piątek, 27 marca 2009

ვახ ვახო! ვახ ვახო! ჩემი თოფის ჩახმახო ...

ვახ ვახო, ვახ ვახო ჩემი თოფის ჩახმახო ... 
გეშინოდეს იხვების მონადირევ ახმახო!


საცხრააპრილოდ თბილისი გუდიანი კაცებით გაივსო .
-რა უდევთ გუდაში?
-იარაღი უდევთ,იარაღი.ნაირ-ნაირი,ისეთი მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ ძილში რომ შეიძლება ნახო .თან ისეთი მაგიური ძალა აქვს იმ იარაღს, ხელში აიღებ თუ არა იმ წამსვე, თვალის დახამხამებაში, წინასწარი დაპატიმრების საკანში აღმოჩნდები და მერე ვერ გიშველის ერთი ბესელია კი არა,მთელი ბესელიობა რაც დედამიწის ზურგზეა და ყველა ადვოკატად რომ გადაიქცეს.

მაგრამ იარაღი აქვთ?! იარაღი აქვთ?! იარაღის უნახავს გაგხდიან.

АКС-У , UZ-იო,სტეჩკინიო და რა ვიცი კიდევ რანაირი. აბა ახლა პისტოლეტებს და რევოლვერებს არ იკითხავ-ნაგანი, ბრაუნინგი, ბერეტა და ათასნაირი სხვა, სულ აცმული დააქვთ თურმე. მერე მაღაზიაში ერთ ცალს რომ ყიდულობ, იმის ნახევარ ფასში გაძლევს კონას, ანუ კონაში ათი ცალია.

რომ დაინახავ ასეთ გუდიან კაცს, ის აუცილებლად გაგიღიმებს, მერე თვალს ჩაგიკრავს.

აქ მოდი -СТАДИОН , СТАДИОН - პაროლია ასეთი ...შენც გახსნი გუდას და მერე გეტყვის რომ გადასაყრელი აქვს იარაღი, მაგრამ მთლად ისე არაა რომ გადაყრა უნდოდეს,ამიტომ $5000-იანს $500-ად მოგყიდის, თანაც ისეთს შენ რომ ვერასდოს იშოვი და მარტო მთავრობას, რომ შეუძლია შემოიტანოს, გაიგე?

მოდი და ნუ აიშლები კაცი... შეგიჩდება ეშმაკი თუ ძალიან არ გაბაჯიჯგდები შვინდა მოზვერივით.

დიდი ხაფანგია დაგებული და შიგ სხვადასხვა სახის ავტომატური იარაღია ყველის მაგივრად ან ძეხვის, რა ვიცი ვის რა მოგწონთ.

მოკლედ- ვახ ვახო,ვახ ვახო! მე გაგაფრთხილეთ ახმახო მონადირენო.

ახლა გავაგრძელებ მერე რა შეიძლება მოხდეს.

მერე თუ გაგიწყრათ ღმერთი, მთავრობის ოპოზიციაში ხართ ან თუ მთლად დაიღუპეთ და რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ბრძანდებით და ამის გამო ზურგი იგრძენით, თავზე ხელი აიღეთ და მთლად გაკუნტრუშდით, ანუ დაბოლილი ხართ, ან რაიმე სხვა ბანგის ზემოქმედების ქვეშ და ამის გამო იარაღის დანახვისას საერთოდ აგერიათ რამსები, საკუთარ მდგომარეობას კიდევ უფრო ნუ დაამძიმებთ, თავს კონტროლი გაუწიეთ. რომც მოგინდეთ ფოსტა-ტელეგრაფის, ანძის, რკინიგზის სადგურის ბლოკირება - მაინც წითელარმიულ ფილმებზე ხართ გაზრდილები - და ბოლოს და ბოლოს პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციის აღება, დაფიქრდით. ჯერ საკუთარ თავი შეათვალიერეთ და მერე მომწოდებელი, თორემ თქვენი ” ბრუსილოვის გარღვევის” დაგეგმვის, მისი გრანდიოზულობით დატყვევებულმა, შეიძლება ვერ შეამჩნიოთ, ნიფხავჩახდილ და ყვერების ფხანის მდგომარეობაში გაცხადებულმა ამ თქვენმა ტიტანურმა ნაბოდვარმა, რომ აზრი დაკარგოს და მსმენელმა და მნახველმა სათანადოდ ვერც კი შეაფასოს იგი.

ესე იგი იმის თქმა მინდა, რომ სანამ ასი ათას კაცს ასეულებად დაყოფთ, მერე იმას ათეულებად თუ ოცეულებად და იმ მარშრუტკით გადასხამთ დესანტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც იარაღის მომწოდებელი გთავაზობთ, დაფიქრდი, კაცო, გეყოფა ეს ერთი და ისიც ვიღაც ბარიგას ძმაკაცის მარშრუტკა? უარი რომ თქვას იმ ძმაკაცმა რას შვები მერე? ეს ასი ათასი, კბილებამდე შეიარაღებული კაცი სად მიგყავს ?
-ჰოოო?!
-აბა რას გეუბნები?
-ჯერ დაფიქრდი,ზარბაზნებს, ბეტეერებს და გრადებს რომ ითხოვ. ჯერ ნიფხავი აიწიე, აზრზე მოდი და მერე დაგეგმე დიდი სამხედრო ოპერაციები, სხვას კი არაფერს გეუბნები. თორემ ისე იქცევი ვერ გაიგებს კაცი მტერი ხარ თუ მოყვარე თუ უბრალოდ იდიოტი.

ახლა იმაზეც იფიქრე ეგ შენი ბარიგა ასე რომ ფანტავს ამ იარაღს და ჩალის ფასად ყიდის სრულ ჭკუაზეა ?ან საიდან მოიტანა? ვინ მისცა? არ გაინტერესებს?

თუ ორ იდიოტს და მესამეს თქვენ რომ ასე დაგარიგათ ჩვენც იდიოტები ვგონივართ?

-ჰა, მითხარი როგორ არის თქვენი საქმე? ვახ ვახოოოო!
-ა, ოპერ მუშაკებო, ან ისე მოიტყუეთ, რომ ვერ მიხვდეს კაციშვილი რას გვიპირებთ ან შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ.
მართლაც რომ ვახ ვახო!
გამოვლენის აგენტებო, თქვე ძალად გამომძიებლებო, გშიათ და იმიტომ ხართ აგენტები?

აი იმ იურიდიული განათლების მურთაზას მინდა უთხრა, გუშინ ერთი SMS-ის გამომგზავნი, რომ ეხვეწებოდა აქუბარდიას, მურთაზას ღრმა აზროვნებით ჭკუიდან გადასული:

-ტუფლი არ გაცვია? ერთი გაიხადე და ესროლეო მაგასო.
ხოდა სანამ ტუფლის სროლის ჭკუაზე არიან მანამ გაჩერდით თქვე ყველა მურთაზებო და მურთუზულებო, თორემ მართლა თუ დაიწყო სხვა რაღაცეების სროლა, გარწმუნებთ თქვენს, ფხანით ტრაკდაწითლებულ გამოვლენის თუ გავლენის აგენტებთან არ მოვლენ იარაღის შესაძენად. სანამ მაჯლაფუნა გონიხართ მანამ წადით.
მაგრამ თქვენ რომ წახვიდეთ ვინ უნდა მოვიდეს?

უიმე, დედა, გასკდა ტვინი.

ახლა რაც შეეხება გამოვლენას.

გამოვლენა შეიძლება იმის რას რეალურად ხდება და წაასწრებ მამაძაღლობას, ანუ ფაქტზე დაიჭერ. ხოლო ის რასაც თქვენ ახორციელებთ, თქვენი მოკლე ჭკუით, არის დანაშაულის პროვოცირება. და იგი ორმაგი დანაშაულია. და დანაშაული არა რომელიმე კერძო პირის მიერ ჩადენილი, არამედ ჩადენილი სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ.

-რატომო მკითხავთ, ხომ ვიცი, სახეზე გაწერიათ და ვერ იგებთ. ბატონო კუბლაშვილო, ვიცი გუშინ თქვენც არ გესმოდათ ეს მაესტროს ეთერში:

-ვერ გავიგე რა არის ამაში გაუგებარიო-

გიხსნი.

ქვეყანაში სიკვდილით დასჯა იმიტომ კი არ უნდა იყოს აკრძალული, რომ შეიძლება გაგეპაროს და უდანაშაულო ადამიანი აღმოჩნდეს ელექტრო სკამზე, ან სახრჩობელაზე, იმიტომ რომ ქვეყანაში ჯალათი არ არსებობდეს. კაცი, რომლის პროფესია ადამიანის მოკვდინებაა. ესეც ხომ უნდა გააკეთოს ვინმემ, თუ ამ ქვეყნის ხალხი სიკვდილით დასჯას ითხოვს. აი, ამიტომაც, რომ ადამიანი ასეთი საქმისთვის არ გაიწიროს, ქართველებმა უარი თქვეს სიკვდილით დასჯაზე. ეს დემოკრატიის მონაპოვარი კი არ არის, ეს ერის ბუნებაა, რადგან მან ეს რვა საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა.
ეს თქვენ ისე საფიქრელად ... რაც გაგიკეთებიათ, ეს წლები, რომ გაიხსენოთ.
დღეს რას აკეთებთ?
თუ ღვთის მადლით ვერ გამოავლინეთ იარაღის მართლა მყიდველ - გამყიდველი, პროვოკაციას უწყობთ ადამიანებს? და მერე ამას სახალხოდ აპიარებთ?
არ მაინტერესებს იურიდიული მხარე, რადგან კანონიც და კანონიერებაც ისეთია რა სამართალიც აქვს სახელმწიფის. სამართალი სამართლიანობას არ ნიშნავს ყოველთვის, რადგან თავისი შ;ესაფერისი სამართალი ხამურაბისაც ჰქონდა და აშურბანიპალსაც, ტყავს, რომ აძრობდა კაცს და მერე ქონგურებზე რომ გადმოფენდა.

ასეთი სამართლის სახელმწიფოში, რომ არ უნდა ცხოვრება, ყველა ადამიანური ქვენა გრძნობის გამოჭენებაში, რომ გდებთ ბრალს ეს ვერ გაგიგიათ თქვენ. და ეს თქვენი ბოლო და ალბათ არა უკანასკნელი გმირობაც ამ ქვენა გრძნობის წაქეზება რომ არის ნუთუ არ გესმით?


დადიხართ გუდამოკიდებულები და აქეზებთ დანაშაულზე ადამიანებს?
ნახე, რეები მიწყვია ამ ტომარაში.
არ გინდა იყიდოო?
თან რა იაფად ვყიდიო?
იფ, იფ, რა იარაღიაო ..

თუ იქნებ მყიდველიც შენია და გამყიდველიც, ბატონო ვანო?

ერთი ნარკომანს ვიცნობდი. გადაწყვიტა არ გაკარებოდა ამ საქმეს. იმკურნალა, საოცარი ნებისყოფას გამოავლინა არავინ რომ არ ელოდა, კაცს დაემსგავსა. იჯდა ერთხელ ჩემთან. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ის ტელევიზორში ფილმს უყურებდა. რამოდენიმეჯერ გადართო სხვადასხვა არხზე. ტელევიზორი კი არ ცხრებოდდა - КОКАИН, ГЕРОИН, КОКАИН, ГЕРОИН - ბოლოს ადგა, წავედი მეო და დააყოლა: სიმღერა რომ არ გინდოდეს ძალით აგამღერებენო და წავიდა ...

თქვენც ხომ ასე ძალით არ გინდათ ვინმეს ამღერება?
ა, ბატონო ვანო?
და ქართველო პინკერტონებო და მეგრეებო?

ხო, იმას გიყვებოდით ვუყურე ბესელია - მურთაზას ფარიკაობას და სხვა არხზე გადავრთე, რადგან დაიხარჯა ქალბატონი ბესელია. დისპუტში მძიმე არტილერიაც ჩაერთო ბატონი სავანელის სახით: აბა ეს მუხლი და აბა ესო. ხან აქედან მიუყენეს და ხან იქედან. მურთაზა კი ამბობდა პატივს გცემთ ძალიან ქალბატონო ბესელიაო და თქვენი მიყენებული მუხლებისაც ძალიან ჭირიმეო, მაგრამ ... მოპაექრეთა ცნობიერების დონეზე კავკასიის ეთერში დაახლოების ვერავითარი პერსპექტივა ვერ გამოკვეთა. მომბეზრდა და სხვა არხზე გადავრთე.

იქ კი წეროები მიფრინავდნენ თბილ ქვეყნებში. სამი ყველაზე ძლიერი იდგა სამკუთხედის თავში. მეთაური აპობდა ჰაერს ძლიერი ფრთებით. მერე რაღაც ნიშანზე გვერდზე მდგომი ენაცვლებოდა დაღლილს, მერე ის მესამე დგებოდა წინამძღოლად და ასე მონაცვლეობით ყველაზე ძლიერი იქნევდა ფრთებს. ებრძოდა სტიქიას, რათა თავისი ჯიში და მოდგმა მიმართულებას არ აცდენოდა და მშვიდობიანად ჩაფრენილიყო დანიშნულების ადგილზე. ყველაზე ბოლოს, უკვე გაკვალულ გზაზე სუსტები მიფრინავდნენ. უჭირდათ ფრენა. ხაზსაც ვერ იცავდნენ, მაგრამ ცდილობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ის ვინც სათავეში დგას, ყველაზე ძლიერია, ყველაზე გონიერი და გამბედავია ამ ქვეყანაზე და ყველაფერს გააკეთებს, რომ მან და მისნაირებმა მშვიდობით მიაღწიონ სასურველ მიზანს...

ნეტავ ადამიანს რა უშლის წერომ რომ იცის, ბატმა რომ იცის,იხვმა რომ იცის ის რომ იცოდეს?!

ჰო და ვახ ვახო! ვახ ვახო! ჩემი თოფის ჩახმახო! გეშინოდეს იხვების, მონადირევ, ახმახო!

ქეთევან კიკალეიშვილი 
27.03.2009, თბილისი