sobota, 4 kwietnia 2009

ო, რა დარდია უკიდეგანო

 *     *     *
თუ ავბუნტდები და მომინდება,
იქ დაგამსხვრიო სადაც შეგწვდები,
ვიცი ამბოხი დარდად მექცევა,
როცა ჩემს სურვილს აზრით შევწვდები.
და სინანული ამავსებს სევდით,
რაღაც ჩამწყდება და ავტირდები,
მაშინ მივხვდები, შენშია რაც მწამს
და დასანგრევად არ მემეტები.

  *     *     *
ო, რა დარდია უკიდეგანო
ხეთა ფოთოლთა ყვითლად ფენაში,
ცეცხლის კრთომაში, ბოლის სურნელში
და მოთიბული მწვანის კვდომაში.
ო, რა სევდაა უკიდებანო
ხეთა ხმობაში, მთათა დგომაში,
სადღაც შორს მამლის დაყივლებაში.
გათენებაში, დაღამებაში.
ო, რა დარდია უკიდეგანო
ბავშვის ტირილში, კაცის დუმილში,
კაცად ყოფნაში და არ ყოფნაში,
გახსენებაში ,მონატრებაში.
ო, რა დარდია უკიდეგანო
ვერ შეძლებაში და ვერ შეცვლაში,
ო, რა დარდია უკიდეგანო
მარადისობის გაელვებაში.
19.06.2000

Brak komentarzy:

Prześlij komentarz