sobota, 4 kwietnia 2009

ულაყობის დღესასწაული

ულაყობის დღესასწაული

მუქი სილურჯის სიღრმე უძირო
და წინათგრძნობა სასწაულისა,
განცდა მრავალჯერ უკვე განცდილის,
უსაზღვრო ნდომა ახლად განცდისა.

ვნება შეკრული კისრის მძლავრ რკალში,
მზერა ირიბად გამოტყორცნილი,
გრძნობა ჭიხვინში რისხვად ქცეული,
გაუსაძლისი ნდომა ხორცქმნილი.

მარადისობის ძახილი ჯიშის
და მრისხანება ფაშატის ნდომის,
ო, ეს სურვილი ნგრევის და ლეწვის,
მარადისობის ერთ წამში ტევის.

გაშტერებულა სილურჯე ფერთა
გახლეჩვაზეა ნესტო ნოტიო,
ძარღვს თითქოს კუნთი დაუსერია,
თრთის ფეთქავს სისხლი სამისტერიო.

ყალყზე შემდგარა მოუთმენლობა
და დაუფლების ჟინი ველური,
ნება სიგიჟედ გაცხადებულა
და ულაყობის დღესასწაული.

მარადისობას შეასკდა წამი,
კუნთი ქანდაკად გაკერპებული,
ზეატყორცნილი, ამოხეთქილი,
და ულაყობის დღესასწაული.

ჭიხვინის ჭექა, ნახტონის ელვა,
გაუმაძღრობა ყნოსვით ნესტოთა,
არდახანება, შეწირვა მსხვერპლად,
და გამართლება ქვეყნად მოსვლათა.

მუქი სილურჯის სიღემე უძირო
და წინათგრძნობა სასწაულისა,
გამეორდება მრავალჯერ კიდევ
დღესასწაული ულაყობისა.

14.06.2000

Brak komentarzy:

Prześlij komentarz