piątek, 10 kwietnia 2009

პეგასი

მახსოვს პატარა ვმეგობრობდი მფრინავ პეგასთან,
ის მასწავლიდა ცაში ფრენას ლაჟვარდის ფრთებით.
მეც დავფრინავდი თეთრი რაშით სიზმარში ცაში
და ვივსებოდი უსაზღვრობის შეგრძნებით მაშინ.

ერთხელ, როდესაც წვივნი დაძაბა, წამოიწია,
ნახტომის რკალმა გაარღვია სივრცის ზეკარი,
სურვილის ნებამ გადალახა ნდომის საზღვარი
და ფრთების ფერმა ზეცის სივრცე ლურჯად დასერა.

ჩამჩურჩულებდა ერთად დავრჩეთ, მუდამ, ზეცაში,
ფრენის სურვილი შენში მუდამ ლურჯად ელავდეს,
რომ სულის სივრცე უსაზღვრო და თავისუფალი,
მუდამ ცისაკენ, ლაჟვარდისაკენ მიისწრაფოდეს.

არ დაიღალო. მეძებე ყველგან და ყველაფერში,
მიწაში, ცაში, ცეცხლის ალში, ქარში, წვიმაში!
და თუ გაგწირა არ დაგინდო სრულყოფილებამ,
თავად გაჯერდი და გაზავდი სრულქმნილებაში!

და როცა გონი აინთება აზრის სიშმაგით
სული კი ისევ აივსება სილურჯით ფერთა,
სმენას გაგიპობს მრისხანება ჩემი ჭიხვინის
და გადაჯეგავს სივრცეს სიშლეგე მკერდსაკრულ წვივთა.
2002, აპრილი

Brak komentarzy:

Prześlij komentarz