niedziela, 9 stycznia 2011

თეფშზედ ჩამოღვრილი ფერთა ფანტაზია ...

აკრილის სპეციალური საღებავებით მოხატული Luminarc-ის თეფში ...

სამწუხაროდ მობილურით გადაღებული ეს ფოტოები ორიგინალის აჩრდილია მხოლოდ ... არასრულად გამდმოსცემენ როგორც კოლორისტიკას ასევე ფაქტურასაც, მაგრამ მაინც იყოს


wtorek, 26 października 2010

ქეთის patchwork









ნატალიასი იავნანა იყო და ეს კიდევ ქეთისაა

poniedziałek, 30 sierpnia 2010

სვიჩის მცველი ( SVITCH )

ეს ამბავი მაშინ მოხდა ახალ ბინაში რომ გადავედი.სახლიც ახალია და გორაზე დგას.მისამართს ვერ გეტყვით.არა, არ იფიქროთ განმარტოვებამ კაცთმოძულე გამხადა.ეს ასე არ არის. სტუმარი ჩემთვისაც ღვთისაა.საქმე იმაშია ,რომ ჩემს ახალ მისამართს ვერ იტყვი,ის უნდა მოყვე.სანამ მოყოლას დავიწყებდე მაინც წინასწარ ვამზადებ მსმენელს, ვეუბნები -ძალიან გრძელია-და მერე ვიწყებ.როგორც წესი რეაქცია ყველა შემთხვევაში ცალსახაა და არ მახსოვს შემთხვევა ვინმე გულგრილი დარჩენილიყო.აი გამოხატვის რა მოგახსენოთ, ეს უკვე მსმენელის ვეგეტატიური ნერვული დაბოლოებების სიმტკიცეზეა დამოკიდებული.ამასწინათ Georgian water and power-ის ერთერთ ოფისში ანუ მდაბიურად რომ ვთქვათ-წყალკანალში მისამართი მკითხა ოპერატორმა ქალბატონმა, დიდხანს წერდა, შიგადაშიგ მეკითხებოდა მერე, მერე როგორ არისო, ბოლოს გამწარდა და, პირდაპირ მომახალა -ეს ქალბატონო მისამართია თუ თქმულება? რაღაც გეშლებათ,თქვენ არ იცით ალბათ საკუთარი მისამართი, თორემ ასეთი რამ წარმოუდგენელიაო. მოკლედ, ვერა ხარ ჯანზეო.

მე ვიზიარებ თელასის,წყალკანალის,დასუფთავების და ყაზტრანსგაზის( საბუთების გადაფორმებასთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი ამ დაწესებულებებში) ადამინისტრაციის წარმომადგენელი ქალბატონების აღშფოთებას  და მთელი  ჩემი არსით ვუერთდები მათ.ხომ აქვთ ადამიანებს ისეთი მისამართები, რომლის წარმოთქმისას არც თვითონ წვალობენ და არც სხვას აწვალებენ და ბოლოს დაბოლოს ეამაყებათ კიდეც მისი წარმოთქმა ,მე რა დავაშავე ,რატომ უნდა ვიჭერდე თადარიგს , ვიდგე სახეზე ხელებაფარებული თავდაცვით პოზიციაში და შეშინებული ვყვებოდე სად ვცხოვრობ?!

მაინც ბევრი ვილაპარაკე მისამართზე და ჯანდაბას ვიტყვი. იწყება შალვა ნუცუბიძით და მთავრდება ინტენსიფიკაციით. შიგადაშიგ გაისმის პლატო, რაიონი, მიკრორაიონი, ქუჩა და ამ ქუჩის ინტენსიფიკაციის ქუჩასთან გადაკვეთა და ნომერი პირველი. მოკლედ ამ სახლის მობინადრეები გადაკვეთაში კი ვართ გაჩხერილები, მაგრამ პირველ ნომრად.

ქალაქის ცენტრსა და ზოგადად ცივილიზაციას იმდენად ვართ დაშორებული,რა მანძილიც  გახლავთ ისეთ ორ მცნებას შორის როგორიცაა შალვა ნუცუბიძე და ინტენსიფიკაცია.

ადამიანი მაინც ძალიან გულუბრყვილო არსებაა.რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, ისეთი მცნებები როგორიცაა ინტენსიფიკაცია, გოელრო, კომინტერნი, დნეპროჰესი და lll ინტერნაციონალი დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა. თურმე ნურას უკაცრავად.

ინტენსიფიკაციის რა მოგახსენოთ, მაგრამ ელექტროფიკაციასთან კი ნამდვილად არის დაკავშირებული ის ამბავი რისი მოყოლაც მინდა და ვერა და ვერ დავიწყე.

მოკლედ გადავბარგდი,მივლაგდ-მოვლაგდი  და ჩემი კვლევების გაგრძელება მსურდა ანუ ჩავმჯდარიყავი ჩვეულ რიტმში.ეს კი იმას ნიშნავს,რომ მე დღეში 5-6 საათი  ინტერნეტში ვიქექები საჭირო მასალის მოსაპოვებლად.

პირველი ორი დღე ყველაფერი ნორმალურად იყო და ვმუშაობდი ,ინტერნეტიც მუშაობდა ისე როგორც შეეფერება კავკასუსის 60 ლარიან პაკეტს.მერე დაიწყო უცნაურობები. ქსელი თვითნებობდა. გაითიშებოდა  და მერე გარკვეული დროის შემდეგ თავისით ჩაირთვებოდა.

იყო  დღეები როდესაც ინტერნეტი საერთოდ არ მუშაობდა. დღეს რომ ვამბობ , დროის იმ ინტერვალზე ვლაპარაკობ კომპიუტერი რომ მაქვს ჩართული ,ე.ი. დილის 10 სთ-დან ღამის დაახლოებით 1, 2, ზოგჯერ 3 საათამდე.

ყოველ გათიშვაზე ვუკავშირდებოდი კავკასუსის ოპერატორებს და ისინიც მპასუხობდნენ, რომ თქვენსს ხაზზე მცირე ტექნიკური შეფერხებაა, რომელიც მალე გამოსწორდებაო.

ქსელის ნორმალურ მუშაობას რომ არ დაადგა საშველი გადავწყვიტე გათიშვის ინტენსივობასა და ინტერვალებს შორის კანონზომიერება აღმომეჩინა.და თქვენ წარმოიდგინეთ აღმოვაჩინე კიდეც.

ინტერნეტი ყოველ დღე თავისი გრაფიკით მუშაობდა.ანუ იმისი თქმა მინდა რომ იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება  ქსელს ვიღაც, ყოველგვარი სპონტანური ხარვეზის გარეშე, გრაფიკით განსაზღვრულ დროს ,გამოთიშავდა და ასევე საჭირო დროს ჩართავდა.

კავკასუს ონლაინის ოპერატორი გოგონები ჩემს ერთი და იგივე  კითხვაზე -რა ხდება,რატომ არის გათიშულ?-ძალიან ზრდილობიანად და მომხმარებლისადმი უაღრესი პატივისცემით მპასუხობდნენ ერთი და იგივეს.-იცით მცირედი ტექნიკური შეფერხებაა თქვენს ხაზზე, რომელიც უმოკლეს დროში გამოსწორდება.

არასოდეს არ დაუჯეროთ ,როდესაც ასე გაბოლებენ.ახლა  მაქვს ეს გამოცდილება , მაშინ არ მქონდა.  ორი კვირა  გავწამდი.ბოლოს შეტევაზე გადავედი.

-მოგესალმებათ კავკასუს ონლაინი.თამუნა გისმეეეენთ.

-ქალბატონო თამუნა GELINK…..უკვე ორი კვირაა თითქმის არ მუშაობს.ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ რამოდენიმე საათი მქონდა ინტერნეტით სარგებლობის საშუალება, ამიხსენით რა ხდება?

-ერთი წუთით ქალბატონო.იცით მცირეოდენი შეფერხებაა და......

-ო,არააააა-გადავირიე მე-ორი კვირა ინტერნეტი გათიშული მაქვს და თქვენ ამას მცირეოდენ შეფერხებას ეძახით?დიდი შეფერხება რა იქნება სახლში რომ შემომივარდებით და კომპიუტერს ამიფეთქებთ?მე ხომ ვასრულებ ჩვენი თანამშრომლობის ყველა პუნქტს,ხომ ვიხდი გადასახადს,თქვენ რატომ არ მიწევთ იმის  შესაბამის მომსახურებას რაზეც შევთანხმდით და ა. შ. და ა.შ.-მივაყარე  მე და სიტყვის ჩაკვეხების საშუალება არ მივეცი ქალბატონ ოპერატორს.

-ქალბატონო ,ის დღეები რაც არ მოგეწოდებოდათ გამოიქვითება.

-უკაცრავად,მე ფული თქვენთვის შესანახად კი არ მომიბარებია,ინტერნეტი მჭირდება გესმით ჩემი.

-მოითმინეთ ერთი წუთით ტექნიკურ განყოფილებას დაგაკაშირებთ.

ყურმილზე ჩამოკიდებული ველოდები ტექნიკური  განყოფილებიდან გამოხმაურებას. რომელიც როგორც ჩანს ძალიან შორსაა და ამ ლოდინში ზარი მეთიშება.თავიდან ნომრის აკრეფის შემდეგ ყურმილში დამრაზმავი ხმით მაგთიფიქსის ვინმე დედაკაცი მახსენებს ,რომ ტელეფონი გათიშულია დავალიანების გამო.

ჰო,სულ დამავიწყდა ,აქ ხომ ჩვეულებრივი მამა-პაპური, აი რაღაცაზე რომ ხარ გამობმული და გამარჯობა ნახვამდის შუაში კიდევ შეგიძლია შენს თავს მისცე უფლება ორი სიტყვა თქვა,არ არსებობს.მიზეზთა ახსნა უნივერსალურია და იგი მოქნილად ერგება ყველა შესაძლო  შემთხვევას რომელიც კი შეიძლება  წარმოიდგინო და ისეთსაც რომ ვერ წარმოიდგენ.

-სახლი ახალი აშენებულია და....სახლია დამნაშავე და მისი ყველაზე დიდი დანაშაული ის არის რომ ახალია.

ჩავრბივარ ქვემოთ,რომ მაგთიფიქსზე თანხა გადავრიცხო და ყველაფერი თავიდან იწყება. ოპერატორები მრავლად არიან.ეკას,ქეთის ,თამთას,ლიკას და ა.შ.ყველას სათითაოდ უნდა აუხსნა,მერე სადღაც მიდიან.ისინი რომ წავლენ მერე სხვა დედაკაცი ჩნდება,რომელიც შემოსული ზარების მთვლელადაა მიჩენილი. თან ითვლის და თან აღფრთოვანებული მადლობას მიხდის ასეთი მოთმინებისათვის. მერე ესეც იკარგება გულისგამაწვრილებელი და მონოტონური მუსიკის ფონზე.

ბოლოს და ბოლოს დამადგა საშველი და ....

-ქალბატონო გავარკვიეთ გათიშვის მიზეზი.

-დიახ,დიახ.

-თქვენ ინტერნეტი არ მოგეწოდებათ აბესაძის გამო.

ახლა მთლად დავიბენი.ჯერ აბესაძე რაღაც UPS-ის მაგვარი აბრევიატურა -ABCZ-ე.ი.-ა-ბე- სა -ზედ  წარმოვიდგინე.....მართალია გაურკვეველი იყო  რატომ წარმოსთქვამდნენ ასე, მაგრამ იმ წუთას ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია, მგონია მეშველა თქო და ეიფორიულმა მდგომარეობამ საღად აღქმის უნარი დამაკარგვინა. მატრაკვეცობამ იმის თქმის საშუალებაც არ მომცა პირდაპირ მეკითხა ეს -ABCZ-რა იყო.მაგათ ვალაპარაკებდი ახლა-ამდენს ჩხუბობს, ერთ ამბავშია და გაგებაში არ ყოფილა  -ABCZ რა არისო.მაგას გაეთიშებოდა ქსელი, აბა რა მოუვიდოდაო.

-მადლობა ღმერთს ის მაინც გავარკვიეთ რისი ბრალია და ახლა რა უნდა ვქნათ?

-ახლა ქალბატონო  ზემოთ უნდა აბრძანდეთ მეშვიდე სართულზე.

-მერე?

-მერე იქ ეტყვით და ჩართავენ.

-ვის ვეტყვი,ვინ უნდა ჩართოს ეგ ABCZ-ი?

-ABCZ-ის შესახებ მე არაფერი არ ვიცი.-გაიკვირვა ოპერატორმა.

ახლა მთლად გადავირიე.

-რა თქმა უნდა არ გეცოდინება გენაცვალე ა-ბე- სა- ზეს გაიძახი  ეი-სი- ბი ზეტ-ის მაგივრად  და საიდან გეცოდინება.სწორად გამოთქვით და ყველა ყველაფერს გაიგებს.

ვიგრძენი ყურმილის მეორე მხარეს ცოტა ჩაფიქრდნენ. ვგრძნობდი ფიქრთა ფლუიდებს-იქნებ მართლა ABCZ-ა და მართალია ეს ქალი,მე კი აბესაძე აბესაძეს გავიძახიო. მაგრამ ეს მომენტალური ეჭვი იყო და უცებ გაქრა.

-აბესაძე ქალბატონო,აბესაძე?

-ქალბატონო ,მე იმ ინფორმაციას გაწვდით რაც მე მომაწოდეს. ეი-ბი- სი-ზეტ-ზე მე არაფერი არ ვიცი.

-აბა რა იცით?

-აბესაძეებზე ვიცი.

-თქვენ რა სულ გადაირიეთ?რაში მაინტერესებს მე ვიღაც აბესაძეები?

-ჰოდა თუ არ გაინტერესებთ არც გექნებათ ინტერნეტი.

რაო,რა ბრძანეთ?

-აბესაძეები თქვენი მეზობლები არიან ქალბატონო.-მიუხედავად პროფესიული თავშეკავებულობისა, ოპერატორ თამთას ხმაში აშკარად იგრძნობოდა გაღიზიანება.

-მერე ჩემს ინტერნეტს რა კავშირი უნდა ჰქონდეს ჩემს მეზობელ აბესაძესთან მე ჩემი GELINK -მაქვს, ჩემი 60 ლარიანი პაკეტი,ყველაფერი დამოუკიდებელი და რა შუაშია აბესაძეები. ამდენი წელია ინტერნეტთან მაქვს კავშირი და მსგავსი არაფერი გამიგია.

-მეზობლებთან კონტაქტი არა გაქვთ ქალბატონო?თქვენი მეზობელია ბაჩანა აბესაძე და ის ჩაგირთავთ ინტერნეტს.

-ქალბატონო თამთა,ვინ არის ბაჩანა?

-ქალბატონო ქეთი ის თიშავს თქვენს ინტერნეტს.

ჯერ ბოლომდე არ მესმოდა რა ხდებოდა ჩემს თავს,დიდხანს ვასკდებოდით ერთმანეთს, ამდენი ბაჩანა ,ბაჩანას ძახილში თავად სახელი დაპატარავდა ,დაკნინდა და ბეჩავთან დაკავშირდა .ბაჩანა აბესაძე, ეს ინტერნეტ ყაჩაღი,რომელიც თვალით არ მყავდა ნანახი და მის არსებობაზე წარმოდგენაც არ მქონდა ამ წუთას ჩემი დაუძინებელი მტერი იყო. მაგრამ ბაჩანაში არ იყო საქმე,აბესაძეები ჩემი მეზობლები ყოფილან ,ინტერნეტ პროვაიდერისაგან გავიგე,აი რა ძალა აქვს კავკასუს .მეზობლები სად გამექცეოდნენ ,მაგ საქმეს მოუვლიდი მეზობლურად. ახლა  ის იყო გასარკვევი,ვინ ჩაუგდო ხელში ამ აბესაძე ბაჩანას  ჩემი ინტერნეტის მართვის სადავეები.

-ახლა მომისმინეთ ყურადღებით თქვენ,თამთა არა?

-დიახ.

-თქვენ შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ?

-ვერ გავიგე რა რატომ?

-რატომ უნდა ვარკვიო მე საქმე აბესაძეებთან და რატომ უნდა ვთხოვდე მათ სამადლოდ ინტერნეტის ჩართვას,შეგიძლიათ გამაგებინოთ?

-იმიტომ,რომ მას შეუძლია ჩართოს და გამორთოს.

-ხოდა მაგას გეკითხებით,რატომ აქვს  იმ ბაჩანას ეს შესაძლებლობა,რომ როცა მოუნდება მაშინ ჩართოს და გამორთოს,ვინ მისცა ეს უფლება.და თუ თქვენ მიეცით მე რატომ არ შემიძლია ბაჩანას ინტერნეტის გამორთვა.თუნდაც სამაგიეროს გადახდის მიზნით.ეს სამართლიანია?

-მე ეგ არ ვიცი ქალბატონო,მე ის ვიცი მხოლოდ,რომ ერთადერთი ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია ამ წუთას ბაჩანაა.

გავმწარდი და ესეც უნდა გამემწარებინა.

-მომისმინე გენაცვალე,მე ისეთი მისამართი მაქვს იმის მოყოლას რომ ვიწყებ ხალხს ნორმალური არ ვგონივარ,ახლა თქვენ იმას მირჩევთ რომ მისამართის მოყოლას რომ მოვრჩები ხალხს ისიც მოუყვე,რომ წერილი იმიტომ დამიგვიანდა, ან რაიმეს გადმოგზავნა იმიტომ ვერ მოვახერხე, რომ ამ დროს ბაჩანას ჰქონდა ინტერნეტი გათიშულიო? რომელი საუკუნეა? ჩვენ მსოფლიო ელექტრონულ კავშირზე ვსაუბრობთ,თუ გუთნის ღირღიტაზე.

-რა გნებავთ ქალბატონო რა ღირღიტა,რა არის ღირღიტა?

-ღირღიტა რვილისთავის დასადები ფამფალაკის გოგორაა.-ასეა განმარტებული ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში.

-ვერ გავიგე რა გნებავთ ჩემგან რა ფამფალაკი?

-ფამფალაკი კი საბრუნავთ გასაყარია,ანუ ღერძი, მრუდხარა-ბარბაცა მექანიზმია ერთგვარი, რომელიც ფამფალებს.

-არაფერი არ მესმის ,რა გნებავთ ჩემგან.მე რაც მითხრეს და როგორც ამიხსნეს ის გადმოგეცით, მე ოპერატორი ვარ.

-არ გესმით არა ?არც მე არ მესმის რატომ უნდა ავიდე მეშვიდე სართულზე ბაჩანასთან. რატომ?

-თუ გნებავთ ტექნიკურ განყოფილებას დაგაკაშირებთ ისევ.

-არა გმადლობთ.-განწირულად წამოვიყვირე მე,რომ წარმოვიდგინე ის უაზრო მუსიკალური ფონი,მომხმარებლის მოთმინების ხოტბა და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გათიშული ზარი. მერე თავიდან დაკავშირების აუტანელი სურვილი და შუა სიტყვაზე ახლა უკვე მაგთიფიქსის დედაკაცის ყურში ტყვიასავით ნასროლი - ტელეფონი გათიშულია დავალიანების გამო. ყურმილი დავდე.

ახლა უნდა გამერკვია ვინ იყო ბაჩანა აბესაძე და როგორ მივსულიყავი მასთან.

მართალია კავკასუსის ოპერატორი ქალბატონი გაოცებას ვერ მალავდა თქვენი მეზობელია  და როგორ არ იცნობ აბესაძესო, მაგრამ მე მისთვის არ დამიწყია იმის ახსნა, რომ ორი კვირის გადმოსული ვარ ამ სახლში და ჯერ ყველა მეზობლის გაცნობა ვერ მოვასწარი. აბესაძეს შეიძლება არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი კარის მეზობლები გავიცანი კიდევაც და ძალიან სიმპათიურებიც არიან-თქო.

ჰოდა ახლა იმ ერთერთ სიმპათიურს მივადექი.

-ერთი გამაგებინე რუსიკო,ეს ბაჩანა აბესაძე ვინ არის?

-რა იყო ,ხომ მშვიდობაა?

-კი არაფერი,ჩემი ინტერნეტი ითიშება  სულ და მითხრეს აბესაძეები ჩაგირთავენო და რა ხდება ხომ არ იცი?

-ვიცი,როგორ არ ვიცი,ახლაც გამორთულია.ბაჩანა პატარა ბიჭია ,მამამისს გიზო ჰქვია.ბაჩანა არ თიშავს მაგას ,ბებიამისი თიშავს მგონი,მოკლედ არ ვიცი.ადი მერე შენც და ჩაართვევინე.

-ე.ი.პრობლემა აქ არის ჩვენთან.

-კი,ადი და რომ ეტყვი ჩაგირთავს.

-ხო მაგრამ რას თიშავს ეს ბებია ?რა არის ის რასაც თიშავს ეს მაინტერესებს?და ეს ბებია ნამდვილი ბებიაა თუ რამე მოწყობილობაა ეგეც?ხომ არ იცი?რატომ ვართ მაგაზე დამოკიდებული?

-არა მაგდენი ნამდვილად არ ვიცი.-გაოცებულმა შემომხედა რუსიკომ.

მეზობელს მადლობა გადავუხადე ინფორმაციისათვის და ბებიის მოსანახულებლად მეშვიდე სართულზე ავედი.

დიდი ხანი ვრეკე,მერე ვაკაკუნე.ბოლოს წასვლას ვაპირებდი ,როცა კარებთან მოახლოებული სულიერის ნიშნები ვიგრძენი და ბოლოს ხმაც გავიგონე.

-რომელი ხარ?-ხმა სუსტი იყო მაგრამ მკაცრი.რომელიც ამბობდა,მართალია სახლში ჩემს მეტი არავინ არ არის ,მაგრამ ამან არ გაგათამამოთო.

-უკაცრავად ქალბატონო ,ინტერნეტია გათიშული და ხომ ვერ ჩამირთავთ.

-რას გიზამ?

-ეჰ, ქალბატონო  უკვე მიქენით-ჩავიბურტყუნე ჩემთვის-ინტერნეტის ჩართვა მინდა ინტერნეტის. - ხმა გავაძლიერე მე.

-ინტერნეტის?

-დიახ,ძალიან საჩქარო საქმე მაქვს და იქნებ ჩამირთოთ.

-არა,მაგას არ ჩავრთავ,მაგი მაშვინ ჩაირთობა როცა ბაჩანა მოვა.სხვა დროს გამორთულია. ახლა მაინც ვერ ჩაგირთავ უთო მაქვს შეერთებული,ვაუთავებ,არ შემიძლია.

მერე  გასაღები კარებში ნელა გადატრიალდა და ოდნავ გამოღებულ ღიობში ოთხმოცს კარგა გვარიანად გადაცილებული მოხუცის ცხვირი და ორი საოცრად ცოცხალი თვალი გამოჩნდა.

-ვინ ხარ შენ?

-ახალი მეზობელი ვარ თქვენი,ქვემოთ ვცხოვრობ,ინტერნეტი გაითიშა და მითხრეს თქვენ შეგიძლიათ ჩამირთოთ.ძალიან გთხოვთ,ძალიან მჭირდება.

-აპა პა,პა მაგი არ იქნება-ხელები გაასავსავა მოხუცმა.-ხომ გითხარი ვაუთავებ. ბაჩანას მოსვლამდე ეგ გამორთული იქნება.მე მაგისი მარტო გამორთვა ვიცი.ჩართვით ბაჩანა თვითონ ჩართავს როცა მოვა.

-მაჩვენეთ სად არის და მე ჩავრთავ?ის მაინც მაჩვენეთ რას თიშავთ?

-არა ბატონო,შენ ბაჩანას კომპიუტერთან რა საქმე გაქვს.შენ წადი შენს სახლში და იქ ჩართე რაც გინდა.

-ქალბატონო საქმეც იმაშია...

-მომისმინე ,შენ და ბაჩანას საზიაროდ ხომ არ გიყიდიათ ეს კომპიუტერი?წადი და შენი გინდა ჩართე და გინდა გამორთე.ბაჩანა თავისას როცა მოვა მაშინ ჩართავს.

-კეთილი,რა გაეწყობა,კარგად ბრძანდებოდეთ-საუბარს აზრი არ ჰქონდა და თან ვგრძნობდი თანდათან ვდუღდებოდი.კიბეებზე ჩასულს ბაქანზე გამოსულმა მოხუცმა მომაძახა:

-გესმის!იმას გეტყვი თუ გინდა რა დროს აქვს ბაჩანას ჩართული,თუ ძალიან გჭირდება და მაინცდამაინც ასე ხართ გადაფსკვნილები ერთმანეთს.

-გმადლობთ,გმადლობთ ქალბატონო.გრაფიკი ვიცი.

მიზეზი თანდათანობით იკვეთებოდა.ყოველშემთხვევაში ის მაინც გავარკვიე რომ აბესაძეების უთოზე ვარ შეერთებული და ისიც რომ აბესაძე ABCZ-ი კი არა უბრალოდ აბესაძეა, თან ჩემი მეზობელი.ახლა მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი რა დგას აბესაძეებთან და რატომ ვარ მე მასზე დამოკიდებული.

საღამოს ბაჩანა 11 საათზე მოვიდა სახლში და ნახევარი საათით ჩაირთო ინტერნეტი.მერე ისევ გამოირთო ეტყობა დასაძინებლად წავიდა.

იმ დღეებში ჩემთან ხელოსნები მუშაობდნენ და სახლიდან გასვლას ვერ ვახერხებდი,ამიტომ ვცდილობდი ტელეფონით მომეგვარებინა საქმე. რადგან საშველი არ დამადგა გადავწყვიტე თავად მივსულიყავი კავკასუსის ოფისში და იქ გამერკვია ყველაფერი.

ის იყო მოვემზადე წასასვლელად, რომ კარზე დააკაკუნეს. კარები გავაღე, ჩემს წინ ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი იდგა.

-გამარჯობათ ქალბატონი ჩვენ კავკასუს ონლაინიდან ვართ,შეიძლება.

-მობრძანდით.

-შეიძლება დავათვალიეროთ თქვენი გაყვანილობა.

დაათვალიერეს, ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს და ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს.

-შეგიძლიათ მოგვიყვეთ,რა ხდება,ჩვენ თვითონ გვაინტერესებს.

მე გადავხედე საზოგადოებას ,მესიმპატიურა და ლაპარაკის საღერღელი ამეშალა,თანაც მივხვდი, რომ მე უფრო მეტი ვიცოდი,ჩემს პრობლემასთან დაკავშირებით ვიდრე ამ ოთხმა.

-კი ბატონო,თქვენ დაბრძანდით.მე კი შევეცდები სამყაროს შექმნიდან არ დავიწყო, პირდაპირ ცოდვის დებაზე გადავალ.

-გისმენთ,გისმენთ.

საქმე იცით რაშია,მე ხომ სათამაშოდ,გასართობად  არ მინდა ინტერნეტი.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვმუშაობ,მჭირდება უამრავი დოკუმენტი,მასალა.ინტერნეტში ინფორმაცია ძალიან ბევრია და ბევრი რამის მოპოვება შეიძლება,მაგრამ პირადად ჩემთვის უმეტესი მათგანი წყალია.ანუ დიდი ღირებულება არ ააქვს ინფორმაციის თვალსაზრისით. მართლა მნიშვნელოვანი ძალიან იშვიათია, მაგრამ ხდება სასწაულებიც,გაგიმართლებას, მიაგნებ  და ბედმიერი ხარ მაშინ.

აი, მაგალითად ასეთი შემთხვევა.მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნა სახელწოდებით-ბალფურის დეკლარაცია.ეს ის დოკუმენტია რომლის გაფორმებამ მეოცე საუკუნის ისტორია და ჩვენი დღევანდელობა ისეთად რომ აქცია როგორიც დღესაა. ბალფურის დეკლარაცია არ არის პრობლემა,ამას ყველა მოძებნის თუ საერთოდ ასეთი  რამ დასჭირდა. ბალფური დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დოკუმენტი კი ებრაელებს უფლებას აძლევდა პალესტინაში თავიანთი დასახლებები შეექმნათ. ამ პროცესში და კიდევ მრავალ სხვა მნიშვნელოვან პროცესში  მონაწილეობდა ხაიმ ვაისმანიც. საკმაოდ ცნობილი პიროვნება გარკვეულ წრეებში.რამოდენიმე ავტორთან, რომლებიც ალტერნატიულ ისტორიას წერენ და შეძლებისდაგვარად ცდილობენ ახსნან მეოცე საუკუნის პარადოქსი, ისინი მიუთითებენ რაღაც საიდუმლო შეთანხმებაზე ამ, ზემოთმოხსენიებულ ორ ბატონს  შორის.რომ თითქოს არსებობს  არა მხოლოდ ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტი,არამედ საიდუმლო შეთანხმება.

ახლა წარმოიდგინეთ რომ ამ მსოფლიო ქსელის ლაბირინთებში დაძვრები,ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკაში გადადიხარ, ეძებ,თვეების განმავლობაში.ერთი ბიბლიოთეკის რომელიღაც წიგნის სქოლიოში პოულობ რაღაცას ხელმოსაჭიდს,მერე იქედან გადადიხარ მეორეში იქედან გეხსნება შენთვის საერთოდ მანამდე უცნობი მასალები .იმ მასალებში ირკვევა ახალი მისამართები ,ასე დაეხეტები , უკვე აღარც გახსოვს საიდან სად გადახვედი ,როგორ აღმოჩნდი იქ სადაც ხარ და უცებ პოულობ იმას რაც გინდა . სიხარულისაგან კი არ ხტი, გაოგნებული ხარ,მოჯადოებული და სულმოუთქმელად იწყებ კითხვას.გავიწყდება მისამართის დაფავორიტება,რადგან შიში  არა გაქვს,ინტერნეტი ნორმალურად მუშაობს და უცებ .... გაითიშა,ინტერნეტი გაითიშა.

გესმით ეს რას ნიშნავს?ეს ნიშნავს იმას,რომ მე თავიდან უნდა დავიწყო ძებნა,რადგან ის დოკუმენტი რომელიც მე ვიპოვე ისეთ ფანჯარაში გაიხსნა ,რომელსაც არც წინა გვერდი აქვს და არც შემდეგი. ეს იყო ბედნიერი შემთხვევა და ეს შანსი მე  ვერ გამოვიყენე,რადგან ამ დროს ბაჩანას ბებიამ ჩართო უთო.

-რა უთო ქალბატონო.

-ჩვეულებრივი უთო,რითაც აუთოვებენ.

კომპიუტერშიკებს სიცილი აუვარდათ. მერე ჩაფიქრდნენ. სიჩუმე ჩამოვარდა.

-მერე იპოვეთ?-სიჩუმე დაარღვია ერთერთმა.

-რა?

-დოკუმენტი,რომელსაც ეძებდით.

-ვიპოვე,მაგრამ ამ ორი კვირის განმავლობაში რამდენ ისეთს ვიპოვიდი ძალიან რომ მჭირდება და ჯერ ვერ მიპოვია.

-ერთ კითხვაზე მიპასუხეთ თქვენ მაინც,ორი კვირაა ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს და ვერავინ ვერ გამცა.რატომ უნდა ვიყო მე,რომელსაც ჩემი მაქვს ყველაფერი,არავიზე დამოკიდებული არა ვარ ,რადგან ვუხდი ფულს თქვენს კომპანიას ,იმისათვის რომ მქონდეს უწყვეტი ინტერნეტ  მომსახურება, შეერთებული ვინმე ბაჩანა აბესაძის ბებიის უთოზე. უფრო მეტიც,როცა ვკითხულობ,რატომ არის გამორთული ქსელი მპასუხობენ,რომ აბესაძეებს აქვთ გამორთული და მე უნდა ავბრძანდე და მათ ვთხოვო ჩართვა.მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის ,რომ რაც ხდება არავის უკვირს. ნორმალურად მიაჩნიათ,რომ მე ასეთი ფორმით უნდა მოვიპოვო ქსელით სარგებლობის უფლება.

კომისიის წევრები რომლებიც საკითხის შესასწავლად იყვნენ გამოგზავნილები ერთმანეთს გაკვირვებით უყურებდნენ .ვერაფერი ვერ გაიგეს.

-აუ,რას თიშავენ,აზრზე ხართ?-ერთმანეთს ეკითხებოდნენ ”კომპიუტერშიკები”.

აზრზე არავინ არ იყო და არც იმის ნიშნები ჩანდა რომ მალე მოვიდოდნენ. მაგრამ დაინტერესებით კი მაგრად დაინტერესდნენ.

-და უთო რა შუაშია ქალბატონო?

-ვერ ჩაგირთავ უთო მაქვს შეერთებულიო ასე მითხრა ბაჩანას ბებიამ.

-ვერაფერი ვერ გავიგე?-განსაკუთრებით ღელავდა ერთი იმ ოთხიდან,აი ის დოკუმენტის ბედით რომ დაინტერესდა.

დანარჩენები  თავისდაუნებურად ისეთ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ, ვიგრძენი პროფესიული კომპეტენციის ხელყოფად აღიქვამდნენ ჩემს ყოველ სიტყვას.

მერე წავიდნენ და დამიბგარეს:

-ქალბატონო !თუ რაიმე მისტიურ ძალებთან არ არის დაკავშირებული,აუცილებლად გავარკვევთ და გაგაგებინებთ.თქვენ კი არა ჩვენ თვითონ გვაინტერესებს რა ხდება.

კარგად ბრძანდებოდეთ მაგის გარკვევამდე, რომ გავარკვევთ და თქვენი ინტერნეტი შეუფერხებლად ამუშავდება, მერე ხომ კარგად იქნებით და კარგადო.

ამ ინტერესის შედეგი იყო ის, რომ მეორე დილას უცნობმა მამაკაცმა დარეკა .

-ქალბატონო ქეთი,თქვენ თუ სახლში იქნებით,ჩვენ დღესვე მოვაგვარეთ ამ საკითს.

აი მაშინ პირველად გაისმა იმის სახელი.

-ეს სვიჩია ,სვიჩი!

-იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნათ.

-საქმე იმაშია ,რომ როდესაც ეს სახლი ჩაბარდა ჩვენ თელასსთან კონტრაქტი  არ გაგვიფორმებია.ყველას შესახლებას ველოდებოდით.პირველი ვინც ამ სახლში შესახლდა აბესაძეები იყვნენ,ამიტომ ელექტროენერგიას გამანაწილებელი აბესაძეების ერთერთი შტეპსელიდან იღებდა და მათივე მრიცხველზე აისახებოდა,რასაკვირველია გარკვეული შეღავათით. საკმარისია იმან ვისთანაც ეს გაყვანილობაა გამორთოს ის დენის წყაროდან, რომ მთელს სახლს ინტერნეტით მომსახურეობა შეუწყდება.არ ვიცი რამდენად გასაგებად აგიხსენით მაგრამ ასეა.ეს სვიჩი არ წერს ბევრს დაახლოებით 5 ლარამდე თვეში.მე ვატყობ თქვენ ყველაზე მეტად ხართ ინტერნეტის მუშაობით დაინტერესებული.ჩვენ შეგვიძლია თუ თქვენი თანხმობა იქნება თქვენთან შევაერთოთ,უბრალოდ სახლში ერთი შტეპსელი მუდამ დაკავებული გექნებათ.სამაგიეროდ ქსელი შეუფერხებლად იმუშავებს და არც მეზობლის უთო შეგიშლით ხელს.თქვენს გარდა ვერავინ გამორთავს და შესაბამისად შეფერხება არ გექნებათ.

-გადასარევია.კი მაგრამ ასეთი მასშტაბის ორგანიზაციას ხუთი ლარის გადახდა გიჭირთ თუ რაშია საქმე,რატომ არ აფორმებთ ხელშეკრულებას თელასთან?სახლში ყველა შესახლებულია და ამაზე მეტი მომხმარებელი აქ  ხომ არ გეყოლებათ?

-დიახ,დიახ ,ერთი ორი სამი თვე და ეს საკითხი მოგვარდება.

-ერთი ეს გამაგებინეთ თქვენს გარდა ეს არავინ არ იცის რომ სვიჩის ბრალი იყო ყველაფერი. იყვნენ მოსულები და ვერაფერი ვერ გაიგეს.

-ისინი ქალბატონო კომპიუტერშიკები არიან ჩვენ ელექტრიკოსები.რა იციან მაგათმა სად რა არის შეერთებული.

-ჰო,როგორც ეტყობა ასეა,კომპიუტერშიკი მაგას ვერ მიხვდება თუ ძალიან თავაშვებული ფანტაზია არ გააჩნია.ამის მიხვედრას თქვენნაირი ელექტრიკოსი სჭირდება.

-მოკლედ გადავწყვიტეთ და თქვენთან შევაერთებთ ხომ?

-დიახ,დიახ ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.

-ერთი ორი თქვე ქალბატონო და მერე აღარ შეგაწუხებთ.

საოცარი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემდამი რწმუნებულ შტეპსელს  დღეში რამოდენიმეჯერ ვამოწმებ, ხომ კარგადაა შეერთებული,ოდნავ ხომ არ შესუსტებულა კავშირი. მშვიდად იყავი კავკასუსო და თქვენც მეზობლებო! თქვენი კავშირი უწყვეტი და მტკიცეა, რადგან ახლა მე  ვდარაჯობ მას.ავოეეეეეეე ინტერნეტს არავინ გამითიშავს.ავოეეეე სვიჩის მცველი ვარ, მცველიიიიიიი!

piątek, 10 kwietnia 2009

პეგასი

მახსოვს პატარა ვმეგობრობდი მფრინავ პეგასთან,
ის მასწავლიდა ცაში ფრენას ლაჟვარდის ფრთებით.
მეც დავფრინავდი თეთრი რაშით სიზმარში ცაში
და ვივსებოდი უსაზღვრობის შეგრძნებით მაშინ.

ერთხელ, როდესაც წვივნი დაძაბა, წამოიწია,
ნახტომის რკალმა გაარღვია სივრცის ზეკარი,
სურვილის ნებამ გადალახა ნდომის საზღვარი
და ფრთების ფერმა ზეცის სივრცე ლურჯად დასერა.

ჩამჩურჩულებდა ერთად დავრჩეთ, მუდამ, ზეცაში,
ფრენის სურვილი შენში მუდამ ლურჯად ელავდეს,
რომ სულის სივრცე უსაზღვრო და თავისუფალი,
მუდამ ცისაკენ, ლაჟვარდისაკენ მიისწრაფოდეს.

არ დაიღალო. მეძებე ყველგან და ყველაფერში,
მიწაში, ცაში, ცეცხლის ალში, ქარში, წვიმაში!
და თუ გაგწირა არ დაგინდო სრულყოფილებამ,
თავად გაჯერდი და გაზავდი სრულქმნილებაში!

და როცა გონი აინთება აზრის სიშმაგით
სული კი ისევ აივსება სილურჯით ფერთა,
სმენას გაგიპობს მრისხანება ჩემი ჭიხვინის
და გადაჯეგავს სივრცეს სიშლეგე მკერდსაკრულ წვივთა.
2002, აპრილი

sobota, 4 kwietnia 2009

ო, რა დარდია უკიდეგანო

 *     *     *
თუ ავბუნტდები და მომინდება,
იქ დაგამსხვრიო სადაც შეგწვდები,
ვიცი ამბოხი დარდად მექცევა,
როცა ჩემს სურვილს აზრით შევწვდები.
და სინანული ამავსებს სევდით,
რაღაც ჩამწყდება და ავტირდები,
მაშინ მივხვდები, შენშია რაც მწამს
და დასანგრევად არ მემეტები.

  *     *     *
ო, რა დარდია უკიდეგანო
ხეთა ფოთოლთა ყვითლად ფენაში,
ცეცხლის კრთომაში, ბოლის სურნელში
და მოთიბული მწვანის კვდომაში.
ო, რა სევდაა უკიდებანო
ხეთა ხმობაში, მთათა დგომაში,
სადღაც შორს მამლის დაყივლებაში.
გათენებაში, დაღამებაში.
ო, რა დარდია უკიდეგანო
ბავშვის ტირილში, კაცის დუმილში,
კაცად ყოფნაში და არ ყოფნაში,
გახსენებაში ,მონატრებაში.
ო, რა დარდია უკიდეგანო
ვერ შეძლებაში და ვერ შეცვლაში,
ო, რა დარდია უკიდეგანო
მარადისობის გაელვებაში.
19.06.2000