პოლიტიკოსები კი პირიქით, ცხადად დაბნელებული ქართულ-რუსული ურთიერთობების ნათელში გადასვლაზე და სამეზობლო კლიმატის დათბობაზე ალაპარაკდნენ. ჩვენი საცხოვრისის საბოლოოდ გაბრწყინებისათვის, ქართველთა ღრმად მოტივირებული, უსაზღვროდ ამბიციური და საქმის მოგვარებისათვის შეუფერებლად აგრესიული სამთავრობო დელეგაცია ოქროს ურდოსკენ დაიძრა. შინ კი ბნელი ძალები ბობოქრობდნენ და ახლადფეხადგმულ ქართულ სახელმწიფოებრიობას ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. ერთი სიტყვით ბნელოდა კოსმოსში, დედამიწაზე, პოლიტიკაში და აქ ჩვენთან საქართველოშიც.
როდესაც გარშემო ამდენი სიბნელეა, არც შენ აგცდება მისი მტარვალი ხელი. მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ეს სიშავე, ჩემს მიერ შეკედლებული, ჩემივე ხელით დაპურებული და სახელდებული შავი დალილას სახით მომეპარებოდა, ორ კვირას გამაწამებდა და ნახევრად გაცოფებულ მდგომარეობაში გამატარებინებდა.
დალილა შავი ძუ კატაა, ლამაზი, თავხედი, ჩვენი უბნის ყველა ხვადის ოცნების ქალი. ის სამიოდე თვის წინ კარგი ცხოვრების ძებნაში, მეზობელი კორპუსის სანაგვიდან ჩვენს ეზოში გადმოსახლდა და შლეიფად გამოიყოლა მისგან მიბნედილ, რამსებარეულ, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ და ”შუბადახეულ” ხვადთა მთელი ტანდემი.
მე კი მომწონს დალილა, მისი ველური თავისუფლება, საჭმლის მოთხოვნის ისტერიული ტონი, ჩემი სარდაფის ფანჯარაზე თათებით ფხაჭუნი, კუდის გამომწვევი თამაში. სხვებისაგან თავხედობად მონათლული ქმედება, ჩემში სამყაროს ჰარმონიისა და მისი უმაღლესი სიმბიოზის გამოვლინებაა.
სილამაზესთან ერთად, ჭკუაც არ დაიშურა მისთვის გამჩენმა. დალილა პირველი მიხვდა ახლადგამორთული მოტორის სიკეთეს და ის უმალ თავის სამსახურში ჩააყენა. ბოლოს ისე გაერთო გათბობის ამ ფორმით, რომ მისი მანქანის კაპოტიდან ჩამოთრევა გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა არა მხოლოდ მანქანის მფლობელებს. პროცედურა თავად დალილასთვისაც არ იყო იოლი და უმტკივნეულო. ცხოვრებასთან ჯაჯგურში, საკუთარ ტყავზე ნაგრძნობმა და ემპირიული გზით მიღებულმა გამოცდილებამ, კატას შავი ფერის მანქანებისადმი დაუოკებელი ლტოლვა გაუჩინა. თავად შავი, სიშავეში პოულობდა მყუდროებას. ქამელეონისათვის ღვთის წყალობად ბოძებულს, მან საკუთარი გონების გამჭრიახობით მიაგნო და ეს მონაპოვარი ტექნოკრატულ გარემოსთან შეგუების საკუთარ წესად აქცია.
რა თქმა უნდა შავ მანქანაზე შავი კატა, ღამის სიბნელეში ძნელი დასანახია, მაგრამ არის ჩვენს ეზოში ერთი მანქანა, რომელსაც დალილა უბრალოდ თავის საკუთრებად თვლის. ეს ფუთოს შავი მერსედესია. ის ძალიან მსუქანია და ძნელად გადაადგილდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფუთოს დიდი და სქელი ლინზები უკეთია. უმეტეს შემთხვევაში ის ვერც ხედავს კაპოტზე წამოწოლილ დალილას და თუ მაინცდამაინც დაინახა , ”უშანკად” ეჩვენება, ამიტომ სულ ქუდის პატრონის ძებნაშია. როდესაც ”უშანკა” თავისით გაქრება, მერე იმას დაეძებს ვინც ”ეკაეფება”.
იცით რისი თქმა მინდა, რომ იმ დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე ვიყავი. იმდენად კარგზე რომ, ჩემმა,უჰ დიდი ხნის წინ, ქმარყოფილმა, სულიერი სწრაფვის გამო ”აღა გევორქად” მონათლულმა, ხოლო ერისკაცობაში გუჯად წოდებულმა, ორჯერ დამიძახა თავისი ახალი სატრფოს-ხათუნის სახელი და ჩემდა გასაოცრად წარბიც არ შემრხევია. ეგ სიბინძურე ფიჭური ქსელის ვიწროებში შევჩურთე და განვაგრძე კარგად ყოფნა.
დიახ, ჩემთვის ვიჯექი სახლში მარტო, საოცრად კარგ ხასიათზე და ”ენუმა ელიშს” ვკითხულობდი. ის იყო წყალუხვმა ბურანუნამ და იდიგინამ თავიანთი მტკნარი წყალი მიიტანეს ბაჰრეინის მლაშე საშოსი, ერთმანეთს შეერივნენ და ჰა! უნდა შვას აბზუმ, მფლობელმან ყოველთა მეთა...
ტელეფონის ზარმა შესაქმის უკიდეგანო სივრციდან მერაბა სამხარაძის ლოჯიას მიშენებული შუშაბანდის სახურავზე ამომაყოფინა თავი, სადაც სწორედ ჩვენი შავი დალილა ამძვრალიყო, ვერ ჩამოდიოდა და ორი ღამე ძილს უფრთხობდა მეზობელი სადარბაზოს პატიოსან, ანუ ქუჩის ”ბრადიაგა” კატებს რომ არ დასდევენ, თავისი ოჯახის კეთილდღეობაზე რომ ფიქრობს ისეთ დედაკაცებსა და მამაკაცებს, მათ ნაგრამსს,რომელიც იმ ”ბრადიაგებზე” ისე არიან ბავშვობიდან აცრილი, რომ მათ დანახვაზე ქვა ან კეტმომარჯვებული, ყმაწვილობიდან სწავლობენ ვინ არის ამ განზომილებაში ბატონი და პატრონი ყოველთა სულდგმულთა.
სახურავზე კაცთათვის გაურკვეველი მიზნით ასული და იქედან კიდევ უფრო გაუგებარი მიზეზით ჩამოსვლაზე კატეგორიულად უარისმთქმელი კატის ქცევა ვერანაირად ვერ ჯდებოდა, კატაზე როგორც ასეთზე, საზოგადოების წარმოდგენათა სისტემაში და ექსტრემალურ ჩარევას ითხოვდა.
სამხარაძის შუშაბანდის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხამა შეკრება იწყო.
რა თქმა უნდა ტრაგედიის ეპიცენტრში შეგროვილი საზოგადოება არ იყო ერთგვაროვანი, მაგრამ მათი დაბნეულობის ხარისხი, შექმნილ სიტუაციის შეფასება, და ზოგადი უსუსურობა, ცალსახად იდენტური იყო ... მოქმედების არეალში დალილას ისტერიული კნავილისაგან ოჯახებიდან გარეთ გამოფენილებს, რასაკვირველია კატის მოყვარულობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ სამხარაძის შუშაბანდის წინ შეკრებილი რამოდენიმე კაცი, შემთხვევით გამვლელებს და სეირის საყურებლად, ისიც ცოტა ხნით შეყოვნებულებს თუ არ ჩავთვლით, ბუნებასთან აშკარად უფრო მჭიდრო კავშირში იყვნენ შემჩნეულები, ვიდრე უბნის დანარჩენი ამ დარგში უიმედოდ მიყუჩებული საზოგადოება.
ჭირისუფლების როლში სამხარაძის მხრიდან გამოდიოდნენ: ღვინჯილია თავისი ბულტერიერით, რომელსაც მოფერებით მე ”ბულბულს” ვეძახი. ბულტერიერისათვის შეუფერებლად ალერსიანს და მოსიყვარულეს კატები არც ბულის უყვარს, მაგრამ გრძნობდა რა ვითარების უსაშველობას და შეკრებილი საზოგადოების სასოწარკვეთას, როგორც ოჯახში გაზრდილი ძაღლი შეძლებისდაგვარად მალავდა კატებისადმი მისი ჯიშის მარადიულ არაკეთილგანწყობას და საქმეს იმით ეხმარებოდა, რომ ხელს არ უშლიდა.
ორი ქალბატონით იყო წარმოდგენილი იმ პატარა კნუტის ოჯახი, რომელიც ჩემი პროფესიონალური ჩარევის შედეგად, სამი დღის ხეზე ჯდომის შემდე;გ, დაუბრუნდა მშობლიურ კერას. ქალბატონები ძალიან აღელვებულნი ბჭობდნენ გამოსავალზე, მაგრამ მხოლოდ თავიანთ მოკლე ჭკუას აწვალებდნენ, საქმეს კი ვერაფრით შველოდნენ.
მეეზოვე ზურა, რომელიც მთლად ჯანზე ვერ არის და ამ შეზღუდულობის გამო უსიტყვო მოწმეა უბნის ტერიტორიაზე ატეხილი ყველა ალიაქოთისა, უცებ ალაპარაკდა.
_ერთი გასროლა და გათავებულია.
_შენ ვინ დაგიძახა აქ, მოშორდი აქაურობას - თვალები გადაუბრიალა მერაბამ ზურას.
სამხარაძემ კარგად იცოდა, რომ შექმნილ სიტუაციაში, რომელშიც ერთადერთი მხსნელი მე ვიყავი, ასეთი ლაპარაკი კარგს არაფერს მოიტანდა.
თავიანთი პროტესტი ღვინჯილიამ და ბულიკამაც დააფიქსირეს.ზურა ჩაკვდა. ქალები თავს აქნევდნენ, ხმას არ იღებდნენ და ზურას მხოლოდ მიმოსის ძალით ეპროტესტებოდნენ.
დამსწრეთა შორის იყო კახელი ჟორა, ბუნების შვილი. მას შემდეგ რაც ერთი, ჟორასთვის უკეთესი ქვეყანა დაანგრიეს და მეორე ჯერ ვერ დააწყვეს, უსახსროდ დარჩენილმა, კაცთა მოდგმის მეურნეობის პირველფორმას -შემგროვებლობას მიჰყო ხელი. ”ვერარეჩკის”, ქართული ეკონომიკის მარწუხებიდან სასწაულით გადარჩენილი შემოგარენი განუსაზღვრელი რაოდენობით სთავაზობდა ბუნების წიაღში, შემთხვევითობის გამოისობით დაბრუნებულ ჟორას მრავალნაირ კენკრას, ზღრმატლს და რაც მთავარია კაკალს. შეიძლება ჟორა ფაუნას დიდად არ წყალობდა, მაგრამ ფლორა ნამდვილად მისი სტიქია იყო.
ისე სამხარაძეები და კატები ერთი ამოუწურავი თემაა. ამათზეა ნათქვამი: ”ღორს პიტნა ეზიზღებოდა და ცხვირში აჩურთავდნენო”. პატარა თუ დიდ ოპერაცია, კატების განეიტრალება-კისრის მოგრეხვის საბრძოლო მოქმედებათა თეატრი, სწორედ სამხარაძის ფანჯრების წინ მდგომი ხის, შუშაბანდის ან მისი გარაჟის სახურავზე ვითარდება.
სწორედ გარაჟის თავზე, სამხარაძეების ჭირისუფლების საპირწონედ, შავი დალილას გულშემატკივარი ხვადები გამოჩნდნენ. ჯერ ნელ-ნელა დადიოდნენ, მძიმედ, მერე რაღაც გაურკვეველმა ხმებმა იწყო სივრცეში შემოჭრა. ხვადთა აფორიაქებული, ვნებით შობილი ხმა, ჯერ მოგუდულად იწყებოდა სადღაც ქვემოთ სიღრმეში, ყველა შიგთავსსგამოვლილი და მათივე სივრცით შეზღუდული ხმოვანება ყანყრატოსთან ტემბრს მომენტალურად იცვლიდა, ვნების ძალითვე მოურიდებლად გაფშეკილი ულვაშების ქვემოდან, მამალი სინკოპის ძლიერი ბიძგით, თავისუფლებაში ამოხეთქილი ისტერიული კივილით აყრუებდა იქაურობას და ლურსმანივით ერჭობოდა კაცთა ყურსა და სმენას. უსაშველო, გაბმული და გაუთავებელი იყო ხვად კატათა ზარი.
_ჩამოყარეთ ერთი ეგენი მაქედან-გასცა ბრძანება სამხარაძემ.
ხვადები ყველამ თავისებურად დააფრთხო. არც სამხარაძე იყო უმოქმედოდ. შუშაბანდში, კედელზე ჩამოკიდებული კაკლით დატენილი ”ჩულქიდან” რამოდენიმე კაკალი ამოიღო. მხოლოდ ორის გასროლა მოასწრო დიასახლისის შავ თვალთა საბედისწეროდ გადატრიალებამდე.
კატები კიდევ უფრო თავდაუზოგავად აკნავლდნენ. ისე იხოკავდნენ თავ-პირს, ისე უნუგეშოდ გოდებდნენ და დასტიროდნენ შავ დალიდას, როგორც მეფეთა ველზე გამოფენილი შაოსანი ეგვიპტელი დიაცები, მარადიული მდუმარებიდან, უმეცართა სასეიროდ, მეცნიერთა მიერ გაბახებული და პარიზული ვოიაჟისათვის გამზადებული, დიდი რამზესის საქვეყნოდ ჩამოტარებულ სარკოფაგს.
აი, ამ ზოგადი სურათის ფონზე ვიქენი მიწვეული საქმის მოსაგვარებლად, როგორც შავი დალილას პირადი მეგობარი, ზოგადად კატების გულის მესაიდუმლე და მათი ფსიქოსივრცის ზედმიწევნით მცოდნე.
სამხარაძის აივანიდან კიბით უნდა ავსულიყავი შუშაბანდის სახურავაზე.
_ა, ამ კიბეზე ადი! დაუძახე, შენთან მოვა და მერე ჩამოათრიე მაგის დედაც ... ჩემს დანახვაზე მშვიდად დაძინების იმედი გაუჩნდა მერაბას.
_ხელთათმანი მინდა, ხელზე რომ არ მომპორჭყნოს!
მარინა, მერაბის მეუღლე, უცებ დაიკარგა და მერე რეზინის ხელთათმანით დაბრუნდა.
_ეს რად უნდა მარინა? დენს კი არ ირტყმევინება ეგ კატა, ტყავის ხელთათმანი არ გაქვს?_ ღელავდა მერაბა.
მარინა ცოტა ხნით ისევ გაქრა. რომ დაბრუნდა ხელში რაღაც შავი და გრძელი ეჭირა.
_რა გჭირს, რა ღმერთი გიწყრება გოგო შენ? ვისია ეს? რას ინახავთ სახლში?
_კარგი რა, მიეცი სხვა ვერ ვნახე ვერაფერი.
მერაბამ ხელთათმანი ჩემსკენ გამოიშვირა.
-ა, ქეთი გენაცვალე, უბრალო არ გეგონოს, ნაღდად რომელიმე მუშკეტერისაა.
ძნელი სათქმელია ხელთათმანი საიდან გააძრო მარინამ. გარდა საეჭვო სუნისა, ტყავი ისე იყო გაშეშებული, ხელი ძლივს ჩავაკვეხე და ხელთათმანი იდაყვთან გაჩერდა. ცალი ხელით კიბეზე ვიმაგრებდი თავს. მეორე, ხელთათმანიანი, ზემოთ ავწიე და შევეცადე კატისათვის ქეჩოში წამევლო ხელი. ხელთათმანი სრიალებდა და მოჭიდება მიჭირდა.
ჩემს დანახვაზე დალილამ, მანამდე სახურავის შორეულ კუთხეში შეჩურთულმა, კიდისაკენ დაიწყო გადმოადგილება._მერაბ! ”პოლისჯოხი” არ გაქვს? რომ მოგვედო, გამოუსვამდით და ჩამოვაგდებდით.
_კარგი რა ჟორა! არ უნდა ამას ”პოლისჯოხი” და სტინგერი. იცის ამ ადამიანმა თავისი საქმე.
მე ვცდილობდი დალილასათვის ქეჩოში ისე წამევლო ხელი, რომ ჩამოყვანისას ხელიდან არ გამვარდნოდა. ყველანი გაიტრუნენ. ხვადებმაც შეწყვიტეს გოდება.
დალილა უფრო ახლოს მოვიდა, ხელი რაც შემეძლო მაგრად მოვჭიდე და როგორც იქნა კატა სახურავს მოვწყვიტე. ჰაერში ჩამოკიდებულმა, ერთი ისტერიულად შეკივლა და საყრდენის ძიებაში ნერვიულად მოფართხალე ფეხებმა, სანამ მე კიბეზე რამოდენიმე საფეხურით ჩამოვიწეოდი, ჩემს ცხვირზე იპოვნა საყრდენი. კატა ძირს ჩამოვსვი. იმ უბედურებისაგან, რასაც ხელთათმანი ერქვა, თავი გავითავისუფლე და ვიგრძენი რომ სახეზე სისხლი მომდის.
_დედა! რა უნდა ქნა ახლა?-გულწრფელად შეწუხდა მარინა.
_არ ვიცი -მოკლედ მოვჭერი მე.
_ქეთი საპნით მოიბანე და მაგაზე გეჭიროს თვალი, მეტი არაფერი არ გინდა. ეგ ხომ გყავს აცრილი _სიტყვა დამაწია სამხარაძემ.
სახლისკენ შემოვბრუნდი. მეზობლები ისევ არჩევდნენ ამბავს.
_კაცო ერთი გამაგებინეთ პატრულს რატომ არ დაურეკეთ?-არ ცხრებოდა ჟორა
_დავურეკე ბატონო, ბევრი იცინეს. რა კატები გყავთ ასეთი თუ ასვლა შეუძლიათ, რატომ ვერ ჩამოდიანო?
_ჰო, ვერა ვართ ჯერ ევროპის დონეზე ვერა, ბევრი გვაკლია.
_ევროპაში, გენაცვალე, ცხოველებს თვალებში შეჰყურებს მთავრობა. ცოტა მოწყენილი თუ მოეჩვენათ ძაღლის თვალები პატრონს ისეთ ამბებს უწყობენ რომ!
_თუ გყავს უნდა მოუარო! არა ბული?-მომენტი არ გაუშვა ღვინჯილიამ მოფერებოდა ბულიკას.
სახლში დასისხლიანებული მივედი. დალილამ კარებამდე მომაცილა. ჭრილობა საპნით ჩამოვიბანე, იოდით გვარიანად მოვითხიპნე და გოგას დავურეკე.
ცოტა ხანში ინფექციურ საავადმყოფოს მივადექით მანქანით. ფანჯარა ჩამოვწიე და დარაჯს დატყაული სახით სხვათაშორის ვკითხე:
_ცოფის ნემსს სად აკეთებენ?
_უიმონოლოგიის ცენტრი პირდაპირ და მარცხნივ.დარაჯი ისეთი დარწმუნებული და თავდაჯერებული იყო, მე კი ისეთი უმწეო, დაპორჭყნილი და დაკომპლექსებული, ჩავთვალე, რომ მას შემდეგ რაც მე ექიმებთან არ მქონია საქმე, მედიცინაში ახალი დარგი ” უიმონოლოგია” შეიქმნა.
მანქანიდან ჩამოვედი და იმ მიმართულებით წავედი დარაჯმა რომ მიმითითა. ორი თეთრხალათიანი გაცხარებით ვიღაცას ჭორავდა, ალბათ რომელიმე ფერშალს. თავიანთი ფორმით და ხალათის ტარების მანერით მეტზე უბრალოდ ვერ გაქაჩავდნენ.
ახლადმიღებული ინფორმაციის დაზუსტება მომინდა.
_უკაცრავად, უიმონოლოგიის ცენტრი სად არის?
ვიკითხე მე სხვათაშორის, ვითომ დღეს არ გამიგია ამ ახალი დარგის არსებობის შესახებ. მედიცინის მუშაკებმა ხელით მანიშნეს შესასვლელისკენ. არ დამინახავს, მაგრამ ვიგრძენი რომ გაეცინათ და კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემი შეგრძნების სისწორეში, როდესაც შესასვლელის თავზე დიდი აბრა დავინახე წარწერით -”იმუნიზაციის ცენტრი.”
_ფუ, იდიოტი_წამომცდა ჩემდაუნებურად,
_ესეც უიმუნოლოგიის ცენტრი ქეთუშ!-იპრიწებოდა გოგა, რომელმაც მანქანა დააყენა და წამომეწია.
_ეგ დარაჯი დაბერდა აქ და ესეც არ იცის?
_შენ უნდა გენახა ის თეთრხალათიანები როგორ განგერიდნენ.
_შედი, შედი, ჰა ხომ არ გეშინია? მიდი ახლა ნახავ კატების ”სპასატელებს” რა მოსდით.
შენობის ფასადი ისეთი უსაშველო და ისეთი უიმედო იყო, ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა.
ის რაც ამ უბადრუკი ექსტერიერის შიგნით დამხვდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებდა ფორმისა და შინაარსის მარადიულ შესატყვისობას. მაგრამ შიგთავსსმა, ყველაზე ფრთაგაშლილ ადამიანურ წარმოსახვასაც კი დაუდო ზღვარი და უმალ პირდაფჩენილი გადამაყუდა სამყაროსეულ ფორმათა ტრანსფორმაციის, მისი მეტამორფოზის მორევში.
პირველი სართული აშკარად ბოსელის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბევრი ღია კარი, რომლის მიღმა მხოლოდ სიბნელე მოჩანდა. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე რყევის გარეშე მხოლოდ ქათმის წონას გაუძლებდა. შესაბამისად მეორე სართული საქათმის ასოციაციას იწვევდა.
_ბიჭო გოგა! როგორ ყანყალებს ცალცალკე ხომ არ ავიდეთ?
_ადი !ადი! ნახე ზემოთ რა ”სასტავი” გელოდება. შეხედე შენ თვითონ, შენი ნაჩხაპნი რა არის, აქ მგონი სულ ხრესილის ომის მონაწილეები არიან.
უცებ ვერ მივხვდი სად მოვხვდი. ხალხი ბევრი არ იყო, საზოგადოებას რომ გადავხედე ჩემი ნაკაწრის გამო თავი უხერხულად ვიგრძენი. მოსაცდელში შეკრებილები ისე სახელდახელოდ და ექსპრომტად იყვნენ დაბინტულ- დასკოჩილები, სასტიკი ჩეხვის ჯოჯოხეთიდან ახლახანს სასწაულის ძალით გადარჩენილებსა და უახლოეს გამოქვაბულში თავშეფარებულებს გავდნენ. ზოგს თავი ჰქონდა გადაბინტული, ზოგს ფეხი. ზოგს ბინტიც ვერ ეშოვა და რაღაც საეჭვო წარმოშობის ჭინჭი უბრალოდ ხელზე დაეხვია. ზოგი კოჭლობდა, მაგრამ მაინც დადიოდა.ზოგი კვნესოდა, ზოგიც მდუმარე პროტესტით კუთხეში იყო მოკუნტული. ერთი ჩვეულებრივად იგინებოდა. მაგრამ ფეხგადაბინტული რასაც აკეთებდა ძნელია მას მხოლოდ გინება დაარქვა. გადაადგილება აშკარად უჭირდა, მაინც არ ცხრებოდა და თან სადღაც, ვიღაცაში თუ რაღაცაში, დებდა დიდს, გრძელსა და მკვრივს. მერე ამითაც არ კმაყოფილდებოდა და ის რაღაცა, იქედან სხვაგან შეჰქონდა. შეჰქონდა და გამოჰქონდა და მერე ისევ და ისევ. დაუზოგავად და ენერგიულად დაჰქონდა ის, მკვრივი და გრძელი რომ იყო. იხარჯებოდა დიდი გრძნობა და უსაზღვრო ენერგია. უცებ თვალები შემომეფეთა. მზერა ლეწავდა და ფეხქვეშ ბეგვავდა ყველას და ყველაფერს. შემგინებლის ხმიანობა თუ იმ შემტან -გამომტანის ენერგიული, მაგრამ მაინც ადამიანური სისუსტით დაღდასმული ექსცენტრიკა მონაგონი იყო ამ პირუტყვულ ბრუტალობასთან.
_ბოლო ვინ არის?-ვთქვი ჩემთვის და რაღაც უაზროდ გამომივიდა.
_ქალბატონო, ჩვენ აქ ყველა ბოლო და უკანასკნელები ვართ! თქვენ ხართ პირველიც და დო მაჟორიც თუ ფული გაქვთ?!
მიპასუხა მოკრივის პოზაში მდგომმა, ორივე ხელი ჭინჭით რომ ჰქონდა გადაბლართული .
_ჩვენ არ გვიკეთებენ ”ლემსს”, ფული არ გვაქვს და მიტომ.
შეაწია სიტყვა მეორემ რომელსაც ისევე ჰქონდა ხელები გადახვეული როგორც პირველს, ტუჩებიც მისნაირად დაწყობილი და პროტესტის იმავე ხარისხ ამჟღავნებდა, რასაც პირველი. საუბრის კილოც და კავიც იდენტური ჰქონდა ამ ორს და უეჭველად დასავლური წარმოშობის უნდა ყოფილიყვნენ. ეს ორი ტყუპისცალივით გავდა ერთმანეთს.
რომ დადიოდა და მკვრივსა და გრძელს აქეთ-იქეთ ტენიდა, წუთით შეყოვნდა, შემომხედა, ერთი დამეჭყანა და თავისი საქმიანობა გააგრძელა.
_მიბრძანდით, ქალბატონო, ჩვენ რას გვიყურებთ! ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა!
კარისკენ მიმითითა სახეაწითლებულმა და თმაგაწეწილმა ქალბატონმა, რომელსაც ფეხი ჰქონდა გადაბინტული, მწარედ გაჭიმული და ხაზგასმით განფენილი, საერთო სახალხო დათვალიერებისათვის, ექიმის კაბინეტში შესასვლელის წინ.
_თუ შეიძლება!-გავბედე მე.
_გადააბიჯე, ამას გაუცოფდა პატრონი!-დამრთო ნება თმაგაწეწილმა.
მე ფეხს მოწიწებით გადავაბიჯე, მაგრამ ძალიან ავღელდი. კაბინეტის კარები შევაღე და....
დაბრძანდით და გისმენთ!-ჩემსკენ არც გამოუხედავს, ისე, მექანიკურად ახმიანდა ექიმი.
მერე უცებ წამოხტა და ნერვიული მოძრაობით გამოაღო კარები.
_რას ზიხართ აქ და ხელს უშლით მედპერსონალს მუშაობაში, მიბრძანდით სახლში, თუ არ გადაიხდით ვაქცინაციას ვერ გავაკეთებთ. მე მგონი გასაგები ენით აგიხსენით.
ექიმმა კარების მოხურვა მოასწრო. დაკბენილ- დაგლეჯილი მასა აგინებდა ექიმს, მთავრობას და ნათელაშვილის გამოჯანმრთელებით იმუქრებოდა.
ექიმს კიტრის ფორმის თავი და ამორეცხილი, ცისფერი თვალები ჰქონდა.
_დიახ, გისმენთ!
_აი, კატამ მომპორჭნა და მოვედი.
_ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ ფასიანი იქნება თუ უფასო ვაქცინაცია ჩემზე არ არის დამოკიდებული, თან რომ ეუბნები ნახევარს სახელმწიფო იხდისო არ ჯერათ, საერთოდ უფასო უნდათ.
ვერაფრით ვერ ბრუნდებოდა ექიმი ჩემთან. ხშირად იმეორებდა _დიახ გისმენთ!- მაგრამ ისევ უფასო ვაქცინაციაზე ბუქნაობდა და თან თვალებში მ;ომშტერებოდა -თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებითო. ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის დიდ სიკეთეზე, მისი ავ-კარგის გარშემო ლეკურს რომ მორჩა, ექიმმა გამოაღო უჯრა, ამოიღო ქვითარი და ზუსტად გამოიანგარიშა:
35+50=85 ლარს
ექიმი უაზრო, არაფლისმთქმელი თვალებით მომშტერებოდა.
_85 ლარი გადაიხადეთ და შემდეგ ვილაპარაკოთ!
მე ამდენს არ მოველოდი და გოგას დავუძახე. ფული გადავიხადე.
ვუყურებდი ამ ძალად საქმიან სუბიექტს და გიჟობანას თამაში მომინდა. ასე მინდოდა გამომეხატა პროტესტი,ზოგადად ჩემს თავს დამტყდარ, უეცარ გარემოებათა გამო და დამეფიქსირებინა სოლიდარობა, მოსაცდელში უაზროდ მომლოდინე, იგნორირებულ ასაცრელთა მიმართ.
_აბა,ახლა ნამდვილად გისმენთ.დასაწყისისთვის გეტყვით,რომ ის რაც თქვენ სახეზე გაქვთ,საკმარისია იმისათვის,რომ გამოუსწორებელი ,გნებავთ ფატალური შეცდომის მიზეზი გახდეს,თუ ვაქცინაციას ბოლომდე არ მიიყვანთ. 85 ლარი ხომ გადაიხადეთ, ამის შემდეგ ყოველი ნემსი 10 ლარი დაგიჯდებათ. ახლა მომიყევით რა მოხდა?
_კატა თქვენია?-ვითომ ისე სხვათაშორის იკითხა ექიმმა და ისევ უჯრაში ჩაძვრა. მერე ქაღალდზე, უჯრიდან რომ ამოიღო, რაღაცის წერა დაიწყო.
_არა, კატა ჩემი არ არის.
_უპატრონო და ველურია?
_ველური რატომაა? ვიცნობ მაგ კატას და საჭმელსაც ვაჭმევ. დალილა ჰქვია.
_ე.ი. თქვენია?
_ჩემი ნამდვილად არ არის, მაგრამ ცამცუმის მეგობარია. უფრო სწორედ ცამცუმის ქალია.
_ცამცუმი ვინ არის ?_არ შედრკა ექიმი.
_ცამცუმი ჩემი კატაა და ხვადია. იცით .....
_ცამცუმი კატის სახელია?
_დიახ, დიახ, ცამცუმი ანუ სამსუნი. იგივე სამსონი გახსოვთ ალბათ ისრაელელთა ერთ-ერთი მსაჯული. მისი დალილაც გემახსოვრებათ. ხოდა ეგ შავი კატა ჩემი ცამცუმის დალილაა. ცამცუმიც ქუჩიდანაა აყვანილი. აი, იმ კაცის შვილიშვილი აწვალებდა, რომლის სახურავზეც გამკაწრა შავმა დალილამ. ჩემი ცამცუმი და დალილა ძალიან უხდებიან ერთმანეთს, მართალია მას ისეთი დალალები არ ააქვს, როგორც სამსონს, მოკლებეწვიანია, მაგრამ ძალიან ლამაზია. უფრო იმიტომ მიყვარს ცამცუმი ტორკვატოს გავს ძალიან. ისეთივე თეთრია, შავი ასიმეტრიული ლაქებით. გულადიცაა. აი, გოგა ამბობს ცამცუმი შეუპოვარია და ”დამზადნავი” არ არისო.
_ტორკვატო ვინ არის?
_ტორკვატო ტასო, დიდი პოეტი იყო.
_მერე თქვენს ცამცუმს, როგორ გავს?
_არა, თქვენ ვერ გაიგეთ . ტორკვატო ჩემი კატა იყო ცამცუმამდე და ეს სახელი, ტორკვატო ტასოს საპატივცემლოდ შევარქვი. მერე ტორკვატო ციხეში, ბიბლიოთეკაში ცხოვრობდა.
_რა დააშავა ასეთი პოეტმა კაცმა?
_პოეტი ტორკვატო არა, ჩემი ტორკვატო იყო ციხეში.
_მერე, მერე ქალბატონო?
_ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩემი სიძე, ვ.დომუხოვსკი, რომ დააპატიმრეს, ორთაჭალის ციხეში იჯდა. იქ ბიბლიოთეკა გააკეთა პატიმრებისათვის, მეც მივეცი წიგნები. მერე ტორკვატო მთხოვა, მეტი სიმყუდროვისათვის. პატიმარ კაცს უარს როგორ ვეტყოდი და ტორკვატომაც ზონაში ამოყო თავი. მერე ვიქტორი გამოვიდა და ჩემი ტორკვი სხვა პატიმრებისათვის დარჩა ციხეში. ეს დიდი ხნის წინათ იყო. ერთმა პატიმარმა წერილიც კი მომწერა. ტორკვატო რომ არა, აქ გაჩერება გაუსაძლისი იქნებოდაო. ძალიან გონიერიაო.
ექიმი პირუტყვივით მომშტერებოდა. ყური საბოლოოდ დათრეული მქონდა. გამოლენჩების ყველა სიმპტომი სახეზე იყო. ხელს არავინ არ მიშლიდა და მეც შეუბერე.
წიგნს ვწერ ახლა და იქ მთავარი გმირი შავი კატაა, მას სახელად სოლომონი ჰქვია. სოლომონი დროში მოგზაურობს. ის დიდი ქურუმის, მენკანრარის დროიდან ჩვენამდე მოდის და სხვადასხვა დროით და სივრცულ განზომილებებს გადის, რათა მოგვიტანოს და განგვიმარტოს კაცთა მოდგმის საიდუმლოს არსი, რომელიც დასაბამიდან ჰერმეს ტრისმეგისტრის ზურმუხტის ფირფიტებზე ჩაწერილი დღემდე ამოუცნობია კაცთათვის. ბევრნი ეცადნენ, მაგრამ ამაოდ. გახსოვთ, ალბათ, როგორ დასდევდა ლიდიის მეფე მიდასი ფავნს, როგორ ევედრებოდა აეხსნა მისთვის ”ყოფიერების არსი”. შეუძლებელია არ გახსოვდეთ ფავნის პასუხის მომაკვდინებელი უსასოობა:
აბა უსმინეთ! რა ფატალურად ჟღერს მისი პასუხი:
”ო,უბადრუკო, წუთიერო მოდგმავ,
შემთხვევითობის და სიდუხჭირის პირმშოვ!
განა შენ შესძლებ ყოფიერების საიდუმლოს წვდომას?
არ ყოფნა, საერთოდ არ დაბადება, აი, არსი ყოფიერებისა...”
_ვაქცინაციისათვის კატის ფერს მნიშვნელობა არა აქვს.
ძირშივე მოკვეთა ჩემი ანატოლიური კრუისი ექიმმა და ის გამოიტანა საპოლემიკოდ რაც მისთვის გასაგები და ახლობელი იყო. ხოლო ვიღაც პარანოიკი მიდასი, მანიაკალური ჟინით აღძრული, როგორ ცდილობდა კაცთა მოდგმის საიდუმლოს ახსნას, ვერაფრით ვერ მოხვდა მისი ვიწრო, ანტირაბიული სივრცის დაფარვის ზონაში. ამიტომ ჩემს მიერ მგალითად მოყვანილი, მცირეაზიელი მეფის ზოგადკაცობრივმა სევდამ ექიმის თავის კიტრისფორმის ორბიტის გარშემო ერთხანს იტრიალა ამაოდ, მასში კაცობრივის ვერ აღმოჩენით გაწბილებულმა მაღალ სიხშირეებს მიაშურა და უკვალოდ გაუჩინარდა.
ექიმმა გამომკითხა სახელი, გვარი, მამისახელი, წლოვანება და კიდევ რაღაცეები ჩაწერა იმ თავის დავთარში, მრავალ ენაზე. წერას რომ მორჩა, ისევ მომაშტერდა უტყვი თვალებით და კბილებში გამოსცრა:
_კატამ ქუჩაში გაგკაწრათ?
_არა, სახურავზე.
_საინტერესოა, თუ შეიძლება აღწერეთ გაკაწვრის აქტი.
_კი, ბატონო, არ არის პრობლემა.
დილიდან კარგ ხასიათზე ვიყავი და ”ენუმა ელიშს” ვკითხულობდი. ხომ გახსოვთ:
”როცა მაღლა ცა არ იყო წოდებული,
დაბლა ხმელეთს სახელი არ ერქვა,
როცა არცერთი ღმერთი არ ჩანდა,
სახელი არ ერქვათ, ხვედრი არ ეწერათ ... ”
ექიმს შევხედე, მომენტალური გამოცოცხლების შემდეგ ისევ დალენჩდა. თვალებს არაადექვატურად ძაბავდა, ვერაფრით მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს. მეც განვაგრძე.
გესმით სად ვიყავი? ბურანუნა და იდიგინა ჭეშმარიტი მამრები, თავიანთი ფორმითაც ფალოსს რომ განასახიერებენ, როგორ მიიწევენ თიამათისაკენ, რათა იქ ურთიერ შერევით თიამათის მლაშე პირველსაშოში თიხით დაძერწილიყო პირველქმნილი ”მე”. გესმით აბზუ აქ ზოგადკაცობრივი ”მე”-ს მშობელია. და ეს ”მე” მხოლოდ ქართულშია ამ ფორმით შემონახული.
”აპსუ, პირველი მათი ჩამსახველი,
მუმმუ- თიამათ ყველას მშობელი, თავთავიანთ წყლებს ერთურთში ურევდნენ..."
მინდა გითხრათ, რომ პოემის ესთეტიკის ქალწულებრივმა ხელთუქმნელობამ, მისმა კოსმიურმა უკიდეგანობამ, ქმედებათა აღწერის უშუალობამ, უდროობას მაზიარა. 5000 წელზე მეტი, ჩემში დაბადებულმა განცდამ, წამში სადღაც გადასტყორცნა. სამყაროს შესაქმის, მისი ჩასახვის, განუზომელ სივრცესა და უდროობაში განხორციელებული სქესობრივი აქტის უშუალოდ განმცდელ-გამზიარებლად ვიქეცი.
ამით მე იმის თქმა მინდა, რომ კატაზე და მითუმეტეს შავ დალილაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. და რა თქმა უნდა არც სახურავზე ავსულვარ ჩემის ნებით.
_თქვენ სახურავზე ახვედით და კატამ იქ მოგჩხაპნათ?
_დიახ, დიახ! აბა სად?კატა ხომ სახურავზე იყო.
_კარგი, თქვენ ამბობთ კატას ვიცნობო, სახელიც დაგირქმევიათ დონარა.
_არა, ექიმო, კატას დონარა კი არა დალილა ჰქვია.
_ჰო, დალილა. უკაცრავად. დონარა ჩემი ექთანია.
_თქვენ შეგიძლიათ დალიდაც დაუძახოთ, არ იქნება შეცდომა, მხოლოდ არა დონარა, ეს სახელი სულ სხვა წარმოშობისაა, მას ფილისტიმურთან საერთოდ არა აქვს კავშირი.
ექიმი ზედმეტად დათრგუნვილი მომეჩვენა. კიტრა თავი მიუჩვეველი დატვირთვისაგან კიდევ უფრო დაგრძელებულიყო და ჩემს მიერ წარმოთქმული ყოველი ახალი ფრაზის შემდეგ სულ უფრო და უფრო იწელებოდა. თავს სხეული გამოყვა. ექიმი ახლა მთელი ტორსით იყო ჩემსკენ მომართული. კარგა ხანს იყო ასე მოღერებული. თითქოს მოეშვა, ისედაც გამორეცხილი უაზრობა ცისფერ თვალთა, საერთოდ ჩაკვდა. მე გავიტრუნე. ისეთი გრძნობა დამეუფლა ბავშვობაში ქათამზე ოსტატურად ჩატარებული ჰიპნოტიკური სეანსის დროს, რომ ჩნდება. დაჟინებული მზერით გაშტერებული, კისერმოღრეცილი და სადღაც მოუსავლეთში მაცქერალი ხელში რომ გიჭირავს და ორივე კარგად გრძნობთ თავს. შენ იმიტომ რომ ეს შესძელი, ის იმიტომ რომ ცოტახანი ისე გაითიშა, დაავიწყდა ყველაფერი, მათ შორის ისიც რომ ქათამია.
თავდავიწყება წამიერი იყო. თავმაც ყოველგვარი ნარჩენი დეფორმაციის გარეშე დაიბრუნა ბუნებრივად განუმეორებელი ფორმა. ჩემთვის არაფრისმთქმელმა, რამოდენიმე წმინდა სამედიცინო ფრაზამ მომენტალურად მოახდინა სივრცის რეაბილიტაცია და აღუდგინა მას გაურკვევლობაში გადასროლილი სტატუსი.
ექიმი სწრაფი მოძრაობით წამოდგა და მანიშნა სასწორზე დავმდგარიყავი. ხელი დაიბანა შპრიცი მოამზადა და ჩემი შეკითხვა- რამდენი ნემსი უნდა გავიკეთო - უპასუხოდ დატოვა.
თვალებში შევხედე განაჩენის ამოსაკითხავად. თვალები ისევ პირუტყვის ჰქონდა. მხოლოდ შურისძიების დაუოკებელი სურვილით ჩახმახზე შეყენებული მარჯვენა იყო საბედისწეროდ მეტყველი. ანტირაბიული ქმედებების დიდოსტატის დრო იდგა. ახლა ის წყვეტდა, რომელი იდიგინა, რომელ ბურანუნასთან ერთად ვის საშოში შეიყვანდა თავის მლაშეს თუ მტკნარს.
ეჭვგარეშე იყო კარგი არაფერი მელოდა. მისი ელვარე მრისხანების შესანელებლად მაამებლურად შევბედე:
_ექიმო! იუდეველთა დავითს გავხართ, ფილისტიმელი გოლიათის წინააღმდეგ საბრძოლველად გახაზირებულს.
_გოლიათი ალბათ თქვენ ხართ?
ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი იმდენად გამაოგნებელი იყო ჩხვლეტა. სადღაც შიგნით ვერაგულად, სულისგაწვრილებამდე ჩამჩეხეს. ვერ წარმოვიდგენდი, ერთი ჩხვლეტით თუ შეიძლებოდა ადამიანის ასე შეურაცხყოფა.
_გეწვით?გექავებათ?
_არა. ერთი ეს მითხარით გეთაყვა, თქვენთან ყველა ასეთი ვნებით და თავგანწირვით ეკიდება საქმეს, თუ მე მარგუნა ღმერთმა ასეთი ბედნიერება?
ექიმი კმაყოფილი ჩანდა. კითხვამ ხელის გამშრალების მომენტში გაიჟღერა. პირსახოცი ჩამოკიდა და ჩემსკენ შემობრუნდა.
_ჩვენ ოთხნი ვართ. მე საუკეთესო ვარ ოთხეულში. კიდევ გაქვთ კითხვა?
_მაქვს. მე პატარა ნაჩხაპნისათვის ჯერ ვერ გამირკვევია რამდენი ნემსი უნდა გავიკეთო და ისინი, ამ კარების იქეთ, თავყბაგადახვეულები რომ გელოდებიან, რა? უნდა გაცოფდნენ?
_თქვენ შეგიძლიათ აქ მოიცადოთ, თუ უფრო საინტერესო საზოგადოება გჭირდებათ მოსაცდელში მობრძანდით. შემდეგი ჩხვლეტა ოც წუთში. სულ რვა ნემსი უნდა გაკეთდეს. აი, თქვენ კი სამ საათში გამოიარეთ. -ახლა გოგას მიუბრუნდა ექიმი, ერთი ბოროტად გაიღიმა და რომელიღაც კარებს იქეთ გაუჩინარდა.
გოგამ ამდენი ხნის ჩასუნთქული კიბეებზე ხარხარით ამოისუნთქა.
გარეთ გამოსულს მეამბოხეები შემომეხვივნენ. ჯერ ჩუმად მათვალიერებდნენ და მერე წამოვიდა კითხვების წვიმა.
_რა ქენით, ქალბატონო, აგცრეს? -პირველი მოკრივე მეგრელი გადმოვიდა შეტევაზე.
_რას ქვია ერთი გაგიკეთეს? აბა, რამდენია გასაკეთებელი?
_მგონი რვა, არ ვიცი ზუსტად.
_რას ამბობთ!? ფული, ფული გადაიხადეთ ქალბატონო?
_85 ლარი.
_დიდუ, რატომ ამდენი ქალბატონო. შემომხედე ერთი აქეთ თუ შეიძლება.
მოკრივემ დიდი ხანი ყურადღებით ათვალიერა ჩემი ფიზიონომია და ბოლოს მკითხა.
_თქვენ ძაღლმა გიქნათ, თუ კატამ?
_ კატამ და ეს კატა აცრილია, ჯანმრთელია და არაფერიც არ ჭირს. აი, ეგ ექიმი კი სადისტია და თან ნემსის კეთება არ იცის, ჩამომიღო მხარი.
_ახლა მე გეტყვი შენ, ჩემო ქალბატონო, რომ მაგან გადაწყვიტა ყველას ნემსი თქვენ გაგიკეთოს. თქვენ რა გჭირთ სარვანემსო. საერთოდ ერთ ნემსს აკეთებენ და 35 ლარი ღირსო. ადრე საერთოდ უფასო იყოვო.
_კაცო, მე ერთი რამე ვერ გავიგე? თუ რვა ”ლემსი” 85 ლარი ღირს, მაშვინ ჩვენი გასაკეთებელი ერთი რატომ ღირს 35 ლარი?
მეგრელები ჩემს წინ ჩაცუცქდნენ. თმაგაწეწილმა ქალმა მოხარა თავისი დასიებული, სიმწრისაგან დალურჯებული ფეხი და მოსაცდელმა ცოტა ამოისუნთქა.
_უჰ, აგაშენა ღმერთმა! შლაგბაუმივით არ გქონდათ გადებული ქალბატონო. ასე არ ჯობია? ფეხიც დეისვენებს და ჩვენც ვიმოძრავებთ გემოზე -არ ცხრებოდა ერთერთი ტყუპისცალი.
ნელნელა განწირულთა გონება უცნაური აზრების საბუდრად გადაიქცა. ჩემს გარშემო რკალი შემოიზღუდა. ყველა გაერთიანდა და მრავლისმთქმელად შემომჩერებოდნენ. საუბარში მეც ჩავერთე და გავიგე რომ შლაგბაუმა ფეხის მქონე ქალბატონისთვის ღორს უკბენია. სამი ძაღლისგან იყო დაკბენილი, ხოლო ორი ტყუპი მეგრელი, რომელიც ლეხაინდრაოდან იყვნენ ჩამოსულები, ელიავას ბაზრობაზე, დროის მოკვლისა და გართობის მიზნით ქუჩაში დაჭერილ კატას დაუპორჭყნია რიგრიგობით. მე ამ ამბავმა დამაინტერესა, ზრდილობაც მოითხოვდა დავინტერესებულიყავი ამ უდღეურ სივრცეში, ბედის სიმუხთლით, დაპორჭყვნის დარგში კოლეგად ქცეული თვისტომით.
_ბაზრობაზე კატა სად იშოვეთ?
_კატა, ქალბატონო, უსაქმურობამ გვაპოვნინა. ჩვენ, მეც და ბანძღიც, სოფლიდან ვართ. მე მებრძოლი მქვია. იქ, რომ სამუშაო ვერ ვიშოვეთ აქეთ წამოვედით. ვყრივართ ამ ბაზრობაზე, იქნებ რამე სამუშაო გამოჩნდეს. ხომ იცით ზოგს მიწის ამოთხრა უნდა, ზოგს ჩაყრა და რა ვიცი კიდო. სხ;ვა საქმის რა მოგახსენო, მაგრამ ”იამას ” ისეთს ამოვთხრი, ორივე ხელით ატვეჩაი ვარ. ოდა, ვზივარ ჩემთვის და ვფიქრობდი რაღაცას და ამ დროს კატა გამოჩნდა. ლამაზ-ლამაზი კატუნია და მოვეფერები თქვა ვიფიქრე. დოუძახე მარა მთლად ახლოს არ მოვიდა და ვტაცე მაშინ კუდში. ამას უნდა ვითომ მიკბინოს და კუდისკენ ტრიალდება და არის ერთ ამბავში. მე ავწიე ზემოთ და დავატრიალე კუდით. ვატყობ არ მოწონს რაცხა, მე ვიცინი ჩემთვის და მომწონს კატას რომ ვატრიალებ, კატას არ მოწონს. და უცებ ეს ძაღლის გაგდებული არ მეცა ხელზე და დამიწყო პორჭყნა?! მპორჭყნა და მპორჭყნა. მინდა მოვიშორო და ვერ ვიშორებ. ახლა ბანძღიმ ხომ დაინახა ეს, მე სისხლისგან ვიცლები ისეთ დღეში ვარ, თან ისე ჩხავის კატა არავინ არ მეკარა. ბანძღიმ სტაცა კისერში და მე მომაშორა, მარა მერე გაბრაზდა რაღაცაზე ბანძღიც, ისე იქცეოდა კატა. არ იყო მთლად ნორმალური და ბანძღი კიდო უარეს დღეში ჩააგდო. დავდივართ ახლა ასე ბოქსიორებივით და მერე რა მწარე ყოფილა კატის მოპორჭყნილი. ძაღლის არ არის ასეთი მტკივნეულ, ვიცი მე ძაღლსაც უკბენია ჩემთვის.
მებრძოლი გაჩერდა . კაბინეტის კარიც გაიღო და შემდეგ აცრაზე დამიძახეს.
_მობრძანდით გადაცდა დროს. საათი არ დაგინიშნიათ?
_არა, მე საათს არ ვატარებ.
_აბა მკლავი,დაუშვით და თავისუფლად.
ისევ ის მაწაკი ჩხვლეტა. და ცოტა ხნის შემდეგ:
_გეწვით,გექავებათ?
_არა.
_შემდეგი, ნახევარი საათის შემდეგ. ისე ვატყობ მოგეწონათ ჩვენი პაციენტები, ხომ არიან გემოზე დაბდღვნილები. ფულის გადახდა არ უნდათ. უფასოდ უნდათ ყველაფერი. ისე არ გაგიკვირდეთ, გამოსავლის ძიებაში რაიმე უცნაური შემოთავაზებები თუ გაუჩნდებათ. ნახევარ საათში შევხვდებით.
გარეთ გამოსულს დიდი თანაგრძნობით დამხვდნენ.
_გეტკინა, ჩემო დაია!
_საზიზღრად აკეთებს.
სკამზე ჩამოვჯექი და ჩემს გარშემო საზოგადოებას გადავხედე. სულ ექვსნი იყვნენ. ორი ტყუპი მეგრელი. თმაგაწეწილი და ღორის დაკბენილი მარტყოფელი ქალბატონი. მეოთხე ჩვეულებრივი მაგინებელი, მეხუთე მაგინებელი შეტან- გამოტანით და მეექვსე მუნჯი, რომელსაც ჯერ ხმა არ ამოუღია და როგორც დამხვდა პირუტყვი, ასევე აგრძელებდა. მხოლოდ თვალებს აბრიალებდა.
როგორც ყოველთვის მებრძოლი აქტიურობდა. ის ჩემს თვალწინ, იმუნიზაციის ცენტრის მიერ იგნორირებულ პაციენტთა აშკარა ლიდერად ყალიბდებოდა.
მებრძოლი მომიახლოვდა, გადაბლართული ხელები მკერდზე დაიკრიფა, ხმა უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით აღავსო, ტუჩები მავედრებელ პოზაში მოპრუწა, თვალები სადღაც უსაზღვრობაში გასტყორცნა და მღაღადებლის ხმიანობით დაიწყო.
_ჩვენო ძვირფასო ქალბატონო! ჩვენ ვხედავთ, ეს სადისტი თვითმარქვია ვაი ექიმი, როგორ გაწვალებთ ფულის გამოძალვის მიზნით. აშკარად ადამიანის წამების ფაქტთან გვაქვს საქმე.
თქვენ რომ ექიმთან შეხვედით კარი არ იყო კარგად მიხურული, ამიტომ ჩვენ ყველაფერი გვესმოდა, რადგან მე ყველაზე ახლოს ვიდექი კარებთან და თუ სიმართლე გინდათ, ყურიც მქონდა მიდებული. ამიტომ თქვენი ცამცამის, შავი დალის და ქურდების საყვარელი კვანტორას ამბები გავიგეთ, გულთან მივიტანეთ და, ბანძღის თავს გეფიცები, ნამეტანი განვიცადეთ.
_კვანტორა არა, ტორკვატო.
_უჰ, ეს როგორ შემეშალა?!
_და არც ცამცამი. ჩემს კატას ცამცუმი ჰქვია.
_დიახ, ქალბატონო! ბევრი შეცდომები დავუშვი, ისეთი სახელებია ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ თქვენ ისეთი კეთილი ჩანხართ არ მიაქცევთ ამას ყურადღებას და მოგვისმეთ ბოლომდე.
ჩვენ აქ მოვილაპარაკეთ. გეტყვით ახლა რა. თუ დაგვთვლის ახლა აქ ჩვენ კაცი ექვსი ვართ. თქვენ, ჩვენო ქალბატონო, რვა ნემსის ფული გადახდილი გაქვთ, აქედან ორი გაიკეთეთ. რადგან შავი დალილა, ხომ სწორად ვთქვი სახელი, მგონი არ შემშლია?
_არა.
_ქალბატონო! თქვენ ჩვენი თხოვნა შეგვისმინეთ და ყველა თქვენი კატის სახელს სიკვდილამდე არ დავივიწყებ და გულის ფიცარზე დავიწერ.
მე იმის თქმა მინდა, რომ თქვენი დალილა აცრილია, თქვენი მონათლულია, სახეზეც არაფერი ფარცაკი არ გაქვთ, ღმერთის წყალობით. თუ თქვენ თანახმა იქნებით, თქვენს თავსაც არ გაიწვალებთ და ჩვენს მდგომარეობაში შეხვალთ, იმ დარჩენილ ექვს ნემსს ჩვენ გავიკეთებთ თითოთითოდ. ამით ჩვენ ჩვენის მხრიდან თქვენ დაგიხსნით ამ სადისტის კლანჭებიდან და ჩვენც იმედი მოგვეცემა, რომ მთლად პირზე დუჟმომდგარ ცოფიანებად არ გადავიქცევით. აი, ეს არის ჩვენი თხოვნა და გვაინტერესებს თქვენ რას იტყვით ამაზე.
მე ხმას არ ვიღებდი. მებრძოლმა თვალი თვალში გამიყარა. თითქოს ცდილობდა ეკონტროლებინა ჩემი აზრების მსვლელობა და არ მიეცა მათთვის საჭირო კალაპოტიდან იოტისოდენა გადახრის შესაძლებლობლობა.
_ბატონო მებრძოლი! მე კი, მაგრამ მგონი ეს შეუძლებელია.
_იმან გითხრა ხომ, მაგას რას უსმენ? ყველას ერთ ”ლემსს” უკეთებენ და თქვენ რად გინდათ რვა?
_მიბრძანდით და თქვენ შესთავაზეთ, თუ ექიმი გარანტიას მომცემს, რომ არაფერი მომივა, კი ბატონო, მე სულ არ მეხალისება ჩხვლეტა.
_არა, ქალბატონო, ეს თქვენ უნდა დაიჩემოთ, თორემ ეს ვის რა პირობას მისცემს.
ექიმის კაბინეტისაკენ გაიშვირა ხელი მებრძოლმა
_კარგი, ბატონო, რახან არ არის საშველი გავცოფდებით და ეს იქნება. და გაცოფების მომენტი რომ არ გამომეპაროს და პირველი ეს დავკბინო, აქ დავსახლდები. აბა, ერთი ხელი მახლოს ვინმემ.
გამოჯანმრთელდება ნათელაშვილიც ამასობაში და დიდ პლაკატებზე და ტრანსპარანტებზე წაეწერება ეს ყველაფერი. ლეიბორისტების მთავარ ლოზუნგად აწი:”საქართველო ცოფიანების გარეშე!”-იქნება. მერე ამას მთელი ევროპა ხომ დაინახავს, ინგლისურადაც ვათარგმნინებთ. ხომ იკითხავს ის ხალხი რაშია საქმეო, იქ ევროპაში? ამათ ცოფიანებიც ყოლიათო და ვნახოთ მერე როგორ შევლენ ნატოში.
_ნატო არა ლამზირა! -ძლივს ხმა ამოიღო კუთხეში შეჭუჭკნულმა.
_სად გაგონილა ხალხი თავისუფალ, ევროპის ერთერთ მოწინავე ქვეყანაში ოუცრელი დადიოდეს და გარემოში ცოფის ბაცილებს ავრცელებედეს?! - რეალობის მოწოდების დონესთან შეუსაბამობას ჭკუიდან გადაყავდა ბანძღი.
_მართალია, ნატოში მხოლოდ აცრილი ხალხია -ხმა ამოიღო ღორის დაკბენილმა მარტყოფელმა ქალბატონმა, რომელიც ფეხის მოხრის შემდეგ მოეშვა, მოითენთა, მაგრამ ”საქართველო ნატოში” თემის გააქტიურებისთანავე თავადაც გამოცოცხლა და გაააქტიუდა.
მერე ყველა გაჩუმდა და ერთმანეთს ათვალიერებდნენ
მეც ჩუმად ვიყავი და პირდაპირ ფანჯარაში ვიყურებოდი შემდეგი ჩხვლეტის მოლოდინში.
_კარგი ქალბატონო, კარგ ჩხვლეტებს გისურვებთ და მოკითხვა თქვენს სამსონს და დალილას და ყველა კატას რომელიც გყოლიათ და გეყოლებათ ... აბა ჰე. ჩვენ კი, ძვირფასებო, დღეიდან აქ დავიძინებთ და აქ ვიცხოვრებთ გაცოფების ვადის გასვლამდე, მერე? მერე, სულ რომ არაფერი გავაკეთო ამ ქვეყანაზე, ნაციონალურ მოძრაობას მაინც გამოვაჭენებ საქვეყნოდ - ავისმაუწყებლად გაამუქა მებრძოლმა ღრუბლები ნაცმოძრაობის თავზე.
მე მესამე ნემსზე შევედი.
_გეწვით,გექავებათ?
_არა.
_გეწვით გექავებათ?
_არა ....და ასე ექვსჯერ.
ბოლო ნემსზე ექიმმა ცნობარი მომაწოდა, მთხოვა ყურადღებით წამეკითხა. დარჩენილი აცრების დღეები დამინიშნა. ღვინო არ დალიოთო გამაფრთხილა. მერე გამომცდელად შემომხედა.
_რატომ არ დათანხმდით შემოთავაზებას.
იმდენად დამთრგუნა ყოველივემ, აღარც გიჟობანა მინდოდა და ერთი სული მქონდა, როდის გავეცლებოდი ამ უბედურებას.
_არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ რომელიმე მათგანი შეიძლება მართლა გაცოფდეს?
_მე არ მჯერა იმის, რომ ადამიანმა 35 ლარი ვერ იშოვოს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. მერე კიდევ ეს მე არ მეხება. მე მხოლოდ აცრა უნდა ჩავატარო კვალიფიციურად.
_ყველაფერი გასაგებია. საკონტაქტო ნომერი მომეცით თქვენი, იმ შემთხვევისათვის ეგეც თუ არ გამოგივიდათ კვალიფიციურად.
ექიმმა ცნობარში ხაზი გაუსვა თავის ნომერს და ხაზგასმითვე მითხრა:
_მხოლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შევხედე ამ კიტრისთავას, საბჭოთა პერიოდის რკინა-კავეულის მაღაზიის, ცელ-ნამგალთა განყოფილების ნოქარს რომ გავდა და ვინანე, ბოლომდე რომ არ მოვიგიჟიანე თავი.
_რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! კანტის ტრანსცენდენტალიზმზე შესაფერის სივრცესა და უფრო კომპეტენტურ გარემოში ვისაუბრებ. კარგად ბრძანდებოდეთ.
კიბეებზე ჩამოვედი. მომიტინგეები და გოგა კარებთან მელოდებოდნენ.
_კარგად ქალბატონო, ნახვამდის ხელს მიქნევდნენ მებრძოლი და ბანძღი, დანარჩენები ჩუმად დამემშვიდობნენ.
მანქანაში ისე ჩავჯექი ხმა არ ამომიღია.
_რა იყო ქეთუშ, რა გადარიე ეგ კაცი, რა შეეცი ამ შესაქმით, კოსმიური სქესობრივი აქტით, რომლის მომსწრე და მონაწილე ვიყავიო. ვიღაც იდიგინამ თიამათს როგორ შესცა ჩემი თვალით მაქვს ნანახიო. იდიგინა მგონი გინება ეგონა. რამდენჯერაც ეგ სიტყვა იხმარე, იმდენჯერ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
_მერე ეკითხა და ვეტყოდი.
_მე მითხარი რა არის?
_ტიგროსის ძველი სახელია.
_ის მეორე, მაგის ”ნაპარნიკი” თიამათს ერთად რომ ქინძავდნენ?
_ბურანუნა.
_ჰო, ეგ ვინღა არის?
_ეგ ევფრატია.
_აბა უყურე შენ?! მოიცა, შენ რა გინდა თქვა სამყარო ჯგუფური სექსის პირმშოა.
_რა არ ეტყობა?
ისე ვერ მოწვი რამდენჯერ გკითხა ნასვამი ხომ არ ხართო, რაღაც მთლად საღად ვერ მოეჩვენე.
გარეთ კიდევ ამათმა გახვრიტეს ყურები, უფასო აცრებს ითხოვდნენ, გაცოფებით, ნატოში ინტეგრაციის პროცესის ჩაშლით და ნაციონალების სააშკარაოზე გამოჭენებით იმუქრებოდნენ.
სანამ ჩვენი ღრმადპატივცემული ექიმი შენი საჯდომისაგან საცერს აკეთებდა ესენი სულ შალიკო,შალიკოო გაიძახოდნენ.
_შენ გეცინება და მართლა რა უნდა ქნას ასეთ დროს ადამიანმა. თუ არა აქვს? 35 ლარი დასაწყისია ამით ხომ არ მთავრდება აცრები.
_კარგი, მორჩა, გადავიტანეთ ყველაზე მძიმე ეტაპი. მიგიყვან ახლა სახლში, მერე უნდა დავიარო ადგილობრივი კატები და გავაფრთხილო, თუ თავის იმედი არა აქვთ, რომ უკანვე ჩამოვლენ, ხეებს და სახურავებს მოერიდონ. მოკლედ ვეტყვი შენი იმედი არ ჰქონდეთ. თუ იქნებ საპატრულო პოლიციაში, ქვეგანყოფილება ჩამოვაყალიბოთ მაგალითად ”კატების ხსნის კომიტეტი”-ს პონტში, შენ თავმჯდომარედ რომ გაიჩითო. ა, ქეთუშ! პორჭყვნა მერე ნახე შენ.
კაი ხო, გაიცინე რა მოხდა ასეთი. ისე ძმაო, ვისაც არ ვკითხე არავის ამდენი ნემსი არ გაუკეთებია. რაღაც სადისტური ყველა ექიმშია და შენ კიდევ შეეცი ამ ფალოსით, უდროობაში აყენებულით და შესაქმეს სექსუალობით. ეგ უნდოდა მაგას, ვერ დაინახე რა ფორმის თავი ჰქონდა, უდროობაში ეგეთი ფორმის თავით ალბათ გაძლება ჭირს, შენ კიდევ აყენებული, აყენებულიო. გადელდა კაცი. ქართულად ელაპარაკებიან და არ ესმის. მაგას მე მგონი უდროობაში კი არა კალენდარულ დროში უჭირს ეგეთები. წარმოიდგინე ერთი როგორია?
_მითხრა კიდევაც, მხოლოდ აცრასთან დაკავშირებით შევწუხდებიო.
_აჰა, ესეც მე ვარ?გეუბნები მაგრად შეშინდა.
ამასობაში სახლთან მოვედით. შავი დალილა ჩემი სარდაფის ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და მომეგება.
_მიდი აჭამე ახლა მაგას, კარგად, რომ გამოძღება, აპორჭყნინე და აპორჭყნინე რამდენიც გინდა! ერთი წელი თავისუფალი ხარ!
გოგა წავიდა. მე და დალილა სადარბაზოში შევედით.
ერთი კვირა არა მიშავდა. ერთი კვირის თავზე პავიანის უკანალს დაემსგავსა ჩემი საჯდომი. მაღალი სიცხეებით მეორე კვირა საწოლში გავატარე. დარჩენილი ორი ნემსი მართლაც პროფესიონალურად გამიკეთეს, ოღონდ სხვებმა.
მერე ყველაფერმა გადაიარა. ახლა ვფიქრობ ხომ არ მივიდე ”უიმონოლოგიის” ცენტრში და გადატანილი ტანჯვის საკომპენსაციოდ იმ კიტრას, ჩაკეტილ კაბინეტში, ბანძღის და მებრძოლის თანდასწრებით, ხომ არ წავუკითხო თავიდან ბოლომდე ძველშუმერული ”შესაქმე”, შესაბამისი კომენტარებითა და განმარტებებით.
თბილისი, 2008
Brak komentarzy:
Prześlij komentarz