინია მეც ცუდად ვარო.
-მაგობარო ცოტა მიიწიე რა ,ჰაერი არ ყოფნის გუგულას.
კაცი არ განძრეულა.
-ძუძუ დეიდა!ძუძუ დეიდა! -ერთხმად შეყვირეს უბნელებმა.
-აქ ვარ ბიჭებო ,რა იყო?
-გადმოდი რა ერთი აქეთ.აქ სუნთქვაში გვიშლიან და მიგვიხედე აქაურობას.
იმ ზოლში რომელშიც ძუძუ დეიდა მოძრაობდა ჩოჩქოლი ატყდა.ის თავისი უსაშველოდ დიდი ძუძუებით ,ყინულმჭრელივით აპობდა ხალხის დაჯგუფებებს და ბიჭებისკენ მოიწევდა.
-აბა ერთი მიიწიეთ.-როგორც ბილდას ტერიტორიის ძველი ნაგებობებისაგან გასათავისუფლებლად ,ისე ხმარობდა ძუძუდეიდა თავის ძუძუებს.
მეტრნახევრის რადიუსით ტერიტორია გაანთავისუფლა,საკრალური წრე შემოხაზა და გუგულასთან მივიდა.
-როგორ ხარ ჩიტო,ჩემო ჩიტუნია.
ქალი აშკარად აღელვებული ჩანდა.გუგულასთან მივიდა მკლავებით ბიჯგები შეუყენა,რომ არ წაქცეულიყო,თან ჩიტო ჩიტოო გაიძახოდა.
გუგულა გაიტრუნა , მომკვდარუნდა და ძუძუ დეიდას ძუძუებზე დაასვენა
სხვადასხვა არალეგალურ და არასანქციონირებულ ნივთიერებათა მიღებისაგან მთლად გამოლაყებული თავი.
-მაგას ჩიტო კი არა გუგულა ქვია .-შეუსწორა ფაცუილამ.
-მერე ბიჭო,მერე,გუგული ჩიტი არაა?-არ დაიბნა ქალი.
-გუგული ჩიტია?-იკითხა ბარანამ
-აბა ცხოველია?-გაიკვირვა გიალომ.
-არა,ვსმისლე ,ფრინველია თუ ჩიტი თქო.
-ჩიტი ფრინველია,გუგულიც ფრინველია,ე.ი. გუგული ჩიტია.
-საღოლ ძმაო.გეტყობა დასვენებული რომ გაქვს ორგანიზმი.
-ე,ვოე,მიტინგის ხელმძღვანელობავ!რას ვშვებით ახლა დროზე!-ვეღარ ითმენდა ფაცქია.
დანარჩენები კი თავისთვის ტკეპნიდნენ ადგილს.
-არაფერი არ გამოვა თუ არ შეასკდი.
-ხო რა .ან ფარზე ან ფარით!
-ფარზე ერთი გვყავს ყკვე.
-ლიჩნად მე სახლში მინდა.
-აბა რისთვის წამოხვედი?
-თქვენ რომ არ დაგეწყოთ მერე რაღაცეები.წამოხვედით და წამოვედი.ვერ ხედავ რა რიჟა ბაზარია.ვერ გაქაჩავენ ესენი.
-რატომ ?
-ხოდა უნდა ამ საქმეს ხოდა.
-მიშამ რომ ქნა,რა მაგარი ხოდაა.
-მიშა ტურაა ტაბაკა და შერხანი ყავს ბუჩქებში დამალული.
-მერე,შენ რა გინდა თქვა,რომ არაფერი გვეშველება?
-ჯერ ჯერობით არა.
-მაგას როდის მიხვდი?
-ადრეც მეეჭვებოდა,მაგრამ დღეს დავრწმუნდი.
-არაფერი,უნდა დავრჩეთ ბოლომდე და იქ გამოჩნდება.
-ე,ბიჭო უთხარი გუგულას ,მთლად ნუ დასირდება და ჩამოვიდეს მაგ ლაფეტიდან.ძაღლები მოვძებნოთ .ბუალა,შავი ბაბო, გუგულა, კუკუ და კარდანა სახლში წავიდნენ,ჩვენ დავრჩეთ ბოლომდე.
-მართალი ხარ.ისე შავი ბაბო ბაქო ჯეიხანის მარშრუტზე ,მგონი ყველა ციხეშია ნაჯდომი.
-ჰო და მაგიტომაც დაბრუნდეს სახლში.
ფაცუილამ ძუძუ დეიდას გახედა.
-მაინც რამხელა აქვს ჩემი.
-მაგის ბიუზგალტერიდან ორი კარგი სვანური ქუდი გაკეთდება,აი ისეთი, კაი მამალ თავს რომ მოერგება.-გაეღიმა ბარანას.
მიტინგი გრძელდებოდა.
-მაშ ვართ მზად?
-მზად ვართ!
ხალხმა ისეთი ერთსულოვნებით და რიხიანად გააცხადა მზადყოფნა ,რომ გუგულა სხვისი დახმარების გარეშე ჩამოვარდა ძუძუებიდან,მხედართმთავარმა კი თავისთვის ჩაიბურტყუნა:
-ჰო,მზად იყავით, მზად!
მერე ორატორები ცოტახნით ჩაჩუმდნენ.
კონსტიტუციურ სივრცეში გამომწყვდეულმა მიტინგმა აშკარად ”ბუქსაობა” დაიწყო.
თითქოს ყველაფერი იყო.იყო მტერი ,იყვნენ ბელადები და საბრძოლველად შეყრილი ხალხი,და მაინ ყველაფერ ამას აკლდა ის ყველაზე მთავარი ,რომელიც თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა და წესს მისცემდა.

ტრიბუნაზე ახალი ორატორი გამოჩნდა.ეს შკარად უფრო დასვენებული ჩანდა.
-შვიდი ნოემბერი ხომ გვახსოვს?
-გვახსოვს,გვახსოვს!
-მანამდე რომ იყო ისიც ხომ გახსოვთ?ხომ გახსოვთ რა დაგვემართა ამ ოცი წლის მანძილზე.
-გვახსოვს!-წამოიყვირეს აქა იქ,რადგან მანამდე იმდენი რამე იყო,ვერ გაიგო ხალხმა რომელ ერთზე იყო მინიშნება და რა უნდა გაეხსენებინათ განსაკუთრებით.

აი მაშინ რაღას გაიბზარა. მახსოვრობაში არ იყო ერთობა. რადგან მანამდე რაც იყო, ის ყველას სხვადასხვაგვარად ახსოვდა.

ხალხის მზადყოფნაში დარწმუნებულმა ,მაგრამ საკუთარში დაეჭვებულმა ოპოზიციამ, რომელმაც ამდენ ყვირილში ბოლიც გამოუშვა და იმასაც კარგად ხედავდა,რომ მიშასთან ხორუმის ცეკვით და ბერიკაობით ვერაფერს გახდებოდა, შეეცადა მიტინგი მეორე, დამამთავრებელ ფაზაში გადაეყვანა.

ხალხში ორიფლეიმები და ხორუგვები გამოჩნდა მოწოდებებით.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
ეს მოწოდება ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო და თვალსაჩინო.
მაგრამ პოლიტპატიმრებს,რომლებსაც ხალხის მასიდან ჰქონდათ თავი ამოყოფილი,სურათებიდან ისე იბღვირებოდნენ,მათი გამოშვება,თუ მათ პირადად არ იცნობდი ,არ მოგინდებოდა.
გარდა კოლექტიური ჭირისუფლებისა იყვნენ ინდივიდუალურად მომთხოვნ-მომჩივანნიც,კონკრეტული მოთხოვნებით.

მიშა გამოუშვი ტარზანა!
გაანთავისუფლეთ კიჭა,რომელიც უდანაშაულოა!
დაცალეთ ციხეები!

ჭირისუფლები ყველა იმ პატიმრის გამოშვებას ითხოვდნენ ,რომელსაც პრეზიდენტი საარჩევნოდ განთავისუფლებას დაპირდა და მოატყუა.
მო;გვხედეთ ატსტუპნიკებს!ვიღუპებით!
ასი წლის წინ დაწყებული უბედურების ,დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვდა მოქალაქეთა ჯგუფი.
გრძელი ტრანსპარანტი , ორ დიდსათვალებიან და ცერებზე წამომდგარ ქალბატონს, ეჭირა.
მიხედეთ 152-ე სკოლას!დირექტორი მავნებელია!
დამიბრუნეთ ჩემი სახლი კინდღში-მოგელი შელია!

-ვა ეს შენი სახლია ტო?-გაიკვირვა ბუალამ,რომელიც მოგელი შელიას ტრანსპარანტს მიშტერებოდა.
-ჩემია,აბა ვისია.ხომ ხედავ რა ”დვარეცია” და რა ცხოვრება მქონდა.აბა სულ ასეთი მათხოვარი კი არ ვიყავი.უჰ,დიდაშ მაპილარი!-ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბურტყუნა მოგელიმ.
-ნახე,რომ არ გვაჩვენებდა რა ქარვასლა ჰქონია?-თავით სურათისაკენ მიატრიალა ძმაბიჭი ქლირომ.
-აბაააა!-გაიკვირვა შავმა ბაბომ.
-ბიჭო !შენ აბა კი არა ,მოძებნე კუკუ და კარდანა,აქეთ იქედან ამოიყენე გუგულა და ბუალა და დავაი სახლისაკენ.
-რატომ ტო?
-იმიტომ.შენ ხომ იცი მე ტყუილად არ ვლაპარაკობ.ასე ჯობია ძმაკუშ.
ზოგი ვიწრო გასტრონომიულ სივრცეს ვერ სცდებოდა.
წვრილ ჯოხზე მიმაგრაბულ ქაღალდზე აკანკალებული ხელით მიეწერა:
მ შ ი ა!
ჭამასთან დაკავშირებული იყო ასეთი მოწოდებაც:
ძირს კაციჭამია მიშა!
-რა არის ეს ქალბატონო,მიშას კაციც ყავს კაცო შეჭმული?დია?-მღელვარებას ვერ ფარავდა საგანგებოდ მიტინგზე დასასწრებად ონტოფოდან ჩამოსული ჭარმაგი მამაკაცი.
-არა,ეხლა პირდაპირ შეჭმული ყავსო ვერ ვიტყვი ,მაგრამ ...რა არა ვართ შეჭმული?
დასვა კითხვა ქალბატონმა და გამომცდელად მიაშტერდა ჩოხაში გამოწყობილ, აწოწილ ხმელ მეგრელს. ”აზიაცკებში” გამოკრული მაღალი წვრილი წვივები და გასაოცარი ციფერი თვალები შეუცდომლად მიანიშნებდნენ მის იაფეტელობაზე.
-როგორ არა ქალბატონო.შეჭმული კი არა,ჩვენ დაღეჭილები ვარ და მერე გადმოფურთხებული,დასაღეჭადაც ვერ ვივარგეთ, იმიტომ რომ ბებრები ვართ, უკაცრავად თქვენ ჯვარი გწერიათ,ჩვენ ვარ ასეთი, ხორცი გვაქვს მაგარი.
ქალი გააოცა პროვინციელის აზროვნების სიმახვილემ.
-დიახ,დიახ,დაღეჭილები ,გადმოფურთხებული და მერე....მერე... ჩარეცხილები-გაუხარდა ქალს ლექსიკურად სწორი შესატყვილის პოვნა.
-გადასარევია ქალბატონო!რა დიდებულად თქვით.

ამ ადგილას ამოწვდილ და სარზე წამოცმულ მუყაოს ნაჭრებზე ძირითადად გეოგრაფიულ სახელთა ჩამონათვალი გხვდებოდათ თვალში,მომიტინგეთა სადაურობის ამხსნელი.აი ისეთი დეზერტირის ბაზარში, მჭადის ფქვილის დახლებთან, ფქვილის აზვირთული გორიდან ზემოდან რომ გადმოგყურეთ და
იმ წისქვილის მისამართია მიწერილი სადაც დაიფქვა.
აბაშა თქვენთანაა!
ზესტაფონი აქ არის!
სვანები ვდგავართ!
ლეძაძამე ვერ მოითმენს დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას!

იქვე ახლოს ვიღაც მეგრულად იგინებოდა.და პირდაპირ პარლამენტში შეჭრას ითხოვდა.
-ათე მიშას ვუხოდი დიდაშ მუნდი! თენა მინი რო ბოშ? ათე ძვალის მატახალი.
ათენა რენო ბოშ ქართი?-კონსტიტუციურად ,კონსტიტუციურად!იკოგვხოდეს კონსტიტუციურო დიდ დო ჭიჭე.გომიწყარუ ათექ ზისხირი.
-სუ დეწყნარი ასე!
ამშვიდებდა მეგობარს მეორე ჩამოსული ,ჩოხაში ,გვერდზე ხანჯლით და ნაბადში რომ იყო გახვეული.
-ეროვნულობაშ დასაცავათი გერექი დო ეროვნულო იაზროვნი დო იფიქრი.ირფელი ვარე საჩვარჩვალო! ვა უჯინექო მუზმა ხალხი რე შაყარელი?სააკაშვილი ამდღა ძირიო პირველას?
მაგინებელი ჩაყუჩდა.

იყვნენ ისეთებიც,რომელთათვისაც პირადი კეთილდღეობა ქვეყნის კეთილდღეობისაგან განუყოფელი იყო.
მინდა მეფე,რომ ვიყო ბედნიერი!
იქვე ახლოს მსგავსი მოთხოვნით ხელს იწევდა მოქალაქე.ეტყობა იმ ადგილას მონარქისტების ჯგუფი იყო თავშეყრილი.
არ მინდა იმპერატორი მიშა!მინდა ბაგრატიონი მეფე.
წერეთელო დაგვიბარე!

ზოგი საერთოდ გასცდა ადამიანთა განზომილებას და კატეგორიულად ითხოვდა:
საქართველო იღუპება,დავით!?გვიშველე!
ამის წამკითხავმა მემარჯვენეების მომხრე ქალბატონმა დაზუსტებისათვის ჰკითხა მამაკაცს,რომელსაც პლაკატი ეჭირა,თვალები გაშტერებოდა და კარგა ხნით უნდა ჰქონოდა კაცთა სივრცე დატოვებული.
-უკაცრავად ეს დავითი ვისაც ეძახით ბერძენიშვილია თუ გამყრელიძეო?
-აღმაშენებელი.-ქალისთვის არ შემოუხედავს ისე უპასუხა სადღაც შორს მაცქერალმა.
-ე.ი. მაინც გამყრელიძე.-თავისთვის ჩაილაპარაკა ქალმა.
ქალი რომ ვერ შეაბა,ერთი ახალგაზრდა მიტინგს ”ხმარობდა”არამიზნობრივად.
ლენკა მიყვარხარ ჯემალი!
იყო ასეთი აღსარებაც:
გაიგე მიშა! ავადმყოფი ვარ!-ნარკომანი.
ამას ეტყობოდა ,რომ მის ზმანებებში მიშა უკვე დამხობილი ყავდა.თუმცა რეალობის შეგრძნებას ბოლომდე არ ჰკარგავდა და შიგადაშიგ ტრანსპარანტის დამალვის სურვილი უჩნდებოდა.
ბუალასაც კი უნდოდა მარიხუანას ლეგალიზაციაზე წამოეყვირა რამე,მაგრამ ერთ სიტყვაში ვერ ჩატია დიდი სურვილი ,გაჩუმება ამჯობინა და უფრო ახლოს მოინდომა ავადმყოფთან,
მისვლა,მაგრამ შავმა ბაბომ არ დააცალა,ხელკავით სადღაც გაიყვანა.
ორატორები კი ,იპოდრომის დოღების მსაჯთა ”ბუტკიდან”,ერთმანეთს ეჯიგრებოდნენ და იღლებოდნენ საქართველოს სიყვარულით. მოწოდებები სურვილებმა შეცვალა.
მომავლის გაურკვევლობიდან გამოყრილები და აწმყოს უსაშველობას გამოქცეულები ისევ წარსულს შეეფარნენ.
თავშეყრა ტრადიციულად,ქართულად მიიწევდა ფინალისაკენ. იყო სადღეგრძელოები,ერის მარადიული ყოფიერებისა და მისი მრავალჟამიერის, ზოგადი ფრაზებით შემოფარგლული და ბოლოს ”დაშლა-არ მოშლის” იმედით დასრულდა.
იმედი კი დიდი იყო,რომ მოვა დრო და მაშინ შევიკრიბებით ათჯერ მეტი და მერე ვაჩვენებთ მიშას სეირს.
ხალხი ღელავდა,ასე წასვლა არ უნდოდა.ბოლოს და ბოლოს ყვავს თუ ვერ დააფრთხობდნენ, კაკალი მაიც,ხომ უნდა გაეგდებინებინათ.ერთი ავოე მაინც ხომ უნდა დაეყვირა.ავოეეეეეე!-
-მიშას გასაგონად.
მიშა კი ამ დროს , რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავარსარდლის პოსტზე მეორედ მოსვლას ზეიმობდა.

იქვე ერთი გორის გადაღმა,პარლამენტის მიმდებარე ტროტუარზე,სანამ იპოდრომზე მამულიშვილთა ჯიგარი იწვოდა, მიშას სარზე რომ აცვამდნენ,ერს ადიდებდნენ, და მერე რომ იქნება ,იმ დიად გამარჯვებას პირდებოდნენ ხალხს,თვალებგადმოქაჩული თეთრბაბთიანი ორატორები , სწორედ მაშინ ,მიშა ჭირისუფლებითა და პარტაიგენოსებით გარშემორტყმული, დიქტატორის გვირგვინს იდგამდა აწ უკვე მეორედ.

საინაუგურაციოდ საგანგებოდ მორთული ”ოდეონ” პლატცი,დიდ ზეიმისათვის ემზადებოდა.სივრცე სადღესასწაულოდ განწირული, აღჭურვილი იყო სათანადოდ, დროისა და მოთხოვნის შესაბამისად.იყო ტრიბუნა,საპრეზიდენტო ხალიჩა სასულე ორკესტრი ბრჭყვიალა და სხვადასხვა სიგრძე-სიგანის ინსტრუმენტებით.
რაც მთავარია იყო მიშა,ნინო,ცოტა დაეჭვებული,მაგრა მაინც თავისაზე მდგარი დასავლეთი,აბორიგენთა პირველყოფილი ,პირუტყვული სიხარული,ყვავილები და ბავშვები........ჰო,აი აქ კი.....კარგი ამაზე მერე.ეტყობა დიდხანს მოგვიწევს აცა-ბაცა სიარული.
მოკლედ მესამე პრეზიდენტს,მეორედ ადგამდა დიქტატორის გვირგვინს საქართველო დემოკრატიული დასავლეთის გამოისობით.
პირველად იყო სიტყვა და ეს სიტყვა იმ დღეს ეკუთვნოდა მიხეილ სააკაშვილს.
ტრადიციული მისალმების ,ფიცის დადები და სხვა საჭირო პროცედურების შემდეგ, პრეზიდენტმა ხეთქა ”სპიჩი”.
და დაიწყო. დაიწყო მაგრამ რა დაიწყო. მიშას მსმენელს,ძნელი იყო არ აგრეოდა რამსები.
შეიძლება უცებ ვერც მიმხვდარიყავი,რომ რომელიმე ზესახელმწიფოზე კი არა, საქართველოზე საუბრობს.
განზრახულობათა გრანდიოზულობა გაფიქრებინებდა,რომ მსოფლიოს ჭიპი,დიდი ომფალი აქ არის ,ჩვენს მიწაზე და მთელი კაცობრივი ჩვენ მოგვჩერებია დალენჩებული.
ტყუილი ვის არ უთქვამს,მაგრამ ეს არ იყო უბრალო ტყუილი.ეს იყო ბოდვა,ბოდვა წარმოთქმული უბადლო არტისტიზმით.თუ არა მაშინ საქმე გვაქვს მწვავე კლინიკასთა.
რაც მეტს ბოდავდა კაცი ტრიბუნაზე ,მით მეტად უმძაფრდებოდა ლაპარაკის სურვილი. რაც მეტად ლაპარაკობდა მით მეტად ხმამაღლობდა.ხმა რომ ზემოთ მიიწევდა,ხელის თითები ისეთ შეუღლებებს აკეთებდნენ მოჭარბებული გრძნობებისაგან,თუ ძალიან ახლო ჭირისუფალი არ იყავი,ნამდვილად იგრძნობდი,რომ საქმე მთლად დალხინებულად არ უნდა გვქონოდეს.
სიტყვის ხმამაღლობა წარმოთქმულის გრანდიოზულობის პროპორციული იყო.
და მაშინ როდესაც,მჭადიჯვრიდან ,ქართული საგზაო ინჟინრების გენიით გაჭიმული ჩქაროსნული ტრასა,ფრანკფურტის მიდამოევში, ევროპული ავტობანების ოჯახში ჩაეწერა,
ქართულ სოფლებში,პრეზიდენტის ნაბოძები ერთი კანისტრა ბენზინით,მისივე ნაჩუქარი ტრაქტორები,სათითაოდ გადაირივნენ.თითოეულ სოფელში ,თითო ტრაქტორი ხვნის სასწაულს ახდენდა.ნებელობით შოკში ჩავერდნილმა მექანიზაციამ გადახნა ველ-მინდვრები.არნახული მოსავალით გაბედნიერებულმა, სიამაყით აღვსილმა გლეხმა ქართული პროდუქტით დაყუნწლული ჯორკიდულით და მჭადიჯვრის გზატკეცილით ევროპისაკენ აიღო გეზი.
მათ გზადაგზა უერთდებოდნენ ბუთუმად თუ ცალობით ,წვრილი თუ მსხვილი საქონლით მოვაჭრეები.ანუ ყველა კინტო და მოვაჭრე ,ყოველდღე სხვადასხვა ბაზრობებიდან კეტებით რომ არის გასარეკი,ევროპისაკენ დაიძრა.
და რა მოხდა?
ამოისუნთქა თბილისმა,ევროპა გაჯერდა ქართული ნაწარმით.და რაც ყველაზე მთავარია ევროპამ გაიცნო ნამდვილი ევროპელი,პირველი ევროპელი .ის ხალხი რომელთა მიწაზეც პირველი ევროპელის აკვანი დაირწა.ზეზვა და მზია.აი პირველი ევროპელები.
-რა იყო საქართველო ამ რამოდენიმე წლის წინათ?
ერთი ჩაბნელებული ,მშიერი,უბადრუკი პროვინცია,რომლის არსებობის შესახბ არავინ იცოდა.რუკაზე ვერ პოულობდნენ.ახლა?ჩვენი პროდუქტით აივსება ევროპის დახლები.
უფრო მეტიც,ვინმეს ჩვენი ოცნებების სიმწირეში რომ არ შეეპაროს ეჭვი.დღეს აი ამ წუთას,როდესაც ჩვენ აქ ვზეიმობთ,შავი ზღვის ფსკერზე ,ხელებდაკაპიწებული ქართველი მუშების თავდაუზოგავი შრომის შედეგად ხორციელდება გრანდიოზული პროექტი,რომელიც თავისი სიდიადით გადაფარავს ყველა დღემდე არსებულს.
შავი ზღვის ფსკერზე გაიჭიმება ის ტრასა,რომელიც სხვა ზღვებისა და ერთი ოკეანის გადალახვით ჩვენ და ჩვენს სამშობლოს სამუდამო სიმშვიდეს მოგვიტანს.
ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ.ევროპის შემდეგ ,რომლებსაც დარწმუნებული ვარ ძალიან მოეწონება ჩვენი პრასიც და ნიახურიც,კვახიც და კარტოფილიც,რადგან იქაური ლამაზია მაგრამ არაფრის გემო არა აქვს,ჩვენ სხვა ჰორიზონტები უნდა გავხსნათ. ჩვენ ყველას უნდა გავაგებინოთ,ვინც აქამდე ვერ გაიგო ,რომ ვვარსებობთ!

ახლა მიტინგების დრო არ არის.ახლა როდესაც ასეთი პერსპექტივები ეშლება ქვეყანას.
აი შავი ზღვა-ხმელთაშუა-ატლანტიკის პროექტს რომ დავამთავრეთ,ეს ტრასა ისე იმუშავებს როგორც საქართველოს სამხედრო გზა მუშაობდა და მუშაობს.ოღონდ ბნელეთში და ვეშაპთან კი არ მიგვიყვანს,ჩვენი დიდი საერთო ქვეყნის ერთ ერთი რაიონული მაგისტრალი იქნება.მერე მოვისვენებ და დავისვენებ. და დაისვენებს ყველა ქართველი.
აი მერე შეგვეძლება მხარ-თეძოზე წამოწოლა.
რა თქმა უნდა პრეზინდენტი აცნობიერებდა,რომ მისი პრეზიდენტობის,მეორე ვადაც არ ეყოფოდა ამ გრანდიოაული გეგმების განხორციელებას,მაგრამ ვინ იცის?ვინ იცის?
ვინ იცის რის საშუალებას და ნებას მისცემენ კაცს ,რომელსაც ასეთი ტიტანური აზრები უტრიალებს თავში.მართლაც,რომ ვინ იცის?
მერე რა იყო?
მერე ვინც გაუძლო ოცნებებში მოლაჟვარდე პრეზიდენტს ”დალნი პუტეშესტვიაში” ხომ გაყვა.ქვემოთ დარჩენილები კი შეწუხდნენ,მაგრამ ცაში ატყორცნილებმა იქედან გაამხნევეს:---ნუ გეშინიათ !თქვენც მალე გამოგებმებათ ასეთი ფრენისათვის საჭირო ფრთები ,ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართო.
მერე უცებ ,არ ვიცი ხმა მოესმა იპოდრომიდან თუ რა მოხდა , მიწაზე დაეშვა მიშა და ცაში აზრთა უკიდეგანობით ზეატყორცნილი მისი გუნდის წევრებიც.
უცებ პრეზიდენტს გაახსენდა,რომ მთლად ასე ადვილად არ არის საქმე და ქვეყანა გაყოფილია .საეთაშორისო ურთიერთობის გრანდიოზულობის ფონზე,საშინაო პოლიტიკა ბინძური ინტრიგებისა და ქვეყნის მოღალატეების გამო, უფსკრულში და ბნელეთშია ჩაძირული .უკუნის განათებას კი ძლიერ და მრისხანე სავაოფი სჭირდებოდა.
და დაიწყო ,და შეუბერა.
გაიჩხრიკა და გაიწმინდა ყველა ბუჩქში,ყოველ ჩირგვში ჩასაფრებული მტერი და მუხდალი.მოღალატეების ხსენებაზე პრეზიდენტს ყველა დროის და ყველა ხალხის ნაციონალისტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. მოქნეული მარჯვენა ლამის სახსრიდან ამივარდნას ლამობდა.ამ პარტიის ლიდერისათვის დამახასიათებელი ქოჩორიც ნაცისტურად იბზიკებოდა.ტუჩებიც ისე იბრიცებოდნენ და მართალია საქართველოზე საუბრობდა ,მაგრამ ყურში მაინც-deusch land!deusch land! გესმოდა. ისეთი ამბები დააწია ყველა ღალატში შემჩნეულს ლამის ტყავი გააძრო და ავლაბრის ახლადაშენებულ რეზიდენციაში სკამებზე გადააკრა.რაც გადარჩა ,ზუმბ-ვავას და მისნაირებს მისცა დიპლიპიტოებისთვის.
წინ წამიწვდილი ხელის მტევნის რაკურსების ტეხვის გინდ-რანაირობა თავად მიქელანჯელოს გადაიყვანდა ჭკუიდან.მერე დაცხრა.დრო აღარ ითმენდა ,რადგან გრეჩიხა და ქართველები იპოდრომიდან პარლამენტისკენ დაძრულები ,ჰადა ჰა მოადგებოდნენ სააღლუმე პლაცს.
შემდეგ როგორც მისი მომხრე და მისგან დაწინაურებული ,ასევე მისგან ჩარეცხილი და განდგომილი ”ქვეყნის” მეუფედაც გამოაცხადა თავი და ამგვარად თავისი სკიპეტრის ქვეშ გააერთიანა სრულიად საქართველო.იქვე ჩამწკრივებულმა მტრის თვალის დასაფსებად საარტისტოდ გამოწყობილმა ლეგიონებმა,კედევ ერთხელ დაადასტურა მისი სამხედრო სიძლიერის შეუვალობას.
სასულე ორკესტრმა მთელ არემარეს მოჰფინა საზეიმო ხმოვანება.ინსტრუმენტები კი ელავარებდნენ ამომავალი მზის სხივებში,მაგრამ მათ მიერ აჟღერებული ჰანგები, არხეინად მარშირებდნენ,რუსულ იპერიალიზმსა და სოციალ-დემოკრატიის მრავალხმოვანი ლაბირინთის უსაზღვრო დიაპაზონში.
დაცხრა ტაში ,ოვაცია დამთავრადა ინაუგურაცია.მიშამ კიდევ ერთხედ მადლობა მოახსენა დამსწრე საზოგადოებას.კვალად ამისა გააქრო კათედრა, სხვებს რომ არ ესარგებლა სხვის ყელზე გამოზამთრებული და აპრილში კისერზე მოგდებული ”ჩერნაბურკასავით”.
იღლიაში ამოიჩრა ,სტუმრად ჩამოსული,თავისი ხალხის სიყვარულით და რუსეთის სიძულვილით საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული,მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი.თან გაიყოლია მედროვეთა აღფრთოვანება და ისე ჩაეტია წინასწარ საგანგებოდ გამოთვლილ ძირითად დროში,რომ დამატებით არც ერთი წუთი არ დასჭირვებია.

მიშას შესაშინებლად იპოდრომიდან დაძრული გრეჩიხა და ქართველობა,მაშინ მოადგა მოედანს, როცა სააღლუმე სივრცეს უკვე დასუფთავების კანტორა დაპატრონებოდა,ხოლო შორს, მოედნის მიმართულებით, სასულე ორკესტრის ჩამკეტი და მისგან კარგა მანძილზე დაშორებული ,ემოციებით გაბრუებული მედოლე,უაზროდ ისევ აგრძელებდა ხელის ქნევას და დოლზე ბრახუნს.

მაგრამ ქართველი რა ქართველია სატრაბახო თუ ვერ ნახა და თავისმოსაწონებელი.
მართალია ერთმა ნიჭიერმა და უდროოდ წასულმა ქართველმა კი თქვა -”კეთებაშია ვნებათაღელვა და არა გაკეთებულით ტკბობაშიო”,მაგრამ ეგ ხომ დიდი ხნის წინათ იყო და თან იმ ქართველს კეთება გამოსდიოდა.ჩვენ,რომელსაც კეთება არ გამოგვდის ან არ გვაკეთებინებენ რა ვქნათ? რა ტრაბახის უფლებაც არა გვაქვს.ეს ხომ ჩვენი თვითგადარჩენის ნაციონალური ინსტიქტია ?!,თვითგვემას მივეცეთ?

საკეთებელთან მისვლის კულტურაა მთავარი.შეიძლება სულ არაფერი გააკეთო,მაგრამ ისე მიხვიდე რომ ხალხი გადარიო.

-იმ მიტინგზე მართალია არაფერი გაგვიკეთებია და მიშამ თავზე დაგვახურა ბებიაჩვენის დიდი ნიფხავიო,მაგრამ როგორ მივედით,რამდენი მივედით , და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ დავიშალეთ ისე,რომ იმას რაც თავზე წამოგვაცვეს ერთი ნაოჭიც კი არ შერხევიაო. ამას მხოლოდ ისეთი უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხი თუ შესძლებს,რომელთა კულტურული ტრადიციების შლეიფი საუკუნეების სიღმეში ეჰეეე სად იკარგება ვინ იცის.

-არა ტო რაღაც გვაკლია?-გიჟდებოდა ბარანა.
-გითხარი მე შენ რაც გვაკლია.
-არა ხელს გვიშლის რაღაც,ნუ რამდენი წელი უნდა გაგრძელდეს ასე.
-ისევ გიმეორებ.ცუდ მოცეკვავეს რისი ქონა უშლიდა ხელს?
-მერე?
-მერე და ჩვენ იმის არ ქონა გვიშლის ხელს პოლიტიკაში.
-სანამ ჩვენ გვქინძავენ,არა აქვს ამას მნიშვნელობა ვინ.
-თუ გადაგკუზეს მერე არავინ აგარჩევინებს ,ეს მინდა ის არაო. სანამ სხვა გრძნობს,რომ შენ წამკუზავი ხარ,მანამ სულ იქნება საჭირო მიშასნაირი.
-რომელი რას იზამს?
-გადაიკუზება.
-სწორია.
-მიშა როგორია?
- მიშა მაგარია!
-აუ,როგორ გამიტყდა ჩემი.

მოდიოდნენ ჩუმად,გაბუტულებივით. რაღაც მოხდა იქ ,იმ მიტინგზე,მისი შედეგი კი უცნაური ავადმყოფობის სახით,პირველად სწორედ მათ ეზოში გამჟღავნდა.

1 komentarz:

  1. უბნელებო, 3-დან 9-მდე აქ ვაბირჟავებთ ...
    უსმენს ხალხი და ჯიგრული ცხოვრების მოლოდინშია ... იმედიც ბჟუტავს ...
    მოსესავით 25 წელი ჯერ ხომ არ გვივლია ვახტანგ გორგასლის ნაოცნებარ NATO-ს გზაზე და აღარც ამირანის მჭედელი ყვავი გვემუქრება...

    OdpowiedzUsuń