სოფლის ბოლოში, შარაგზის ახლოს ბებერი მუხა მარტო კვდებოდა.
მუხის ძირას კი დაღლილი მგზავრი ჩამომჯდარიყო, გზას გასცქეროდა.
კაცი ფიქრობდა თავის სავალზე, მუხა კი ქვეყნის გზაგასაყარზე.
ჰო, იდგა ჟამი ფერისცვალების, ტანს ასველებდნენ თბილი წვეთები,
ქარით აწეწილ რტოთა ხმაურში წუხდნენ, შფოთავდნენ მუხის ფოთლები.
და იგრძნო მაშინ კაცმა წუხილი, ყური მიუგდო, ტიროდა მუხა,
ფეხზე წამოდგა, ახლოს მივიდა, ხელი შეახო, ცრემლი სდიოდა.
მაგრად მოხვია კაცმა მკლავები, იგრძნო სისველე მუხის ცრემლების,
მუხა ნელნელა სოთბომ აავსო, ეს სითბო იყო კაცის ხელების.
და იდგნენ ასე, კაცი და მუხა შარაგზის ახლოს განმარტოებით,
მუხა კვდებოდა, კაცი რჩებოდა ამბავს ყვებოდა ქარი რტოებით.
უხსოვარ დროში, როცა მე კაცად ქვეყნად მოვედი, ფერი ვიცვალე,
ჩემთა ცოდვათა სიმძიმის გამო მე მოვკვდი ვეღარ გარდავიცვალე.
სული დაშლილი უმცირეს წილად, არსს ვეღარ ფლობდა,
და დაწეწილი დაქროდა იგი ქაოსის ბნელში, იყო ლოდინი ხანგაწელილი.
იმ უაზრობის სამფლობელოში, სადაც არარსი დაწრწის პირუტყვი,
არარად ქმნილნი ერთდროს სულდგმულნი თრთიან კანკალში, ძრწოლვით,წუხილით.
ჩემი იქ ყოფნის ხანი არ მახსოვს
დრო რომ მოვიდა ის მახსენდება.
და ამ დრომ არსი მომცა მე სივრცის,
დაგადავიქეც მე წყლის სამყაროდ.
ხან წვიმად ვწვიმდი, ხან ვიყავ ცვარი,
ხან კი მდინარე მრბოლელი ჩქარი.
ხან ოკიანედ გარდავიქმენი და მერე ისევ რიჟრაჟის ცვარი.
როცა დამაშრო მზის ელვარებამ. მოვიდა მაშინ სხვა დრო და ჟამი.
მე მიწად ვიქეც მცენარეთ მშობლად, მერე კი თავად ვიშვი მიწისგან.
და როს შემეხო ერთხელ ცხოველი, მას გადავეცი ამბავი ჩემი.
ცხოველში დავრჩი, მერე კვლავ მიწა და ახლა ვკვდები როგორც ბერმუხა.
მრავალ სივრცეთა გადალახვაში ჩადებულია ფერისცვალება,
თითოეულის მახსოვრობაში ჩაკირულია იმ სხვათა წესი.
და მუდამ ასე ერთი სივრციდან, გაარღვევს თვის არსს გარდაცვალება
და გადმოიტანს თავის ძველ ამბავს ახალი ყოფის გამოცხადება.
იმ ცვარს რომ ახსოვს, იმ წვეთს რომ ახსოვს. მიწას რომ ახსოვს, ცას და ვარსკვლავებს,
ცხოველს და ფრინველს, ბალახს და ფოთოლს, ის აღარ ახსოვთ ადამიანებს.
და ცოდვის დებაც იმ წამს იწყება, როს არვის ახსოვს სავალი გზები,
და ჯოჯოხეთი სწორედ იქაა სადაც აიბნა სამყაროს წესი.
სად მახსოვრობა სამყაროს გონის დაკარგული აქვთ ადამიანებს,
სად გამოცანა კაცთა მოდგმისა თითეულს ცალკე რომ ახმოვანებს.
კაცად რომ ვიყავ არ მახსოვს ის დრო, რა ცოდვა მქონდა ისიც არ ვიცი,
ვიცი ის მხოლოდ, რომ კაცთა სივრცე ერთადერთია ვისაც არ ახსოვს.
ტირილით კვნესით რომ იბადება, მაშინ კაცს ახსოვს ჯერ კიდევ წესი.
სულ ცოტა ხანში თვალს რომ გაახელს, აელვარდება სიჭრელე ფერთა,
ისევ და ისევ განმეორდება სამყაროს ნგრევა, დაკარგვა წესთა.
მხოლოდ ერთეულთ ათასწლეულში, თავს გაახსენებს ძველი ამბავი
და თავად შიგნით ამ ზეკაცებში კვლავაც ზეიმობს კანონი მთელის.
მსწრაფლ გაიხსენებს რა გზა უვლია არად ყოფნიდან კაცის სულამდე
და ამ მისტიურ ამბის მოყოლას შეეწირება თავად ბოლომდე.
და ისევ ჯვართცმა, ისევ გოლგოთა,
ქვითინებს მოსთქვამს მთელი სამყარო,
ჩემი ცრემლებიც გოლგოთისაა, ვიცი რომ ისევ უნდა დავღვარო.
სულ ცოტა ხანში დამავიწყდება მარადისობა ტრიალებს რაზეც,
ეჭვი გაჩნდება , წესი გაქრება, რწმენა, არრწმენა, განსჯები ცაზე.
ყოფნა-არყოფნა ტვინს გადამირევს, გონით ვისურვებ სამყაროს ცნობას,
დავკარგავ გზა-კვალს სხვა სივრცეების და ვეღარ შევძლებ მასთან საუბარს.
piątek, 3 kwietnia 2009
Subskrybuj:
Komentarze do posta (Atom)
Brak komentarzy:
Prześlij komentarz